"პროფესიული ნიშნით რომ ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, ტიკარაძე არა თუ დიდი ხნის გასათავისუფლებელი იყო, არამედ საერთოდ არ უნდა დაენიშნათ ჯანდაცვის მინისტრად, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე შეფასებით, ეკატერინე ტიკარაძე იმ თანამდებობას, რომელსაც იკავებდა, არანაირი პარამეტრით არ აკმაყოფილებდა.
ხუხაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდში საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შიდა ნდობას შეექმნა პრობლემა ან ვინმე ინტრიგის მსხვერპლი გახდა.
"სამწუხაროდ, ჩვენ ხელისუფლებაში არ მიიღება იმ სტანდარტით ასეთი გადაწყვეტილებები, რა სტანდარტიც სახელმწიფო მმართველობას უნდა ახასიათებდეს. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ხელისუფლებაში არც პროფესიული ნიშნით, არც პასუხისმგებლობის ნიშნით არ ხდება საკადრო გადაწყვეტილების მიღება. თუ შიდა ნდობას შეექმნა რამე პრობლემა ან ინტრიგის მსხვერპლი გახდა ვიღაც, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება.
ვერსიებზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ სახელმწიფოებრივად ამას რა მნიშვნელობა აქვს, ვის და ვის შორის რომელმა კატამ გაირბინა? მთავარი მანკიერება და მთავარი პრობლემა გახლავთ ზუსტად ის, რომ საკადრო გადაწყვეტილებები არ მიიღება კონკრეტული პასუხისმგებლობის ან პროფესიული შეუსაბამობის მიხედვით. ამ ტიპის გადაწყვეტილებები რომ მიიღებოდეს და პროფესიული ნიშნით, რომ ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, ტიკარაძე არა თუ დიდი ხნის გასათავისუფლებელი იყო, არამედ საერთოდ არ უნდა დაენიშნათ ჯანდაცვის მინისტრად“ , - განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მასსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შესაძლო დაპირისპირებას უკავშირებს. მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება პრემიერმა ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმა.
"საკმაოდ მძიმე ურთიერთობა იყო პრემიერსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის. ეს დაპირისპირება ბევრისთვის ცნობილი იყო. სავარაუდოდ, მათ შორის კონფლიქტი კოვიდ პასპორტთან დაკავშირებული საკითხის გამო დაიწყო. ალბათ, პირველ ეტაპზე, პრემიერმა მისი გადაყენება ვერ შეძლო, ხოლო ახლა უკვე ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ პრემიერმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და შეათანხმა იმასთან, ვინც საერთოდ მინისტრებს ნიშნავს. ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. ღარიბაშვილი ხომ მინისტრებს არ ნიშნავს. არც ერთ პრემიერს თავისი გუნდი არ ჰყოლია.
პრემიერადაც ივანიშვილის რეკომენდაციით დაინიშნა. ტიკარაძეს მოუძებნეს „თბილი ადგილი“, სულ არ გაუშვეს, პოლიტსაბჭოში დატოვეს. ჯანდაცვის მინისტრი როცა იყო, არაფერი დასამახსოვრებელი არ გაუკეთებია. განცხადება რომ პოლიტსაბჭოში გაუწევს კურირებას ჯანდაცვას და იქედან მიხედავს, ეს ხომ ბლეფია. მისი გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას პრემიერი არ იღებს, პრემიერმა შეიძლება შუამდგომლობით მიმართოს ივანიშვილს. მშვენივრად ვიცით, რომ ტიკარაძე ივანიშვილისა და მის ოჯახის პროტეჟე იყო, ასევე პრემიერიც ივანიშვილის პროტეჟეა. ამიტომ, უნდა შეეთანხმებინა. როცა შეთანხმება შედგა, უთხრეს, უნდა გადადგე“, - განაცხადა ძაბირაძემ.
მან ეკატერინე ტიკარაძე საქმიანობის გამო გააკრიტიკა.
"3 წელი მინისტრი იყო და მოსახლეობას რომ ჰკითხო, რა რეფორმა გაატარა ტიკარაძემ ან რა შედეგი ჰქონდა მის საქმიაობას, ვერაფერს გეტყვიან. მე ვერაფერს დავასახელებ, გულწფელად გეუბნებით. ძალიან მაინტერსებს, მისი მინისტრობის შედეგი რა იყო. რა გაუმჯობესდა მოსახლეობისთვის. თუ ვინმე ამას მეტყვის, მაშინ ვიტყვი, რომ კი ბატონო, ვცდები, თუმცა, მისი საქმიანობის წარმატება რაში მდგომარეობს არ ვიცი, მე ამას ვერ ვხედავ. პირიქით შეიძლება ითქვას, ვითარება გაცილებით დამძიმდა, არაფერს ვამბობ ჯანდაცვის სექტორში მომსახურებაზე, დაფინანსებაზე, მედიკამენტების ფასებზე და ა.შ. მინისტრი იყო და ჯანდაცვის სამინისტროს თავისი ხელი ვერ დაატყო პარტიის პოლიტსაბჭოდან რამეს კურირებას გაუწევს?!" - განაცხადა ძაბირაძემ.
რაც შეეხება პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ეკატერინე ტიკარაძის კრიტიკას, ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ყველაფრის მასზე გადაბრალება არასწორია.
"საქართველოში ტიკარაძე იყო, არ ვარგოდა და ამას დავაბრალოთ კი ბატონო, მაგრამ გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ინგლისში ვის დავაბრალოთ? იქაც სულ ტიკარაძეები არიან? ოპოზიცია არასწორად მსჯელობს, თუ ფიქრობს, რომ ამით შეიძლება პოლიტიკური ქულები მოიპოვოს. ჩვენი პრობლემა იცით რა არის? ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოს, არც ადამიანური, არც პოლიტიკური და არც იდეოლოგიური, ხოლო ოპოზიციას არ აქვს იმის რესურსი, რომ ხელისუფლება შეცვალოს, ჯერჯერობით აი, ამ ველში ვართ", - განაცხადა ძაბირაძემ.