მუქარის მოთხოვნა დასავლელი პარტნიორებისგან ახალი ამბავი არაა,- არსებობს ტერმინი, უზნეო პოლიტიკა, როდესაც ოპონენტები არჩევნების დროს ვერ გერევიან და ცდილობენ, ქვეყანას ისეთი ვითარება შეუქმნან, რაც საზოგადოებას გააღიზიანებს ხელისუფლების წინააღმდეგ - უზნეობის ეს ხარისხი არ მგონია რომელიმე სხვე ქვეყნის პოლიტიკას ახასიათებდეს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპელი პარტნიორების მიმართ ოპოზიციის ნაწილის წერილს.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია.
„ინდივიდუალური სანქციები, სანქციები სახელმწიფოს მიმართ, ეკონომიკის დესტაბილიზაცია, ინვესტიციების, ტურიზმის გზის ჩაკეტვა, ჩვეულებრივი მეთოდებია, რომელსაც ყოველდღიურად მიმართავენ. მაგრამ ერთი უნდა გავახსენო ყველას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმება არ შედგა იმიტომ, რომ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ და ერთ-ერთის ლიდერმა ხელი არ მოაწერა. რასაც დღეს ვუყურებთ, საბოტაჟის რეჟიმია, რომელიც ჩვენი ოპოზიციის საქმიანობის და მომავლის ხედვის შინაარსს არ ცვლის. მხოლოდ დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესების განვითარება და საპატიმროდან მიხეილ სააკაშვილის ძალისმიერი დახსნა - ამის ირგვლივ ტრიალებენ. ხან მთავრობის დაშლის თემას შემოაგდებენ, ხან სხვადასხვა სანქციის მოთხოვნას, რომ მუდმივად დაძაბულობაში ამყოფონ საზოგადოება”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.
წერილში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს ევროპული მომავალი.
წერილში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს EAP-ის მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ.
წერილის თანახმად, "პირობითობის" მექანიზმის გამოყენება, შესაბამისი დახმარების გამოყოფისას, არის ერთადერთი გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის იმ საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დასაბრუნებლად, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი უჭერს მხარს.