რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსგან მოითხოვს იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.
ამის შესახებ საუბარია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნულს ევროპული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის და აცხადებს, რომ აღნიშნული დაპირება წინააღმდეგობაში მოდის ვალდებულებასთან - „არ გააძლიერონ თავისი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“.
„ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოფიციალურად მოხდეს ბუქარესტის ნატოს 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფა, იმის შესახებ, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“, როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოების ყველა ლიდერის ვალდებულებასთან წინააღმდეგობაში მყოფი - „არ გააძლიერონ თავისი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“.
მოვითხოვთ, იურიდიულად მოხდეს შეთანხმების დამოწმება ამერიკისა და ნატოს სხვა წევრების შეტევითი შეიარაღების სისტემების განუთავსებლობის შესახებ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუსეთს.
ასევე მოვითხოვთ ნატოს კონკრეტულ რეაქციას ჩვენ მიერ ადრე წამოწეულ წინადადებებზე ევროპაში დაძაბულობის შემცირების შესახებ.
მათ შორის: ოპერატიული სწავლებების რაიონის გადაწევას რუსეთ-ნატოს საკონტაქტო ხაზიდან შეთანხმებულ მანძილზე; საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების ზღვრულ დისტანციაზე მიახლოებასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე საშიში სამხედრო მოქმედებების აღსაკვეთად, პირველ რიგში, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში; რეგულარული დიალოგის განახლება თავდაცვით უწყებებს შორის რუსეთ-ამერიკის და რუსეთი-ნატოს ხაზით.
მოვუწოდებთ ვაშინგტონს, შეუერთდეს რუსეთის ცალმხრივ მორატორიუმს ევროპაში მიწისზედა საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განთავსების შესახებ, მოხდეს შეთანხმება და საჭირო ზომების შემოღება ორმხრივი ვალდებულებების შესრულების ვერიფიკაციასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ მიმართულებებზე რუსეთი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს საერთაშორისო სამართლებრივი დიკუმენტების პროექტებს მოლაპარაკებების დასაწყებად შესაბამის ფორმატებში.
კერძოდ, შევიტანთ კომპლექსურ წინადადებებს უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიების შესახებ სტრატეგიულ სტაბილურობაზე რუსეთ-ამერიკის დიალოგის მორიგი რაუნდის მომზადების ფარგლებში.
გამოვალთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამხედრო ასპექტების საგნობრივი განხილვისთვის თავდაცვის სამინისტროების ხაზით, ასევე რუსეთისა და ნატოს ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების მონაწილეობით. აუცილებლად მივიჩნევთ, რომ ეუთოც არ დარჩეს ევროუსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტის საკითხზე დისკუსიების მიღმა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მიუღებლად მიიჩნევს. საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას განცხადებით პასუხობს.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია "აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები" გაუქმებას.
2008 წლის 3 აპრილს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება ნატო-ს წევრი. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც ნატო-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებიესმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.
ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც. აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.