საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მისთვის უცნობია, დაეხმარა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთაში.
როგორც გიული ალასანიამ განმარტა, ის გიორგი ლორთქიფანიძეს დიდი ხანია იცნობს და ის პროფესიონალი და საიმედო ადამიანია.
"სხვათაშორის, გიორგი ლორთქიფანიძეს ვიცნობდი. იცით როგორ ვიცნობდი? ერთხელ ვახსენე კიდეც, ამერიკელებთან რაღაც დაწესებულება შექმნეს აქ, ჩემი შვილის პრეზიდენტობამდე იყო, ანტიკორუფიცული ცენტრი იყო, გვიხდებოდა ხოლმე ამ დაწესებულებებთან ურთიერთობა. მაშინ გავიცანი გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ძალიან მომეწონა, რადგან ძალიან კომპეტენტური იყო, ძალიან წესიერი ადამიანი ჩანდა, წლები მქონდა მასთან ურთიერთობა. მერე ვიცი, რომ ოდესაში გადავიდა, დანარჩენი არაფერი ვიცი. როცა გავიგე, ოდესაში იყო, ძალიან მომეწონა ეს ფაქტი, ის არის ადამიანი, რომელიც კარგი პროფესიონალია, რომ დაეყრდნობი და იმედიანად რომ ხარ ისეთი, სადაც ის არის, იქ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.