„ამბავი კატა - კოტოსი“ - ეს ქართველი საბავშვო მწერლის ვასო გულეურის ახალი წიგნია, რომელსაც პატარა მკითხველები მალე გაიცნობენ. წიგნში მოთხრობილია მხიარული კატა კოტოს ამბები და ილუსტრირებულია პლასტილინის ნამუშევრებით, რომლებიც მთავარი გმირის ისტორიებთან ერთად ასევე აღმოჩენა იქნება.
ვასო გულეურის ახალი წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L”-ის კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2021“-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ის ჟიურის რჩეული გახდა. მწერლის საინტერესო წერის სტილს, სახასიათო პერსონაჟებსა და უჩვეულო ისტორიებს ჟიურიმ ერთ-ერთ საუკეთესო შეფასება მისცა.
თავად მწერალი გვიამბობს, რომ კატა კოტო დიდი ხნის ნაფიქრი პერსონაჟია, რომელიც ფურცელზე კონკურსში მონაწილეობისას გადაიტანა. ვასო გულეურის თქმით, მხიარული კოტოს ამბები ბავშვებისთვის გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა მეგობრობაზე, დახმარებასა და სიკეთეზე. წიგნი უმცროსი სასკოლო ასაკის მკითხველზეა გათვლილი.
აქვე, ვასო გულეური აღნიშნავს, რომ თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია, რასაც ხელს სხვადასხვა კონკურსი და პროექტი უწყობს. აღნიშნული პროექტების მეშვეობით კი ბევრი ნიჭიერი ავტორის აღმოჩენაა შესაძლებელი.
„თანამედროვე ქართულ საბავშვო ლიტერატურას ნამდვილად სჭირდება პოპულარიზაცია. პრემიები, კონკურსები ნაკლებად ტარდება, არადა წიგნის ბაზარზე საბავშვო წიგნებს გაცილებით დიდი ადგილი უჭირავს და გაცილებით დიდი მოთხოვნაც არის. მთავარია, იყოს ხარისხიანი საბავშვო ნამუშევრები და მე ვფიქრობ, მსგავსი კონკურსები ხელს შეუწყობს ახალი სახეების გამოჩენასა და ნაწარმოებების შექმნას,“ - აღნიშნა მწერალმა.
კონკურსის მეშვეობით აღმოჩენილი ახალი ლიტერატურული ნაწარმოები „ამბები კატა კოტოსი“, როგორც აღვნიშნეთ, საინტერესო და უჩვეულო ილუსტრაციებით იქნება გაფორმებული. მათ ილუსტრატორი ია გიგოლაშვილი პლასტილინისგან ქმნის, რაც როგორც ვასო გულეური განმარტავს, უფრო სივრცითი აღქმის საშუალებას იძლევა.
„დიდი ხანია, მე და იას მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. როცა კონკურსი გამოცხადდა, უცებ დამებადა იდეა, წიგნი პლასტილინისგან შექმნილი ილუსტრაციებით გაფორმებულიყო, რადგან იას ასეთი ნამუშევრები შექმნილი აქვს და ძალიან საინტერესო გამოვიდა. პლასტილინის ილუსტრაციები ბავშვისთვისაც საინტერესოა, რადგან მას შეიძლება სურვილი გაუჩნდეს, რომ თვითონაც გამოძერწოს ეს ფიგურები,“ - აღნიშნა ვასო გულეურმა.
თავად ილუსტრატორი ია გიგოლაშვილიც ბავშვებს ახალ გამოცდილებას ჰპირდება. როგორც მან გვიამბო, კატა კოტოსთვის ილუსტრაციების შექმნის პროცესი ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და შრომატევადია.
„იმედი მაქვს, რომ წიგნის ნახვის შემდეგ, ბავშვებს არამხოლოდ წაკითხვის სურვილი გაუჩნდებათ, არამედ პრაქტიკულადაც მოისურვებენ რაღაცის გაკეთებას,“ - აღნიშნა მან.
ახალი საბავშვო წიგნის შესაფასებლად მწერალ და „გახდი საბავშვო ბესტსელერი 2021-ის“ ჟიურის წევრ დათო გაბუნიას მივმართეთ. მისი თქმით, ვასო გულეური ქართულ საბავშვო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორია.
„ვინც თანამედროვე ქართულ საბავშვო ლიტერატურას ეცნობა, არ შეიძლება, არ იცოდეს ვასო გულეურის სახელი. გადაუჭარბებლად ვიტყვი, დღეს ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორი ამ მიმართულებით. როდესაც მისი გვარი კონკურსში დავინახე, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მორიგ საინტერესო ტექსტებთან გვექნებოდა საქმე და ასეც აღმოჩნდა, რადგან ვასო არის უკვე ძალიან გამოცდილი ავტორი, რომელიც სულ ვითარდება და ხვეწს თავის ტექნიკას,“ - აღნიშნა ჟიურის წევრმა.
დათო გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მწერალს უშუალო შეხება აქვს პატარა მკითხველთან და კარგად იცის, რით დაინტერესდებიან ისინი.
„თავისი პრაქტიკიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ვასოს ტექსტები და ეს კონკრეტული ნამუშევარი, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა, ძალიან მორგებულია ბავშვებზე და მწერალი უფრო შიგნიდან ხედავს და ესმის, რა უნდათ და რა აინტერესებთ მათ. ვფიქრობ, მისი კიდევ ერთი დიდი ღირსებაა ძალიან დახვეწილი ენა, რომელიც სადა და ბავშვებზე მორგებულია,“ - აღნიშნა დათო გაბუნიამ.
კონკურსი „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ახალი პროექტია, რომლის მიზანი საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალი ქართველი ავტორების ხელშეწყობაა. მიზეზიც მარტივია: დიდ ლიტერატურამდე მისასვლელი გზა სწორედ საბავშვო ლიტერატურაზე გადის და, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ამ გზაზე პატარებს ხარისხიანი, გემოვნებიანი, ინფორმაციულად დატვირთული და მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებული ნაწარმოებები დავახვედროთ.
ამდენად, გამომცემლობა პალიტრა L -ის კონკურსი „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ ღირებული შეთავაზება და, გნებავთ, გამოწვევა აღმოჩნდა თანამედროვე ქართველი მწერლებისთვის. ამაზე მეტყველებს ის დიდი გამოხმაურება, რომელიც ამ კონკურსს მოჰყვა - მასში არაერთმა გამოცდილმა და ახალბედა ავტორმა მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ, კომპეტენტურმა ჟიურიმ 6 გამარჯვებული გამოავლინა. ესენი გახლავთ: ლელა ცუცქირიძე - „ფისო ფიო-ფიო“, თუთა ჯგუშია - ლექსების კრებული, ვასო გულეური - „ამბები კატა-კოტოსი“, დავით ალთუნაშვილი - „უფარფლებო თევზი“, თამრი ფხაკაძე - „ბებე - მაწანწალების უფლისწული“ და ნინო მანძულაშვილი - „სახლი ტყის პირას“.
გამარჯვებული ნამუშევრები მალე გამოიცემა და პატარა მკითხველის წიგნის თაროზე საპატიო ადგილებს დაიკავებს.