"ჩვენი უბედურება ისაა, რომ სხვა ქვეყნებში არსებულ გამოცდილებას პირდაპირ გადმოვიღებთ ხოლმე - როგორ წარმოუდგენია მარგველაშვილს ან სააკაშვილს, რომ მოქმედი პრეზიდენტი ბრალდებულ პრეზიდენტს შეხვდეს. რაზე უნდა ისაუბრონ?!" - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც საქართველოს სამი პრეზიდენტის შეხვედრის იდეა შეაფასა.
როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნების“ და "ნაციონალურ მოძრაობის“ პოზიციები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და არსებულ პრობლემას პრეზიდენტების შეხვედრა "ნამდვილად ვერ გადაწყვეტს“.
"ჩვენი უბედურება ისაა, რომ სხვა ქვეყნებში არსებულ გამოცდილებას პირდაპირ გადმოვიღებთ ხოლმე. არ ვაკვირდებით რა კონტექსტი ან ტრადიციაა. ასეთი შეხვედრები ძირითადად ამერიკაში არის ხოლმე, პრეზიდენტები ხვდებიან ერთმანეთს, ან როდესაც რამე პრობლემაა, ამერიკის პრეზიდენტი თანამშრომლობს ხოლმე ყოფილ პრეზიდენტებთან. პრეზიდენტთან შეხვედრის ტრადიცია ამერიკულია. რომ ვცდილობთ, ეს საქართველოში გადმოვიტანოთ, არ ვითვალისწინებთ კონტექსტს, რაც არის. დღეს რომ სააკაშვილი ბრალდებული არ იყოს, თეორიულად კიდევ შესაძლებელია, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე და დასავლურობის იმიტირებისთვის ეს ყველაფერი შედგეს, მაგრამ როგორ წარმოუდგენია მარგველაშვილს ან სააკაშვილს, რომ მოქმედი პრეზიდენტი ბრალდებულ პრეზიდენტს შეხვდეს. რაზე უნდა ისაუბრონ?!
"ქართული ოცნების“ და "ნაციონალურ მოძრაობის“ პოზიციები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, შეხების წერტილი არაა. "ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს, თვითგვემა გამოაცხადოს, დაიშალოს. "ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია თვლის, რომ "ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაათავისუფლოს ყველა პატიმარი, მათ შორის სააკაშვილი, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს და ლამის ხელისუფლება გადააბაროს. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური შეხვედრა რას მოიტანს?! ეს პრობლემა ახალი ხომ არაა. ყოველი ხელისუფლების პირობებში დგება ხოლმე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების თემა.
ეს პროცესი (შერიგების) თუ დაიწყება, უნდა შეიქმნას ისეთი ჯგუფი პრეზიდენტთან (თუ ის იქნება ინიციატორი), რომელიც ამ პრობლემებზე იმუშავებს. ჩემი აზრით, ეს ჯგუფი დაკომპლექტებული უნდა იყოს იმ ადამიანებით, რომლებიც მეტ-ნაკლებად ობიექტურები არიან და არცერთ ბანაკს არ მიეკუთვნებიან. შემდეგ უნდა ჩაერთოს მედია, პოლიტიკოსები კი ყველაზე გვიან უნდა ჩაერთონ ამ პროცესში. ეს არ არის პრობლემა, რომელსაც დაჯდები და 15 წუთში გადაწყვეტ, დადებ რეცეპტს, როგორ გამოვიდეთ არა დღევანდელი, არამედ გუშინდელი, გუშინწინდელი და ამ 30 წლიანი პრობლემიდან - დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიცია შორის როგორ ვაქციოთ ცივილურ კონკურენციად.
ამ პრობლემას სამი პრეზიდენტის შეხვედრა ნამდვილად ვერ გადაწყვეტს. ზურაბიშვილმა შეწყალებაზე თქვა - "არა და არასდროს“. როგორ წარმოგიდგენიათ ამის შემდეგ სააკაშვილის და ზურაბიშვილის შეხვედრა?!“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ "ინკლუზიურ პროცესს“ დაიწყებს, ძაბირაძე აცხადებს, რომ ეს კარგია, თუმცა სვამს კითხვებს, როგორ წარმოუდგენია პრეზიდენტს ეს პროცესი და აქვს თუ არა ხედვა.
"სალომე ზურაბიშვილს აქვს კი გაცნობიერებული პრობლემები, რაც არის, იცის რეალურად რასთან გვაქვს საქმე? კარგია, რომ ინკლუზიურ პროცესს იწყებს, ლამაზი სიტყვაა და მოდაშია. მაგრამ თვითონ როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი, როგორ იწყებს? რაიმე მონახაზი, ხედვა აქვს თუ უბრალოდ იწყებს ამ პროცესს?
ეს პროცესი აუცილებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვინ უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, ვინ უნდა დაიწყოს და რა უნდა იყოს შედეგი. უნდა ვეძებოთ შეცდომები და არა დამნაშავეები. თუ ვეძებთ დამნაშავეებს, ვერსად წავალთ, შეცდომების ძებნა არის მთავარი - რა შეცდომები იქნა დაშვებული და რატომ მივედით დაპირისპირებამდე. შედეგი უნდა იყოს ის, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის აღდგეს კონკურენცია და არ იყოს მტრობა. თუ ამ შედეგამდე მივალთ, ე.ი. ამოცანა შესრულებულია“,- განაცხადა ძაბირაძემ.
ცნობისთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რათა "მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე.