"იმედით ვარ აღსავსე, რადგან ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში. ძალიან ბევრისთვის გვაქვს მძიმე სათქმელი. მათაც თუ რამე აქვთ სათქმელი, გვითხრან ჩვენც, მაგრამ სჯობს, ეკლესიაში მოხდეს, რადგან ეკლესიაში ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით "- ამის შესახებ მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მეუფემ ქადაგებაში ხაზი გაუსვა საზოგადოების შერიგების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ახლა "გარჩევების დრო არ არის“.
"ვფიქრობ, კორონას კი ადვილად დავამარცხებთ და მათ შორის, ქართველები, მაგრამ რა ჭირიც ქვეყანაში გვაქვს, ეს ძალიან რთული დასამარცხებელი იქნება. ჩვენ ერთმანეთს დავამარცხებთ, თუ არ გავიაზრეთ, წინ რა გველოდება. ერთი რაღაც იმედს მაძლევს, რამდენიმე წელია შერიგებაზე ვლაპარაკობ, შენდობას ვითხოვ - ცოტა მძიმედ ვიტყვი ახლა - სხვებივით არ ვამბობ ხოლმე, როგორც სადღეგრძელოს, ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე გაყოფილი აღარ ვიყოთ, ცოტანი ვართ და ყველა მხარეს ყველა ჩვენია. განა არ შემიძლია, მართლის და მტყუანის გარჩევა? მაგრამ დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ ირჩევ, ჩვენ შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ, ეს არის საქართველო. საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლოა, ჩვენი სახელმწიფოა და სხვა სამშობლო ჩვენ, ქართველებს და აქ მცხოვრებლებს არ გაგვაჩნია.
ცოტა ხნის წინ, 4-ში, როცა დღესასწაული იყო, მაშინაც ვთქვი შერიგებაზე და ვცდილობ, რომ მხარედ არ გამოვჩნდე, თორემ ძალიან კარგად ვიცი, სად არის სიმართლე, სად არის ჭეშმარიტება, მაგრამ დგება დრო, "ზოგჯერ თქმა ჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“, შეიძლება ასეთ სიტუაციაში ვიყოთ, დღეს მთავარია, რომ ქართველებმა ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვიპოვოთ. თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების. ეკლესიაში შერიგება იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ღირსებას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, მე ვიქნები, სხვა იქნება, საზოგადოების სხვა ნაწილი იქნება, თუ ხელისუფლებები, ის შეცდომები და დანაშაულები, რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის, დაწყებული - თავისუფლებას და დამოუკიდებლობას როგორ მოვეპყარით, დაიწყეს ძმათა მკვლელი ომი, დავზარალდით ქვეყანა, შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა საკითხები და კარგად ვხედავთ, დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ იმედით ვარ აღსავსე, რადგან ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში, ძალიან ბევრისთვის გვაქვს მძიმე სათქმელი, იმათაც თუ რამე აქვთ სათქმელი, გვითხრან ჩვენც, მაგრამ სჯობს, ეკლესიაში მოხდეს, რადგან ეკლესიაში ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით. იცით, მე როგორი ვარ ხოლმე გამონათქვამებში, რამდენი ხანია, ჩუმად ვარ, არ მინდა ისეთი რამე გავაკეთო, რომ რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე. შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და ვინც საქართველოს მხარეს იქნება. თუ მხარეს დადექი, ეპისკოპოსი მთავრობის მხარეს თუ დავდექი, ან ვიღაცების მხარეს დავდექი, არ გამოვა ასე, რადგან ვხედავ, რომ ჩვენ ერს ერთად ყოფნა უნდა. ქუჩაში სირბილი კალიების შემოსევა ხომ არ არის? "სარანჩებივით“ დავჭამოთ ერთმანეთი, ისინი მოსავალს ჭამენ, ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ, რაღაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ“, - განაცხადა იაკობმა.
მან სინოდის წევრებს მოუწოდა, მხარეები არ გახდნენ და შერიგება "სადღეგრძელოდ ნათქვამი“ არ დარჩეს.
"როგორღაც უნდა შევიყვაროთ ქართველებმა ისევ ერთმანეთი, რომ უარესი არ დაგვემართოს და ვფიქრობ, ერთმანეთთან მისასვლელ გზებს ვნახავთ, საქართველოში კაციც არ უნდა დაგვრჩეს შერიგების შემდეგ ისეთი, რომ ნაწყენი იყოს, ვინც ქართველია და ვისაც საქართველო უყვარს.
ვიცი, სად არის სიმართლე, საით უნდა წავიდეთ, მაგრამ ასეთი გარჩევების დრო, მითუმეტეს, გარეთ არ არის. უნდა დავსხდეთ, მძიმე იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ყველა სათქმელს ვიტყვით და იმასაც მივაღწევთ, რომ ღმერთმა გულებიც გაგვითბოს, გონებაც გაგვინათოს და გონიერი გულით მივუდგეთ ყველაფერს. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება ერთმანეთს არ გავუფრთხილდეთ და ყველას ვთხოვთ, მხარეები არ ვიყოთ, მითუმეტეს, სინოდის წევრებს ვთხოვ, ცუდად ნუ გამოჩნდებიან, მხარე არ გახდნენ, შერიგებაზე წავიდნენ, სადღეგრძელოდ ნათქვამი შერიგება არ გვინდა, მხარე თუ იყავი, ჩემთვისაც ცოტა რთულია მერე ასეთთან დალაპარაკება “, - განაცხადა მეუფე იაკობმა.