"ევროკავშირი, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება დღეს არ მოხდება" - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
"ჩვენ შეკავების რეჟიმში ვიმყოფებით. ნებისმიერ შემთხვევაში, გავაგზავნით მკაფიო სიგნალს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას რუსეთისთვის მაღალი ფასი ექნება. ჩვენ, შეერთებულ შტატებთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, კოორდინირებულად განვიხილავთ, რა (სანქციები), როდის და როგორ შეიძლება დაწესდეს", - აღნიშნა ბორელმა.
ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 2014 წლის ივლისში დაუწესეს და ამ სანქციების სამიზნე რუსეთის ენერგეტიკული, საბანკო და თავდაცვის სექტორებია. დასავლეთი მოსკოვის წინააღდეგ ახალი სანქციების დაწესებას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.