"მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელთა იმუნური სისტემა "ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი არც გადატანილი აქვთ, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაჰოლდინგ "კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, "ომიკრონის“ დაფიქსირების შემთხვევაში, შეიძლება ინფიცირების გამოვლენილი ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბოს, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის სრული კატასტროფა იქნება.
"საბედნიეროდ, მიმდინარეობა მძიმე არ ჩანს, მაგრამ, ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, არ არის იმაზე უფრო მსუბუქი, ვიდრე "დელტა“ ვარიანტთან მიმართებით. ამიტომ, სამწუხაროდ, კარგი პერსპექტივა არ გვაქვს.
ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა - მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელთა იმუნური სისტემა "ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი არც გადატანილი აქვთ, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რადგან ვერ დარჩება საქართველოში ვერც ერთი ადამიანი "ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბით, ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება. გვექნება ვაქცინაცია ან გადატანილი იმუნიტეტი? სიკვდილიანობა და დაზიანება მინიმალური იქნება. შევხვდებით იმუნური სისტემის მომზადების გარეშე? მაშინ სამწუხაროდ, ათასი ინფიცირებულიდან 10 ადამიანი გარდაიცვლება. ეს არის სამწუხარო რეალობა. გამოსავალი არსებობს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაფიქრდეს ყველა და გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისი განმარტებით, გამოვლენის შემთხვევაში, "ომიკრონი“ დომინანტური აუცილებლად გახდება, რადგან ვირუსის ამ ვარიანტს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს.
"დადასტურებულია, რომ "ომიკრონს“ შეუძლია უფრო სწრაფი გავრცელება, ის უფრო მაღალი რეპროდუქციული ინდექსის მქონე ვირუსია. ეს განაპირობებს იმ რისკს, რომ დომინანტური გახდება“,- აცხადებს კულუმბეგოვი.
როგორც მან განმარტა, "ომიკრონით“ ინფიცირების დროს საკმaოდ მაღალია რეინფიცირების შემთხვევები, ასევე ვაქცინით ორჯერ აცრილ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები. ამიტომ, კულუმბეგოვი მოქალაქეებს ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებას ურჩევს.
"კარგი ინფორმაცია ის გახლავთ, რომ მესამე "ბუსტერის“ დამატების შემთხვევაში, დაცვის მაჩვენებელი თითქმის 75%-ს უტოლდება, როდესაც ორი ვაქცინის შემდეგ მხოლოდ 35%-ია. ამიტომ, ადამიანებმა რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა გაიკეთონ ვაქცინა, ან რაც შეიძლება სწრაფად, ვისაც ის ეკუთვნის, ვაქცინის ბუსტერული დოზა დაიმატონ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ წინ აღვუდგეთ ამ ინფექციის დამაზიანებელ მოქმედებას, რომელსაც ყველა შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა იგრძნობს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.
რაც შეეხება "ომიკრონის“ სიმპტომებს, ალერგოლოგ-იმუნოლოგი განმარტავს, რომ მას ახასიათებს კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი.
"ეს სიმპტომები არის უფრო წინა პლანზე, რაც ნებისმიერი რესპირაციული დაავადებისთვის არის იდენტური. ერთადერთი შესაძლებლობა, ადამიანმა დაადგინოს, აქვს თუ არა ვირუსის ესა თუ ის ვარიანტი, არის ტესტირება. კლინიკური სიმპტომებით ვირუსული დაავადების ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.