მე მოთამაშე ვარ, ტოტალიზატორში მოგებული ფულით უნივერსიტეტში სწავლის გადასახადიც გადამიხდია - რა არგუმენტაცია არსებობს იმისა, რომ ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს თამაში აუკრძალო?,- ამ კითხვით მიმართა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების საკითხზე მომხსენებელ დეპუტატს, დავით სონღულაშვილს.
როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ადამიანი მოთამაშე არსებაა და თამაშით სწავლობს „შეცდომის დაშვების მნიშვნელობას, წაგების ტკივილს და მოგების სიხარულს“.
"დღეს ამ დარბაზში, არიან მედიის წარმომადგენლები, სათამაშო ბიზნესის წარმომამადგენლები, ასევე ჩემი კოლეგები, მაგრამ მე ვერ ვხედავ ჩემნაირი, მოთამაშეები ადამიანების წარმომადგენლებს. მე მოთამაშე ვარ. სულ, მთელი ცხოვრება ვთამაშობდი, სხვადასხვანაირად, ისევე როგორც ბევრი ადამიანი, ჩემი კოლეგა. ვთამაშობდი ყველაფერს - დაწყებული იქიდან, რომ ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი „მაზიანზე“, აქედან მოყოლებული „პოკერიც“ მითამაშია და ტოტალიზატორში მოგებული ფულით უნივერსიტეტში სწავლის გადასახადიც გადამიხდია. მე ამას ვაკეთებდი უნივერსიტეტის დროს, მანამდეც - ბავშვობიდან ფაქტობრივად.
ზოგადად, ადამიანი მოთამაშე არსებაა. ჩვენ თამაშით ვსწავლობთ - შეცდომის დაშვების მნიშვნელობას ვსწავლობთ, წაგების ტკივილს ვსწავლობთ, მოგების სიხარულს ვსწავლობთ. ზოგადად, ადამიანებისგან, ვისაც ამ პოზიციის დაცვა ევალება, ისე იყო საუბარი, თითქოს საბოდიშოა, რომ ადამიანები თამაშობენ. ეს დაახლოებით როგორია იცით?! - მეღვინეობა რომ იყოს დასაძრახი რამდენიმე ლოთის გამო. რატომ მიკრძალავთ თამაშს და რატომ ამიკრძალავდით 21 წლის ასაკში, როდესაც საჯარო მოსამსახურე ვიყავი. რა არგუმენტაცია არსებობს იმისა, რომ ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს თამაში აუკრძალო?“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ბავშვობაში ფეხბურთს „მაზიანზე“ თამაშობდა, უმრავლესობის დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც ხვიჩიას ასე მიმართა: „ბავშვობაში უნდა დაგაბრუნო და ფეხბურთის თამაში დაგაწყებინო“.
„სიამოვნებით, სულ ვოცნებობდი თქვენნარ ხალხთან ფეხბურთის თამაშზე, ეს ბუნებრივია“,- უპასუხა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
პროექტი აზარტული და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას - კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვას, ასევე, დამოკიდებულ პირთა სიისა და აკრძალულ პირთა სიის შექმნას ითვალისწინებს. ამასთან, განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრე - კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მარეგულირებელ ორგანოებში, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება. ჯამში ცვლილება რვა კანონში შედის. პაკეტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დეპუტატებმა წარადგინეს.