ავტორი:

"ივანიშვილს დიდი სურვილი აქვს, ბადრი და მამუკა დააპატიმროს, წერეთლების ოჯახს მიაყენოს დიდი დარტყმა, მაგრამ ის ამას ვერ გაბედავს" - ნიკა მელია

"ივანიშვილს დიდი სურვილი აქვს, ბადრი და მამუკა დააპატიმროს, წერეთლების ოჯახს მიაყენოს დიდი დარტყმა, მაგრამ ის ამას ვერ გაბედავს" - ნიკა მელია

"ივანიშვილს ძალიან დიდი სურვილი აქვს, ბადრი და მამუკა დააპატიმროს, წერეთლების ოჯახს მიაყენოს დიდი დარტყმა და, აქედან გამომდინარე, "ტვ პირველს“, მაგრამ ის ამას ვერ გაბედავს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან, ბოლო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

როგორც მელიამ აღნიშნა, აღნიშნული საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიზირებული.

"ბიძინა ივანიშვილს ახლა ამის თავი არ აქვს. მისი უდიდესი სურვილია, დააპატიმროს ამ საქმის ყველა ფიგურანტი, რომელიც თავიდან ბოლომდე არის პოლიტიზირებული, მაგრამ მათი სტანდარტისთვისაც კი მეტისმეტია ერთ მოცემულ პერიოდში ჰყავდეს ბევრი პოლიტიკოსი ციხეში. ერთის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ გაამართლოს ადამიანები, რომელთაც 3 წლის განმავლობაში ედავება ფულის გათეთრებას, ეს წარმოუდგენელია - თავზე ლაფს ხომ არ დაისხამს? იმისათვის, რომ გაამტყუნოს, ერთი ადგილი სჭირდება, რაც ახლა ბიძინა ივანიშვილის არ აქვს. რაღაც შუალედურ სისულელეს მოიფიქრებს, მაგრამ მთავარია, რომ ძალიან მალე, სწრაფად, ამ შენობაში საზოგადოება და აქტიური ადამიანები, ჟურნალისტები, მედიამფლობელები, პროფესორები, პოლიტიკოსები არ იყვნენ დაბარებული მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიციურად არიან განწყობილი. ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა“, - აღნიშნა მელიამ.

მან ასევე სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა, რომელმაც საახალწლო მიღებაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა“ დაპატიჟა.

"სალომე ზურაბიშვილს დიდი მადლობა მოწვევისთვის, ვინაიდან ეს არის კლასიკური საახალწლო მიღება. ჩვენ თავს ვიკავებთ საახალწლო მიღებაში მონაწილეობისგან გასაგები მიზეზების გამო. ჩვენ იმ შეხვედრებში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც მალე იქნება“, - განაცხადა მელიამ.

გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოსულ თემურ ალასანიაზეც გააკეთა კომენტარი.

"თემურ ალასანია არის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრი. რა შუაშია ალასანია და პოლიტიკური პროცესები? სააკაშვილის ოჯახის წევრი გინდათ რომ ჩართოთ ქართულ პოლიტიკაში. "ქართულ ოცნებაში" ბევრ რამეს საუბრობენ. ყოველდღე საუბრობენ იმაზე, რაც რეალობას არ შეესაბამება, მათი სიუჟეტები, თითქოს "ნაციონალურ მოძრაობაში“ კონფლიქტია, თითქოს მე პარტიას ვტოვებ. როდესაც მათი სიუჟეტები და კამპანია მხვდება თვალში, ვრწმუნდები, რომ ძალიან სწორ პოლიტიკას ვაკეთებთ, რაც არ სიამოვნებს "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.