ავტორი:

"ყოველ ჯერზე როდესაც თქვენს ქვეყანაში ჩამოვდივარ, ძალიან ბევრ ზიზღს ვხედავ... ვიმედოვნებ, იქნება დიალოგი და პოლიტპატიმრები გათავისუფლდება" - ლიზა იასკო

"ყოველ ჯერზე როდესაც თქვენს ქვეყანაში ჩამოვდივარ, ძალიან ბევრ ზიზღს ვხედავ... ვიმედოვნებ, იქნება დიალოგი და პოლიტპატიმრები გათავისუფლდება" - ლიზა იასკო

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, ის ისევ სუსტად არის. მე ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, არსებითი ცვლილება არ არის. ვიტყოდი, გაუარესებულიც კი არის" - ამის შესახებ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მოხარულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ინიციატივა და საჭიროა, რომ გამოიძებნოს გამოსავალი.

„აქვს სისუსტე, მალე იღლება, სჭირდება ძლიერი რეაბილიტაცია. ჩვენ დღეს დაახლოებით ოთხი საათი ვიყავით ერთად. ერთად ვუყურეთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მიმართვა დაწერა, რომელიც უახლოეს წუთებში გამოქვეყნდება მის „ფეისბუქ გვერდზე“. პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ მოხარული ვარ, პრეზიდენტს რომ აქვს ასეთი ინიციატივა, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ქვეყანაში ჩამოვდივარ, ძალიან ბევრ ზიზღს და ბევრ პრობლემას ვხედავ და ვფიქრობ, რომ საჭიროა როგორღაც გამოიძებნოს გადაწყვეტილება, რომ ყველამ ერთად იცხოვროს ერთ ქვეყანაში. დიალოგი ძალიან აუცილებელია. თუკი იქნება რეალური გადაწყვეტილებები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება გამოსავლის პოვნა, რათა ქვეყანა კრიზისში არ იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა იასკომ.

კითხვაზე, როგორია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია პრეზიდენტის მიმართვასთან დაკავშირებით, იასკომ უპასუხა, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რაც ახლა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ეს არის შედეგი ადამიანთა ბრძოლისაც, რომ ისინი არ ნებდებიან და მათთვის სულერთი არ არის და არ ეთანხმებიან უსამართლობას, და პირველად გაჟღერდა იმ პრობლემათა რაოდენობა, რომელიც ქართულ საზოგადოებაშია. იაკსოს თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამას ძალიან მიესალმება, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავში იპოვა გამბედაობა ამის გასახმოვანებლად და სათქმელად.

იასკოს თქმით, 21 დეკემბერს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აქცია და მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ საჭიროა ბრძოლისუნარიანი პოზიცია, რადგან მხოლოდ ასეთი საშუალებით იქნება შესაძლებელი შედეგების მიღწევა, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება საბოლოოდ გამოვიდეს სიღარიბიდან და ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან.

მანვე კომენტარი გააკეთა უკრაინის ხელისუფლების პოზიციაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„უკრაინის ხელისუფლება არ ცვლის თავის დამოკიდებულებას, რომელიც არის ხისტი პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ყველაფერს გავაკეთებთ მისი უკრაინაში დასაბრუნებლად. ჩვენ ძალიან გვადარდებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩვენი აზრით, მისი რეაბილიტაცია უნდა ხდებოდეს თავისუფლების პირობებში, სადაც ის შეძლებს საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოება უზრუნველყოს. სამწუხაროდ, გვესმის, რომ იმ პირობებში, რომელშიც ის იმყოფება, ეს შეუძლებელია. ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, სადაც იყო განცხადებები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ. ძალიან ბევრია დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე და ვიმედოვნებ, რომ მოიძებნება გადაწყვეტილება, იქნება დიალოგი და მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რადგან პოლიტიკური დევნა დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა იასკომ.