ავტორი:

ბრაზილიაში პოლიტიკოსებმა ჯერ შერეული ორთაბრძოლების წესებით იბრძოლეს, მერე შერიგდნენ - ხომ არ შევუშვათ ქართველი პოლიტიკოსებიც რეალურ რინგზე?

ბრაზილიაში პოლიტიკოსებმა ჯერ შერეული ორთაბრძოლების წესებით იბრძოლეს, მერე შერიგდნენ - ხომ არ შევუშვათ ქართველი პოლიტიკოსებიც რეალურ რინგზე?

ბრაზილიაში, ქალაქ ბორბას 39 წლის მერმა სიმაუ პეიშოტუმ და ყოფილმა მრჩეველმა 45 წლის ეინეუ ალვარეს და სილვამ MMA-ს წესებით ორთაბრძოლა მოაწყეს. პოლიტიკოსების მტრობა დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც ადგილობრივი აკვაპარკი დაიკეტა. მას შემდეგ, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთზე მუდამ სიძულვილის ენით ლაპარაკობდნენ. საბოლოოდ, შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტის აღმოფხვრის საუკეთესო გზა - გალიაში ჩხუბი იქნებოდა.

სილვამ მერი ჯერ კიდევ სექტემბერში გამოიწვია, როცა მას კორუფციონერი და მატყუარა უწოდა. მან მაღალჩინოსანი გაამტყუნა იმაში, რომ ადგილობრივებისთვის აკვაპარკი არ დაიხსნა, თუმცა კი, შეეძლო მისი შენარჩუნება.

ქალაქის მეთაური დათანხმდა გამოწვევას, თუ ბრძოლა პროფესიონალურ დონეზე იქნებოდა დაორგანიზებული.

"მე მერი ვარ და არა ქუჩის მოჩხუბარი. მაგრამ თუ მას რეალურად სურს ბრძოლა, ჩვენ მზად ვართ. მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები გამარჯვებული", - განაცხადა სიმაუ პეიშოტუმ.

მომზადებაზე რამდენიმე თვე დაიხარჯა და შერკინებაც შედგა. არენად ადგილობრივი სკოლის სპორტდარბაზი შეირჩა. შეხვედრამ ქალაქში დიდი რეზონანსი გამოიწვია და მისი ტრანსლაცია მერის "ფეისბუქგვერდზე" მიმდინარეობდა.

თუმცა მერმა აქაც გამონახა დამატებითი შემოსავლის გზა და "ლაივი“ ფასიანი გახადა. დაინტერესებულებს 18 დოლარის გადახდა მოუწიათ.

პეიშოტუ გალიაში ბრაზილიური პოპ-ბალადის "ახალი გამარჯვებულის“ ფონზე გამოვიდა. ის სილვასთან მივარდა და რამდენჯერმე მუქარის ნიშანი გაუგზავნა.

სამრაუნდიანი შეხვედრა დაიწყო იმით, რომ სილვამ აგრესიულად შეუტია მერს, რომელიც ვერა და ვერ იცავდა თავს, თუმცა მერმა რამდენიმე შეტევას გაუძლო და კონტრშეტევის დროს, მოწინააღდეგეს ძლიერად მოარტყა თავში და ნოკდაუნში გაგზავნა. ჩინოვნიკი სილვას "დასაფინიშებლად" მივარდა, ზედ გადააჯდა და მოწინააღმდეგეს ასე აკონტროლებდა. მაგრამ ყოფილმა მრჩეველმა თავი დაიძვრინა და უსაფრთხო დისტანციაზე გავიდა.

ქალაქ ბორბას მერი სიმაუ პეიშოტუმ

მომდევნო რაუნდებში აქტიურობა დაეცა: ჩანდა, რომ პოლიტიკოსები დაიღალნენ და დარტყმების გაცვლასაც აღარ რისკავდნენ. სილვა კვლავ "ლოუქიქებით" უტევდა მერს. თუმცა პეიშუტო უფრო ზუსტ დარტყმებს ისროდა, დიდ ზეწოლას ახდენდა და ცდილობდა მოწინააღმდეგის "დანოკაუტებას". საბოლოოდ, გამარჯვება მერს ერგო, თუმცა დარბაზი არ დაეთანხმა და გადაწყვეტილებას სტვენითა და ლანძღვით შეეგება.

სოცქსელების მომხმარებლებიც მიიჩნევენ, რომ მერმა დაუმსახურებლად მოიგო.

"მერი ისე სასტიკად სცემეს, ყბა ჩამოუვარდა და სიარული არ შეეძლო“, - წერდნენ ადგილობრივ გაზეთში.

რაც შეეხება მებრძოლებს, შეხვედრის შემდეგ, ხელი ჩამოართვეს და შერიგნენ. რა ბედი ეწევა აკვაპარკს, ისევ უცნობია.

P.S. იშვიათად მოიძებნება ალბათ ქვეყანა, სადაც საქართველოს მსგავსად ემტერებოდნენ პოლიტიკოსები ერთმანეთს. სიძულვილის ენა და ლანძღვა - გინება მათგან არავის უკვირს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შერიგების თაობაზე ინიცირებულ წინადადებას, ჩვენში ძალიან სკეპტიკურად უყურებენ. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, იქნებ სჯობს ამ ბრაზილიელებს მივბაძოთ, პოლიტიკოსებმა ჯერ გალიაში ერთი ერთზე იჩხუბონ, დაიცალონ აგრესიისგან და მერე იფიქრონ შერიგებაზე. სიმაუ პეიშოტუს გამოცდილებას თუ გაიზიარებენ, იქნებ, ეს სარფიან საქმედაც აქციონ...

მოამზადა ანრი კურტანიძემ