\ თაკო ჩარკვიანი - ქუჩის ოპოზიცია არის კონსტიტუციური, პატივსაცემი და პატივი ვცეთ ნინო წილოსანის გასაგონად! ქუჩის ოპოზიცია ეს არის კონსტიტუციური, პატივსაცემი და პატივი ვცეთ. ქუჩა, ეს არის კონსტიტუციური ქმედება, ჯერჯერობით დასავლეთს, ნორმალურ ცივილიზებულ სამყაროს წუნი არ დაუდია , - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც "მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ.
თაკო ჩარკვიანი ამით გამოეხმაურა ნინო წილოსანისა და პარლამენტის სხვა დეპუტატების მიერ ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.
"ერთ-ერთმა კოლეგამ თქვა, რომ როგორც რიგით პატიმარზე ისე უნდა ვისაუბროთ მესამე პრეზიდენტზე. თავს თუ მოვიტყუებთ, ვისაუბროთ. არ არის ის რიგითი პატიმარი, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო დიდი აღმშენებლობით და დიდ შეცდომებით და ისტორიას ახსოვს ასეთი ისტორიული ფიგურები, მასშტაბური ისტორიული ფიგურაა. მისი სახელი აუცილებლად შემორჩება ისტორიას შეცდომებით, აღმშენებლობებით და ბევრი სახელი და გვარი არ შემორჩება.
ასევე მინდა გამოვეხმაურო ერთ კოლეგას, რომელმაც თქვა, რა დახვდა იუსტიციის მინისტრს. იუსტიციის მინისტრს დახვდა იუსტიციის სახლი შექმნილი და აშენებული, საოცარი პროექტი, რომლის ერთი შემქმნელი ციხეშია და მეორე, გიორგი ვაშაძე აქ იჯდა. მე მინდა, რომ ობიექტურად ვისაუბროთ, არავის არაფერი გვავიწყდება არც ყოფილი ხელისუფლების დროს ჩადენილი შეცდომები, მაგრამ არც ახლანდელი ხელისუფლების დროს ჩადენილი შეცდომები. მაგალითად, აღარ გავაგრძელებ იმ აუდიტორულ დასკვნაზე საუბარს, რაც მართლაც ეჭვს იწვევს, რომ ე.წ. შუმოკი და ასეთი უპირობო, სამარცხვინო მორჩილება ციხის თანამშრომელებისა, მართლაც კორუფციითაა განპირობებული. მე, ახლა, ვეყრდნობი აუდიტორულ დასკვნას, რომელიც გამოძიებული არ არის. ამიტომ, რაღაცნაირად შევხედოთ ამ პერსონალითს, როგორც განსაკუთრებულს, იმიტომ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ყველა განსაკუთრებულია უთუოდ, მით უმეტეს სააკაშვილი და რაღაცნაირად უფრო გონივრულად მივუდგეთ იმ ყველაფერს, რაც ვნახეთ. სამარცხვინო, მძიმე სანახავი იყო და ჩვენი თაობები არ უნდა უყურებდნენ ამას. მე რაც არ მომწონდა ყოფილი ხელისუფლების დროს, ვერაფრით მოგიწონებთ თქვენ“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ იმედოვნებდა, პარლამენტში ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს იხილავდა მისი გამოსვლის დროს, რაზეც ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ "აღნიშნული პარტია მყარად ჩამოყალიბდა ქუჩის მოძრაობად“.
"თქვენ საინტერესოდ და ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ რიგი საკითხებით აქტიურად მანიპულირების მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობა“ დარბაზში არ იმყოფება და არ ესწრება თქვენ მოსმენებს. ეს გარკვეულ ფაქტზე მიგვანიშნებს, რომ მათ თქვენთან პირისპირ ოპონირება უჭირთ და რა თქმა უნდა, გარკვეული საკითხებით მანიპულირება ცალმხრივად უფრო მარტივია. მეორე - აღნიშნული პარტია მყარად ჩამოყალიბდა ქუჩის მოძრაობად და მათ არაფერი აქვთ საერთო დემოკრატიულ პროცესებთან. ეს სამწუხაროა მათი ამომრჩევლისთვის“, განაცხადა ნინო წილოსანმა.