ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა და კლოდ კერნმა 8-10 დეკემბერს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ქვეყანაში არსებული უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატის გამო, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ პოლიტიკურ თანამშრომლობასა და დიალოგს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ეს ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობასა და დემოკრატიულ კონსოლიდაციას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მიერ წლების განმავლობაში ამ კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს", - აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები.
თანამომხსენებლები ხაზს უსვამენ, რომ დემოკრატიული კონსოლიდაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის საერთო პასუხისმგებლობა და ამიტომ მოუწოდებენ მათ, განსაკუთრებით ორ უდიდეს პარტიას, „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ქვეყნის საერთო ინტერესები ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ სტრატეგიაზე მაღლა დააყენონ.
მომხსენებლები აცხადებენ, რომ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივმა არჩევნებმა სულ უფრო არასასიამოვნო და საკამათო საარჩევნო გარემო გამოიწვია.
„თანამომხსენებლები მიესალმებიან, რომ საარჩევნო კოდექსის შეთანხმებული რეფორმის შედეგად, არჩევნების სამართლებრივი ჩარჩო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რამაც დადებითი ზეგავლენა მოახდინა საარჩევნო პროცესის ორგანიზებაზე. ამავდროულად, ისინი გამოთქვამენ შეშფოთებას ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, ასევე ძალადობის შემთხვევების გამო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს და საჭიროების შემთხვევაში განიხილოს ყველა ბრალდება და ინფორმაცია საარჩევნო გადაცდომის შესახებ,“- აღნიშნულია განცხადებაში.
თანამომხსენებლები მიიჩნევენ, რომ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება საქართველოს მოქალაქეების სრული ნდობა, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის აუცილებელი პირობაა.
„აღიარებენ რა ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს, თანამომხსენებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ჩაატარონ მესამე და მეოთხე ტალღის ყოვლისმომცველი და დამოუკიდებელი შეფასება, რომელიც შეთანხმებული იყო მიშელის შეთანხმებით. ასეთმა ყოვლისმომცველმა შეფასებამ, რომელიც დამოუკიდებლად უნდა განხორციელდეს საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად, უნდა გამოავლინოს წარმატების სფეროები, ასევე დარჩენილი ხარვეზები და უნდა წარმართოს მომავალი რეფორმები. მომხსენებლები მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ასეთ დამოუკიდებელ შეფასებაში.
ამ კუთხით მომხსენებლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა განაგრძო უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნა. მომხსენებლები მიიჩნევენ, რომ ეს ხაზს უსვამს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმის აუცილებლობას, რომლის ფუნქციონირება კვლავ დაბრკოლებად რჩება ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და სანდო სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებისთვის,“- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მომხსენებლებმა გამოთქვეს შეშფოთება „ლგბტი თემის მიმართ ჰომოფობიისა და შეუწყნარებლობის მზარდი საჯარო გამოხატვის გამო.“
„ამ კონტექსტში მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმები და კონტრდემონსტრაციები, რომლებიც მოხდა პრაიდის კვირეულის დროს 2021 წლის ივლისში. მომხსენებლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ ეს ძალადობრივი ქმედებები და დამნაშავეები დაისაჯონ,“- აღნიშნულია განცხადებაში.
მომხსენებლები ასამბლეას 2022 წლის პირველ ნახევარში წარუდგენენ თავიანთ ანგარიშს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.