ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ნიკოს ფოტოს აქვეყნებს, რომელიც 2020 წლის 19 დეკემბერს, ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარშია გადაღებული.
იზა ომაძე ფოტოსთან ერთად შემდეგ პოსტსაც აქვეყნებს:
"ეს შარშან იყო…წავედით, ერთად ტაძარში, ვევედრეთ, ვესაუბრეთ წმინდა ნიკოლოზს, მაგრამ მსგავსი არაფერი გვითხოვია, ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ მსგავსი ბოროტება არსებობდა. ნიკოლოზობას გილოცავთ ნიკო, ნიკოლოზ, ჩვენო პირველო სიხარულო და პირველო განუზომელო ტკივილო!!!
წმინდა ნიკოლოზი გფარავდეს ზეცაშიც, ჩემო ზეციურო ანგელოზო, მას შევთხოვთ იქაც შენს მფარველობას. წმინდა ნიკოლოზს შევთხოვ რომ “გონი მიეცი განმსჯელებს, სინანული მკვლელებს და მის მშობლებს, მკვლელობის დამკვეთებსდა ხელშემწყობებს…უზომოდ გვენატრები და გაუსაძლისია უშენოთ ყოველი დღე.
ნიკო შენი და ჩვენი ოჯახის სახელით ყველას ვულოცავ ნიკოლოზობას, მისი მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ. შეგეწიოთ და გიწინამძღვროთ წმინდა ნიკოლოზმა, მე კი მინდა მადლიერება გამოვხატო, ჩვენი მეგობრების, სრულიად უცნობი ადამიანების წინაშე, ვინც თავის წილ სიყვარულს გიგზავნის ყოველდღიურად (ლექსად, საჩუქრად, ჩანახატად).
P.S. მინდა პატიება გთხოვოთ, ჩემი ემოციების გამოხატვის გამო, ასე საჯაროდ სოციალურ სივრცეში, მაგრამ გპირდებით კანონის აღსრულების შემდეგ მხოლოდ ნიკოს სახელით გაკეთებულ კეთილ საქმეებზე მოგიყვებით", - წერს იზა ომაძე.
ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ და მის მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განახორციელეს. 22 წლის ახალგაზრდა მომხდარიდან მეორე დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკვლელობა მალევე გახსნა შინაგან საქმეთა სამინისრტომ, თუმცა ბრალდებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმალვაში იყვნენ. პოლიციამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში, ერთ-ერთ აგარაკზე აიყვანა.
მომხდარი ფაქტის შემდეგ მედიაში იწერებოდა, რომ მკვლელობა შურისძიების მიტოვით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით კვარაცხელია, მამაზე, ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიაზე შურისძიების მოტივით მოკლეს. შემკვეთებად 20 წლის წინ მოკლული "კანონიერი ქურდის", დავით კაკულიას შვილები სახელდებიან.
ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.