ავტორი:

"რეგიონში ტურბულენტობაა..." - "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი და საქართველო მსოფლიოსა და რეგიონში გავლენების განაწილების ახლებური მცდელობების ჭრილში

"რეგიონში ტურბულენტობაა..." - "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი და საქართველო მსოფლიოსა და რეგიონში გავლენების განაწილების ახლებური მცდელობების ჭრილში

17 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი, რომელიც, ექსპერტთა შეფასებით, საკმაოდ უინტერესო გამოდგა. იმ ხუთი ქვეყნისთვის, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ (ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სამიტს არ დაესწრო), ევროკავშირს განსაკუთრებული არაფერი შეუთავაზებია. თუ დღეს ევროპასა თუ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას გავითვალისწინებთ, ეს იქნებ არც იყოს გასაკვირი - პანდემია, ენერგომატარებლებზე მზარდი ფასები, რუსეთის მიერ იარაღის ჟღარუნი ისედაც მეტისმეტად პრაგმატულ ევროპას, სავარაუდოდ, უფრო ფრთხილი მოქმედებისკენ უბიძგებს. არის თუ არა ნამდვილად ასე, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საქართველოს რუსეთი ექაჩება ფორმატში "3+3“, რომელიც კრემლს ყველზე მეტად რეგიონიდან დასავლეთისთვის ფეხის ამოსაკვეთად სჭირდება.

"მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში 6 სახელმწიფოა ჩართული, თუმცა მასში აქტიური მონაწილეობის სურვილი ყველას თანაბრად არ გააჩნია. ამას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს - თუკი აზერბაიჯანს ნაკლები ნდობა აქვს, სომხეთზე რუსეთის მხრიდან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს. რაც შეეხება ბელარუსს - ის არათუ მშვიდობის ხელშემწყობი, მიგრაციის კრიზისის ერთ-ერთი ავტორია. ვგულისხმობ, ლატვიის, ლიეტუვის და პოლონეთის საზღვრებზე მიგრანტთა უკანონო შედინებაზე. შესაბამისად, დარჩა 3 ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპასთან ახლო ურთიერთობა მნიშვნელოვანია - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა“, - ამბობს საერთაშორისო საკითხთა ექსპერტი გიორგი გობრონიძე, რომლის შეფასებითაც, საქართველოს ევროპულ პარტნიორებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები აქვს.

"ამაზე მიუთითებს დანიელსონისა და მიშელის ხშირი ვიზიტები, მათი დამოკიდებულებები და მიღებული შედეგები - ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ ზარ-ზეიმით მიღებული შეთანხმების შესრულებაზე უარი თქვა. რაც შეეხება სამიტზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვს, ეს საკმაოდ სტანდარტული გამოსვლა იყო. ამასთანავე, ერთია იცოდე თუ რა გჭირდება პარტნიორებისგან და მეორე, თუ რა ძალისხმევას იჩენ მის განსახორციელებლად.

საგულისხმოა, რამდენად გვაქვს გააზრებული ჩვენი ვალდებულებები. სხვათა შორის, ნდობის პრობლემა არის არა მხოლოდ ევროსტრუქტურებთან, არამედ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თანაც. შარლ მიშელის უამრავი მცდელობის მიუხედავად, ხელშესახები შედეგები მაინც ვერ მივიღეთ და მათ უჩნდებათ შეკითხვა - აქვს კი აზრი მათ ქმედებებს? როცა რაღაც ფუჭად ჩაივლის, შემდეგ გაქვს განცდა, რომ მომავალში აქტიურობა მნიშვნელობას კარგავს.

ჩვენ თუ აქამდე მივედით, რომ გვიხარია და კარგია ის, რომ სანქციებს ავცდით, მაშინ მართლა კარგად ყოფილა საქმე. გავიხსენოთ, ვის უწესებენ სანქციებს? - ბელარუსს, რუსეთს, ირანს. ჩვენი სურვილები და მისწრაფებები გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი უნდა იყოს“, - ამბობს გობრონიძე.

ექსპერტ თენგიზ ფხალაძის თქმით, სამიტის შედგებზე სუბრისას ყველაზე მნიშვნელოვანია კონტექსტია.

"ვგულისხმობ არა მხოლოდ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ზოგადად, შავი ზღვის რეგიონსა თუ თვითონ ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, რომელთაც, ძირითადად, რუსეთი ქმნის. შესაბამისად, ეს სამიტი ვერ იქნებოდა რიგითი მოვლენა. მნიშვნელოვანია, რომ ნათლად წარმოჩნდა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ფორმატი, რაც ჩვენთვის ნამდვილად კარგია. მკაფიოდ ითქვა, რომ ამ ქვეყნებს აქვთ სხვა მისწრაფებები, რომელთაც აღიარებს ევროკავშირი და არა მხოლოდ აღიარებს, მზად არის, ხელი შეუწყოს მათ განხორციელებაში. მაგალითად, საქართველოს განათლების სისტემა გახდა Horizon Europe-ის ნაწილი, რაც ნიშნავს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან მედიაციასა და კოორდინირებულ მუშაობას. გარდა ამისა, სამიტის დეკლარაციაში გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი; ასევე არის ჩანაწერი იმ პროექტების განვითარების შესახებ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს პარტნიორობის ქვეყნების მეტ დაახლოებას და ევროკავშირში ინტეგრაციას. ცხადია, ვისურვებდი, რომ დეკლარაციას მალევე მოჰყვეს რეალური პროექტები და კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც სექტორულ ინტეგრაციაში დაგვეხმარება. დეკლარაციაში ლაპარაკია ფინანსურ დახმარებაზეც, რომელსაც მიიღებენ პარტნიორობის წევრები, მათ შორის - საქართველოც”, - ამბობს ფხალაძე.

ფაქტია, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის არსებობს პრობლემები, რაც დიდწილად საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

"რთულია, ამის მიზეზები ზუსტად ამტკიცო. შესაძლოა ათვლის წერტილი თავის დროზე, პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა იყო. არ გამოვრიცხავ, მთავარი განმსაზღვრელი სასამართლოს საშინელი რეფორმაც ყოფილიყო. კიდევ ერთი სირთულე ანაკლიის პორტის შეჩერებაა. წარმოიდგინეთ, ერთ დღეს პრემიერი ბახტაძე ამბობს, რომ პროცესი გაგრძელდება, რამდენიმე დღეში კი პორტის მშენებლობა ჩერდება. როგორ აღიქმებოდა ეს საერთაშორისო მეგობრების თვალში?

გაუგებარი იყო სხვა საკითხებიც - მაგალითად, ევროპული პოლიტიკის მიმართ ტონალობა. ხშირად ფაქტებს უცნაური ახსნას ვუძებნიდით.. ის, რომ თურმე მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი თუ სენატის წევრი გვაკრიტიკებს, არასერიოზული ნათქვამის. სწორედ ისინი მუშაობენ საქართველოს საკითხზე, შესაბამისად დასკვნებსაც ისინი აკეთებენ, თუმცა ეს ყველას აზრს გამოხატავს. აბსოლუტურად არამეცნიერული, არაეთიკური და არასერიოზული იქნება, ვინმეს რუსული ინტერესების გატარება დავაბრალო. შესაძლოა, კურსი დეკლარირებულად რუსეთის სასარგებლო არ იყოს, თუმცა დაშვებული შეცდომები რომ რუსეთის ინტერესებს აძლიერებს, ამ ფაქტს ვერსად გავექცევით.

2008 წლიდან დღემდე, რუსეთთან მიმართებაში ქართული დიპლომატია უფრო ბიპოლარულ აშლილობას ჰგავს. გადავხედოოთ, რა ურთიერთობები გვაქვს პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკური კუთხით.

მაგალითად, რუსი აქტორები წარმატებით ოპერირებენ და ეს მხოლოდ "ბილაინს“ ან "იანდექსს“ არ შეეხება, აქ იგულისხმება ენერგოკომპანიები. ამავდროულად, სატრანსპორტო შეზღუდვებს რუსი ტურისტების აქტიურ შემოსვლაში ხელი არ შეუშლია. ამავდროულად, ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლის თითოეულ განცხადებას მეტი დელიკატურობა მოეთხოვება. მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში პრემიერ ღარიბაშვილის მხრიდან რევანშზე ღია საუბარი გვესმის - ის, რომ შესაძლოა, ყოფილ პრეზიდენტს მუხლები დაემატოს. ისედაც არამყარი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ნდობას უფრო მეტი დარტყმის ქვეშ აყენებს“, - აცხადებს გიორგი გობრონიძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან გარე საფრთხეებზე მოქნილი რეაგირება არ ხდება.

"რეგიონში ტურბულენტობაა. საჭიროა უფრო მეტი პროგნოზირებადი ნაბიჯები - გარკვეულ პერიოდში ესა თუ ის ქმედება რა შედეგებს მოგვცემს. გასაგებია არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკა. მნიშვნელოვანია, რა ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ და როგორია გაწერილი გეგმა. ხელისუფლების მხრიდან საფრთხეებზე მოქნილ რეაგირებას ვერ ვამჩნევთ. რეგიონში რუსული, თურქული და ირანის გავლენები იზრდება, ამ თემას კი ქართული საინფორმაციო სივრცე საერთოდ არ ეთმობა. თუნდაც სამეზობლო პოლიტიკა და პოზიტიური როლი ავიღოთ - ის ერთჯერადი აქტი არ უნდა იყოს. საგულისხმო რამეს გეტყვით - ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია 2011 წლის შემდეგ არ შეცვლილა - არადა, ამ წლებში იმდენი რამ შეიცვალა. ამიტომ, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?

საქართველოს აქვს შანსი, რეგიონში გავლენები გაზარდოს და უფრო დიდი შესაძლებლობები მიიღოს. მიუხედავად ჩვენთან არსებული არასტაბილური მდგომარეობისა, აქ მაინც ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ფუნქცია გვაქვს, რასაც შესაბამისი გამოყენება სჭირდება.

პირველ რიგში, აუცილებელია პროგნოზირებადი გარემო შეიქმნას. ამისთვის ინსტიტუტები ბოლომდე ჩამოყალიბებული უნდა იყოს. "ა“ პუნქტიდან "ბ“ პუნქტამდე გეგმაზომიერად უნდა მივიდე. არჩევნები ძალაუფლების გადაცემის მექანიზმი უნდა იყოს და არა აპოკალიფსის ნიშანი“, - ამბობს ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორბის“ სამიტამდე მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ შეხვედრაში არ მონაწილეობდა და არც ამ პლატფორმაში გაწევრებას აპირებს, ამ თავყრილობაზე პროვოკაციულად გამოფინეს ქართული დროში. ისმის კითხვა, ეს ხომ არ არის გავლენის სფეროების მონიშვნის მცდელობა, ანუ გზავნილი დასავლეთისთვის, საქართველოს ადგილი აქ არისო…

თენგიზ ფხალაძის თქმით, რუსეთი ჯიუტად ეძახის ამ ფორმატს "3+3"-ს როდესაც რეალურად ეს არის "3+2". მისივე განცხადებით, ჩვენ სწორედ ეს უკანასკნელი ტერმინი უნდა დავამკვიდროთ.

"დროშის გამოფენა კი მართლაც პროვოკაცია იყო. რუსეთისთვის ეს იყო როგორც რეგიონული მიმართულების გზავნილი, ასევე გზავნილი დასავლეთისთვისაც. რუსეთი ცდილობს ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამ რეგიონში მისი შეფასებით უცხოს არაფერი ესაქმება, რომ ეს არის მისი გავლენის სფერო, რომელსაც, მისივე წარმოდგენით, იყოფს ირანსა და თურქეთთან. კრემლი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ ეს რეგიონი დასავლეთისთვის ჩაკეტილია და ის აქ არ უნდა შემოვიდეს. ასევე ცდილობს შეამოწმოს ჩვენი რეაქცია - როგორ გამოეხმაურება ამგვარ პროვოკაციას ჩვენი ხელისუფლება თუ საზოგადოება. რაც შეეხება ამ ფორმატს, იქ საქართველოს ადგილი ნამდვილად არ არის, მაგრამ გარდა ამისა, ამ ქვეყნების თანამშრომლობაც წარმოუდგენლად რთული მგონია. ეს არის იმ სახელმწიფოების თავყრილობა, რომელთაც ძალიან რთული ურთიერთობა აქვთ. სომხეთ-აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, ისევ საომარ მდგომარეობაში არიან და, ვფიქრობ, ვიდრე სამშვიდობო ხელშეკრულებას არ მოეწერება ხელი, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მათ შორის ომი დასრულდა. რთულია სომხეთსა და თურქეთს შორის დამოკიდებულებაც, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს ნორმალიზების მცდელობებს ვხედავთ. ისტორიულად ძალიან რთული, ცვალებადი და ჩახლართული ურთიერთობა ჩამოყალიბდა ირანსა და თურქეთს შორის, ისევე, როგორ თურქეთსა და რუსეთს შორის... მოკლედ, ისეთი პრობლემების გორგალია ამ ვითომ ერთიანობაში, რომ ამ ფორმატის პერსპექტივის დანახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია...

აქვე ვიტყვი, რომ ამ ფორმატის და, ზოგადად, რუსეთის მიმართ გულხელდაკრეფილი არ უნდა ვიყოთ, პირიქით, რუსეთის ყველა მცდელობა, რეგიონი ჩაკეტოს, ძალიან დამაფიქრებელია და ამის საპირწონედ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან - ვგულისხმობ ევროკავშირს, ნატოს, აშშ-ს, რათა უფრო მასშტაბურად იყვნენ წარმოდგენილნი შავ ზღვაზე და, ზოგადად, რეგიონში”, - განაცხადა ფხალაძემ. წყარო

მოკლედ, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ მთავარი მოთამაშეები გავლენის სფეროების ახლებური განაწილებას ცდილობენ, შესაბამისად, ჩვენს დასავლურ დეკლარირებულ არჩევანს სჭირდება საქმეც - მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება ქვეყნის შიგნით და ასევე აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე. ამასთანავე დასავლეთმაც ბოლოს და ბოლოს უნდა დაინახოს კრემლის მავნე პოლიტიკის შედეგები და ის, რომ რუსეთს რაც მეტად პრაგმატული სიფრთხილით მოექცევი და დაუთმობ, უფრო მეტის წაღებას და მიტაცებას შეეცდება...

ავტორი: ღვთისავარ ანთაძე