ავტორი:

"მაქვს განცდა, რომ პრეზიდენტს ზუსტად ესმის, რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ" - რას ამბობს სალომე სამადაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

"მაქვს განცდა, რომ პრეზიდენტს ზუსტად ესმის, რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ" - რას ამბობს სალომე სამადაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

"ამ ეტაპზე რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, არის აზრთა გაცვლა ინდივიდუალურ ადამიანებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ამის საფუძველზე მას სურს, რომ შეიმუშაოს ერთი მხრივ არქიტექტურა ამ პროცესის და მეორე მხრივ დღის წესრიგი", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, პრეზიდენტთან საუბარი იყო მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, იყო აზრთა გაცვლა და მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, რაზეც ასევე იყო საუბარი შეხვედრის მიმდინარეობისას.

"ყველას გვესმის, რომ ნებისმიერი ეს პროცესი, რომელიც უნდა შედგეს, არის ძალიან რთული პროცესი და კომპლექსური, ამიტომ კონკრეტიკაზე საუბარი მე ვფიქრობ, რომ ჯერ არის ადრე. ამ ეტაპზე რასაც აკეთებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, არის აზრთა გაცვლა, სხვადასხვა ადამიანებთან, ინდივიდუალურ ადამიანებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ამის საფუძველზე მას სურს, რომ უკვე შეიმუშავოს შეიძლება ითქვას არქიტექტურა ერთი მხრივ ამ პროცესის და მეორე მხრივ დღის წესრიგი. ამიტომ დღეს კონკრეტიკაზე საუბარი ადრეა.

ჩვენ დღეს უბრალოდ ვრცლად, თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მე როგორ ვხედავ შესაძლო განვითარებას, ვისაუბრეთ საფრთხეებზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, უმძიმესი ვითარება გვაქვს ყველა ვხედავთ. ამ ეტაპზე ხდება ინტელექტუალური მოთელვა იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ პროცესი, რომელიც მართლა იქნება ამ ქვეყნისთვის გამოსავალი, იმიტომ, რომ აქ ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ მარტო გადაწყვეტილებები უნდა მოვძებნოთ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. ყველას გვესმის, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი არა, უმთავრესი გამოწვევა ქვეყანაში არის როგორც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ასევე ზოგადად, თამაშის წესები, რომელიც ტოვებს განცდას, დიდ ნაწილში საზოგადოების, რომ პოლიტიკური თამაშის წესები არის უსამართლო და ჩვენ დავკარგეთ შანსი, რომ სამართლიანი წესებით ასე ვთქვათ, შევიდეთ პოლიტიკურ პროცესში. ამიტომ ცხადია, ამაზეც გვქონდა საუბარი.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რამხელა ზიანს იღებს ჩვენი ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მაქვს განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ზუსტად ესმის, რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, მან პრეზიდენტ ზურაბიშვილს მისი ფრაქციის, „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივაც გააცნო, რაც გულისხმობს იმას, რომ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე.

"საერთო ხედვა უნდა არსებობდეს მთავარ, სტრატეგიულ საკითხებზე ჩვენი ქვეყნისთვის. მათ შორის პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი ფრაქციის ინიციატივა, რომ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ რეზოლუციას ექნება მხარდაჭერა ყველა პოლიტიკური პარტიიდან, იმიტომ, რომ კონკრეტული გამოხატულება იმის, რომ ჩვენ რაღაცაზე შეიძლება შევთანხმდეთ, არის ასეთი ნაბიჯი, როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთი დიდი აგრესიით თავს ესხმის ჩვენს ნატო-ს დღის წესრიგს, მნიშვნელოვანია პასუხი ქართული საზოგადოებისგან, პასუხი პოლიტიკური სპექტრისგან",-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.