ავტორი:

"ჩვენი ვალდებულებაა, ვიბრძოლოთ ტყვედ აყვანილი ადამიანის გათავისუფლებისთვის" - ნიკა მელია

"ჩვენი ვალდებულებაა, ვიბრძოლოთ ტყვედ აყვანილი ადამიანის გათავისუფლებისთვის" - ნიკა მელია

"მინდა ჩემი სახელით, თქვენი სახელით, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს მეგობარს, ადამიანს, რომელმაც წლების წინ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოს მოდერნიზების პროცესში - ადამიანი შეგნებულად წამოვიდა ბრძოლაზე, მართალ ბრძოლაზე და მისი პატიმრობაში ყოფნის თითოეული დღე ამ რეჟიმს ასუსტებს" - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, მათი ვალდებულებაა, რომ იბრძოლონ „ტყვედ აყვანილი ადამიანის გათავისუფლებისთვის“.

„მინდა ჩემი სახელით, თქვენი სახელით, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს მეგობარს, ადამიანს, რომელმაც წლების წინ უდიდესი წვლილი შეიტანა, თავის მეგობრებთან ერთად ქართული სახელმწიფოს მოდერნიზების პროცესში. მიხეილ სააკაშვილს მივესალმოთ და სიმართლეც ვუთხრათ ერთმანეთს. ადამიანი შეგნებულად წამოვიდა ბრძოლაზე, მართალ ბრძოლაზე და მისი პატიმრობაში ყოფნის თითოეული დღე ამ რეჟიმს ასუსტებს. მისი ტყვეობაში ყოფნა თითოეულ ჩვენგანს გვიქმნის წინაპირობას რეჟიმის საბოლოოდ დამარცხებისთვის. ჩვენ ვალდებულები ვართ, მასთან ერთად, უამრავ, ათიათასობით და ასიათასობით ადამიანთან ერთად ვიბრძოლოთ, ყოველ დღე ჭკუით, სიბრძნით, შემტევითობით ვიბრძოლოთ და ეს ასეც იქნება. არცერთი წამი არ შემპარვია ეჭვი, რომ გამარჯვება არის გარდაუვალი. მხოლოდ შიშველი ემოცია იმ შედეგამდე მიმყვანი შეიძლება არ აღმოჩნდეს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვიბრძოლოთ ტყვედ აყვანილი ადამიანის გათავისუფლებისთვის. ისეთივე შეუპოვრები უნდა ვიყოთ, როგორებიც ვიყავით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მელიამ საკუთარი გამოსვლა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გარდაცვლილი ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ ნუგზარ ფუტკარაძეზე საუბრით დაიწყო, მას მადლობა გადაუხადა და შეკრებილ საზოგადოებას წუთიერი დუმილით მისთვის პატივის მიგებისკენ მოუწოდა.

მელიას თქმით, ფუტკარაძე გახდა სიმბოლო „ხელისუფლების უსამართლობისა და სილაჩრის“.

„როგორც არასდროს, ჩამოყალიბებული ვართ იმ პოზიციაში, რომ გვინდა, ქვეყანა ვიხილოთ ისეთი, როგორიც ჩვენს წინაპრებს უნდოდათ. ამავე დროს გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა. 30 წლის წინ, ზუსტად დღეის სწორს, 21 დეკემბერს პირველი ტყვია გავარდა რუსთაველის გამზირზე. ქართველმა ქართველს ესროლა, რადგან შეურიგებელმა მტრობამ ეს შედეგი მოიტანა. ერთი მხრივ ვალდებულები ვართ, ბრძოლა მომდევნო დღეებში, კვირებში უფრო მაღალ სიხშირესა და ხარისხში ავიყვანოთ, მაგრამ ამავე დროს, ვალდებულები ვართ, გვახსოვდეს, რომ პასუხისმგებლები ვართ თითოეული მოქალაქის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და ამ ქვეყნის სტაბილურობაზე. ვიცით რა, რომ ვერაგი მტერია ჩვენი მოწინააღმდეგე, ვიცით, რომ როდესაც ვერაგ მტერს ებრძვი, შეუპოვარი უნდა იყო, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ვერაგი მტრის ერთ-ერთი ამოცანა სამოქალაქო დაპირისპირებაცაა",- განაცხადა ნიკა მელიამ.