21 დეკემბერს, ოპოზიციამ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში შევარდნა სცადა, ადგილობრივები ბჟანიას გადადგომას ითხოვენ. ენერგეტიკული კრიზისი, უმუშევრობა, "სამართალდამცველების თავგასულობა", "ვეტერანების მიმართ აგდებული დამოკიდებულება" და რაც მთავარია, ე.წ. სუვერენიტეტთან დაკავშირებით საეჭვო განცხადებები - ეს და სხვა მიზეზების გახდა გაერთიანებული ოპოზიციის უკმაყოფილების საფუძველი.
რადიკალურად გაწყობილი პოლიტიკოსები და მათი მომხრეები ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის შენობასთან შეიკრიბნენ ტრანსპარანტებით - "არ დაგანებებთ აფხაზეთის გაყიდვას!.." "რა გაგიკეთებია სამშობლოსთვის?" "ხალხი არ გენდობა, ხალხი დაიღალა ტყუილებით!.." "ბოდიში მოიხადე და წადი", "მოგვეცით დენი და წყალი..." შემდეგ მათ ე.წ. პარლამენტთან გადაინაცვლეს. ცოტა ხანში, მათ სხვა პროტესტანტებიც შეუერთდნენ და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.
Апсныпресс -ის ცნობით, ვითარება დაძაბა ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას დამოკიდებულებამ, რომელიც ოპოზიციას შეჰპირდა, რომ შეხვდებოდა, მაგრამ შემდეგ, "კანონის პატივისცემა" მოიმიზეზა და ამაზე უარი თქვა.
როგორც კი ოპოზიციამ აქცია დააანონსა, ასლან ბჟანიამ მოსახლეობას მოუწოდა, არ მისულიყვნენ "არასანქცირებულ მიტინგზე და უკანონო და ანტისაკონსტიტუციო მოქმედებებში" მონაწილეობა არ მიეღოთ. ოპოზიციას კი ნებისმიერ საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა.
"არავინ უარყოფს, რომ ქვეყანაში პრობლემები არსებობს, მაგრამ სახელმწიფოში არასტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის საფუძველი არ არსებობს. ნებისმიერ კანონდარღვევას გამოვავლენთ და შესაბამის პასუხს გავცემთ", - აცხადებდა ბჟანია.
ამის შემდეგ ე.წ. პარლამენტის შენობის გარშემო ბჟანია-ანქვაბის ანკლავის მუშაობით უკმაყოფილო ადგილობრივები სწრაფად შეიკრიბნენ. ე.წ. ხელმძღვანელობამ სპეცრაზმის მობილიზება მოასწრო, თუმცა ოპოზიციამ ე.წ. მილიციის ავტობუსებით ჩახერგილი კორდონი გაარღვია. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ აქციის მონაწილეები ავტობუსების ამოტრიალებასა და პერიმეტრის გათავისუფლებას. ოპოზიციამ მხარდამჭერებთან ერთად ე.წ. პარლამენტში შევარდნა სცადა, თუმცა, "სპეცრაზმმა" წინააღმდეგობას გაუწია. ადგილობრივების თქმით, ისმოდა სროლის ხმაც, რაზეც შემდეგ ითქვა, რომ სპეცრაზმმა პეტარდები მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენა. ასევე, გამოიყენეს, ცრემლსადენი გაზი. შეტაკებისას დაშავდა ადგილობრივი ტელევიზიის გადამღები ჯგუფი, რომელზეც აფხაზების ცნობით, იერიში გამიზნულად მიიტანეს... ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ წაართვეს მათ კამერა, აგრესიულად მიმართავდნენ ოპერატორს და იქაურობის დატოვებას აიძულებდნენ.
ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ე.წ. პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერებს, ადგურ არდძინბას, თემურ გულიას და ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხელ სანღულიას შეხვდა. შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ბჟანიამ განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერი სახის დიალოგზე, მას შემდეგ, რაც ხალხი დაწყნარდება. საბოლოოდ, სოხუმის ცენტრში შეკრებილი აქციის მონაწილეები, მათი თქმით, დროებით დაიშალნენ.
თუმცა, მათივე ცნობით, ეს დროებითია, რადგან ბჟანიამ ხალხი მოატყუა და "წინასაარჩევნო დაპირებები" ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისი, ჯერაც მოუგვარებელია. ზამთარში კი, გათბობის გარეშე დარჩენილი ადამიანები ან ქუჩაში ანთებენ კოცონს და მის გარშემო იკრიბებიან, ან კორპუსებში მაღალ სართულებში ააქვთ შეშა, რომ არ გაიყინონ.
მოგვიანებით, ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა დააზუსტეს, რომ დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ ადგილი ავტობუსებით არის ჩახერგილი.
ოპოზიცია, ე.წ. მთავრობას მოსახლეობის გაღატაკებასა და კორუფციაში ადანაშაულებს და ყველაზე მწვავე პრობლემების მოსაგვარებლად, მცირე ვადას აძლევს...
ადგილობრივების თქმით, 21 დეკემბრის შემთხვევა აჩვენებს, რომ მოსახლეობა ყველაზე მწვავედ ყოფით პრობლემებზე რეაგირებს, მათთვის აუტანელი აღმოჩნდა ზამთარში გათობის გარეშე ყოფნა. არადა, რამდენიმე თვეა "ასლან ბჟანიასგან აფხაზეთის სუვერენიტეტთან დაკავშირებით საგანგაშო განცხადებები ესმით".
"რამდენიმე დღის წინ, სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას შეხვდა. ეს მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტია, მაგრამ ყველამ ხომ ვიცით, რომ ის რუსეთში მიღებული ფიგურაა. თუ ზერელე განცხადებებს არ ჩავთვლით, არ გახმოვანებულა არც ერთი საკითხი, რაზეც მათ ისაუბრეს. არძინბამ მხოლოდ ერთი ოფიციალური განცხადება გააკეთა და "აფხაზეთის უსაფრთხოების საქმეში გაწეულის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა..." ამისთვის შეხვდნენ?.. მე არ მჯერა. მაგრამ, ხალხს არ სცალია ასეთ თემებზე ფიქრისთვის, 21-ე საუკუნეში შუქი და წყალი არ გვაქვს, მე-7-8 სართულებზე ხელით ვეზიდებით შეშას, წყალს კი ვედროებით... ამ პირობების გამო გამოვედით ქუჩაში და არა სხვა რამისთვის", - წერს სოციალურ ქსელში ფატიმა ხაჯიმბა.
"უსაქმურები. ვინმეს სჯერა, რომ ესენი წავლენ და უკეთესები მოვლენ?.. ხომ ნახეთ, რაც მოხდა 2019 წელს? ხაჯიმბა წავიდა, ბჟანია მოვიდა და მან უფრო ხშირად დაიწყო მოსკოვში სირბილი. ეს ოპოზიცია უფრო ცივილურად მოიქცა, თორემ მაშინ კი ვნახეთ რა უქნეს მთავრობის შენობასაც და ავტობუსებსაც. იარაღით დარბოდა მათი ძველი მეგობარი ახრა ავიძბა, რომელიც შემდეგ ჩამოიშორეს. ასე რომ, დენი და წყალი მოგვცენ და რაც უნდა ის უქნიათ, უკეთესის იმედი არ მაქვს..." - მიაჩნია ეთერ ავიძბას.
"როგორც კი ვითარება დაიძაბა, მაშინვე მოქანდა ინალ არძინბა, რომელიც ამ ბოლოს ბჟანიას საყრდენ კადრად ყალიბდება. რა გულსატკენია ამდენი იმედგაცრუება, პოლიტიკური გადატრიალება ყოველ 3-4 წელში... არძინბა ევროპაში, არ ვიცი და რუსეთში ჩვენს შეყვანას კი ნამდვილად მოინდომებს. ამის წინაპირობები უკვე იკითხება ბჟანიას განცხადებაში." - წერს აცკა ლასურია.