ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებული და აქტიური სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. უნივერსიტეტმა წლის მანძილზე სხვადასხვა მასშტაბური პროექტი განახორციელა, რომელთა მონაწილეებიც დღეს საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ. პროექტების - ვიზუალური მათემატიკის ფესტივალის, მათემატიკის ზამთრის სკოლა 2021-ის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ზაფხულის სკოლა 2021-ის, Extra Curricular Academic Service (ECAS)-ის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს, ასევე მაღალი GPA-ის მქონე სტუდენტებს KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების ხელმძღვანელმა რამაზ ბოჭორიშვილმა სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები გადასცეს.
ვიზუალური მათემატიკის ფესტივალის ფარგლებში KIU-ს მეორე კურსის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ შეექმნათ ინოვაციური და შთამბეჭდავი პროექტები. ასეთ გასაოცარ პროექტებს შორისაა - მათემატიკური ფორმულების შედეგები და მათი ვიზუალიზაცია, ჰარმონოგრაფი, მათემატიკური თავგადასავალი, აბა დამიჭირე, სამყარო - უდიდესი მათემატიკოსი, შავი ხვრელი, ზუსტი ანარეკლის ობიექტური ასახვა.
„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, ვიზუალური მათემატიკის ფესტივალის, მათემატიკის ზამთრის სკოლისა და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ზაფხულის სკოლის გამარჯვებულები. მათ გადავეცით სპეციალური პრიზები. იმედი გვაქვს, რომ ეს დაეხმარება და წაახალისებს ახალგაზრდებს, რათა ისწავლონ ჩვენს აკადემიურ სივრცეში და გახდნენ წარმატებულები“, - აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.
გამარჯვებული სტუდენტები საკუთარი პროექტების შესახებ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის გამოცდილება კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გამოადგებათ.
„ვმონაწილეობდი ვიზუალური მათემატიკის ფესტივალში, რომლის ფარგლებშიც მე და ჩემი გუნდი შევეცადეთ გაგვეკეთებინა გრავიტაციის სიმულაცია და, ასევე საკმაოდ ცნობილი ამოცანის - 4 ჭიამაიას განზოგადების ვიზუალიზაცია. ჩვენს ნომინაციაში ავიღეთ პირველი ადგილი. ღონისძიებაზე რექტორმა წაახალისა სტუდენტთა აკადემიური მოსწრებაც და 4.0 GPA-ის მქონე სტუდენტებს პლანშეტები გადმოგვცა, 3.5-ზე მაღალი GPA-ის მქონე პირებს კი, ბრენდირებული ჰუდები“, - განაცხადა რექტორის სტიპენდიანტმა თომა ფირცხელანმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების მიზნით მსგავს პროექტებს მომავალშიც განახორციელებს.
NS