"ვიყოთ ძალიან მოკრძალებული წელს - კი, ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ვიყოთ მოკრძალებული თუ შეიძლება, რამდენადაც შესაძლებელია" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოს თითქმის არცერთ ქვეყანაში მკაცრ "ლოკდაუნებს“ აღარ მიმართავენ და ყურადღება გამახვილებულია რეკომენდაციების და წესების აღსრულებაზე.
"არავინ არ ჩაკეტავს ქვეყანას, არც ევროპული ქვეყნები საშობაოდ არ კეტავენ ქვეყნებს და უკვე ეს ჩაკეტვები აღარ არის სრული, ე.წ. ძლიერი ლოკდაუნები, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა. მძლავრი "ლოკდაუნები“ არ არის, ყველგან საუბარია წესრიგის დაცვაზე, წესების და რეკომენდაციების დაცვაზე და მათი აღსრულების მაქსიმალურ კონტროლზე. ამაზეა საუბარი, რომ არ შეიკრიბოს 50-ზე მეტი ადამიანი გარე სივრცეში, თუ შესაძლებელია, არ შეიკრიბოს 10-ზე მეტი ადამიანი ერთ ოჯახში, თუ შესაძლებელია. გადადების ყველაზე დიდი რისკია, როცა არის სუფრა და არის კვება, როცა ადამიანი პირბადეს იხსნის, მით უმეტეს "ომიკრონის“ დროს, როცა 3-4-ჯერ არის მომატებული გადამდებლობა, სწრაფი გავრცელებაა. ამ დროს ეს საშიშროებაა ამიტომ, ელემენტარული წესი და რიგი ყველამ უნდა დავიცვათ, სხვა გამოსავალი არ არის”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.