ხათუნა ჭინჭარაშვილისთვის ბოლო რამდენიმე წელი მძიმე და სტრესებით სავსე აღმოჩნდა. ჯერ მეუღლე დაკარგა, ჟურნალისტი ზვიად თხელიძე. ის ხადას ხეობაში გადასაღებად იყო წასული, რომ ტრაგიკულად დაიღუპა (ეს გახმაურებული ამბავი ბევრს ემახსოვრება). შემდეგ კი ხათუნას საკუთარი ჯანმრთელობისთვის სერიოზული ბრძოლა დასჭირდა - მან კიბო ორჯერ დაამარცხა. საკუთარ თავში ამისთვის ძალები იპოვა და დღეს სხვა ონკოპაციენტებს ეხმარება. პროფესიით კომპიუტერული სისტემების სპეციალისტია, თუმცა წლებია ფინანსისტად მუშაობს, ჰყავს ორი შვილი და მამის გარეშე დარჩენილ ბავშვებს გვერდით მხნედ უდგას.
ხათუნა ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია და იმ რთულ გზაზე გვესაუბრება, რაც გამოიარა:
- ერთ დღესაც შემთხვევით, ხელის გასინჯვით მკერდზე რაღაც სიმაგრე აღმოვაჩინე. უცებ გონებაში გამიელვა, კიბო ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ აზრი აღარ განვავრცე, რადგან არასდროს მიფიქრია, რომ კიბო დამემართებოდა და ამიტომ, ის აზრი იქვე გავაქარწყლე, თან, 10 თვის წინ სკრინინგი მქონდა ჩატარებული, მაგრამ ექიმთან მაინც მივედი. მოკლედ, დამისვეს მძიმე დიაგნოზი - ავთვისებიანი სიმსივნე. აქ კარგი ის იყო, როგორც ვთქვი, 10 თვის წინ მქონდა სკრინინგი ჩატარებული და ისე გამოვიდა, რომ დაავადება საწყის ეტაპზე აღმოვაჩინე - პირველი სტადია იყო და არამეტასტაზირებული.
- ემოციურად როგორ შეხვდით ამ ყველაფერს?
- არც ნათესავებში და არც გარშემო ონკოპაციენტი არავინ მყოლია, რაიმე გამოცდილება რომ მქონოდა. ამიტომ ამ ამბავმა ჩემში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ კიბო კლავს. მოკლედ, 2018 წლის მარტში სასიკვდილო განაჩენის წინაშე დავდექი და ცხადია, დავითრგუნე. შემდეგ გავიგე, რომ მისი განკურნება საწყის ეტაპზე შეიძლება, რომ ამისთვის ბევრი პრეპარატი არსებობს.
- პირველი ვის გაანდეთ და ვის უთხარით, თუ პირიქით, გადაწყვიტეთ, არავის გაეგო და ექიმებთან ერთად თავად გამკლავებოდით დაავადებას?
- ყველა ეს ფიქრი მქონდა. უპირველესი მაინც ის იყო, რომ სასიკვდილო განაჩენის წინაშე აღმოვჩნდი. მერე ინტერნეტში უამრავ ინფორმაციას მივეძალე. აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ მაქსიმუმი 5 წელი იყო. ეს რომ წავიკითხე, ვთქვი - არ მაწყობს-მეთქი, რადგანაც ჩემი უმცროსი შვილის ასაკი გამოვთვალე. კესო ახლა 12 წლის არის. მქონდა ასეთი განცდაც, სამყარომ გამომარჩია და თქვა, შენ არ მჭირდები, საჭირო აღარ ხარ და გიშორებ! უმძიმესია, უსუსური, უუნარო ხარ, არ იცი, რა გააკეთო. შემდეგ პროტესტის განცდა გამიჩნდა და ვთქვი, რაღაც უნდა მოვიფიქრო-მეთქი. ჩემი მდგომარეობის შესახებ ვუთხარი ჩემს დას, მეგობარს, გარემოცვას, მაგრამ მშობლებისთვის არ მითქვამს. მათ მხოლოდ მერე გავაგებინე, როცა მკურნალობას მოვრჩი. მანამდე არ მქონდა იმდენი ენერგია, რომ ამაზე მათთან მესაუბრა.
- როგორ მოახერხეთ, რომ მათ არ გაეგოთ?
- ერთად არ ვცხოვრობთ, დედა და მამა ბევრი წელია, საცხოვრებლად სოფელში გადავიდნენ, რამაც ლავირების საშუალება მომცა. რაღაც მიზეზებს ვიგონებდი, თუმცა ტელეფონით კონტაქტზე სულ ვიყავი. მოკლედ, ჩემი მრავალფეროვანი განცდების და ემოციების მიუხედავად, საბოლოოდ მივიღე ჩემი დიაგნოზი ფაქტად, სხვა გზა არ იყო...
- და დაიწყეთ მკურნალობის რთული პროცესი.
- მასტექტომია ჩამიტარდა - ძუძუ მთლიანად მოიკვეთა. ამას ექიმი წყვეტს, გააჩნია, სიმსივნე სად მდებარეობს. აგრესიული იყო. ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ 18 იმუნოთერაპიის კურსი დამჭირდა, მაგრამ მკურნალობის ერთი წლის თავზე, 2019 წელს, მარცხენა ძუძუზეც აღმოჩნდა პრობლემა. იმავე გზის გავლა თავიდან გახდა საჭირო. რეციდივი არ იყო, სხვაგვარი სიმსივნე იყო, დღესაც არ ვიცი, რა მოხდა. ვამბობ, რომ 2 კიბო მქონდა-მეთქი... წარმოიდგინეთ, თმაც უკვე წამოზრდილი მქონდა და ისევ ოპერაცია, ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპიის კურსის გავლა მომიხდა. მაგრამ ის, რომ სამყარომ გამწირა და მე გამომარჩია, ასეთი ფიქრები აღარ მქონდა, უბრალოდ ვიცოდი, რის გავლა მიწევდა და უბრალოდ მეზარებოდა იმას თავიდან გადატანა...
- ამ ყველაფერს სტიგმა ახლავს ხოლმე და სტიგმა იყო ისიც, როდესაც თუნდაც თავიდან მშობლებს არ უთხარით, ხომ?
- მშობლებს არ ვუთხარი და იმაზეც ვფიქრობდი, შვილებისთვის როგორ მიმეწოდებინა. თავიდან არც ის მინდოდა, ყველას გაეგო იმის გამო, რომ შვილებისთვის ვინმეს არ წამოეძახებინა, დედაშენს კიბო აქვსო და ბავშვები არ დასტრესილიყვნენ. მოკლედ შვილებს ვუთხარი, რომ მქონდა ისეთი დაავადება, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვდა. სიტყვა კიბო არ მიხსენებია. ნორმალურად მიიღეს. შიშის გრძნობა ისე ვაქციე, რომ მათ ამ დაავადების არ ეშინიათ, მათთვის კიბოიანი დედა კი არა, ის დედა ვარ, რომელმაც შეძლო და ის დაამარცხა.
- რამდენი ფიქრი სჭირდება ადამიანს - დაავადებას ებრძოლოს, საზოგადოებრივ აზრს თუ ახლობლების ფსიქიკას გაუფრთხილდეს... ბევრი რამ არის, ხომ?
- კიბო არ არის მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, ასე რომ იყოს, ფანტასტიკური იქნებოდა, მას კომპლექსში მოჰყვება, სტიგმებთან ბრძოლა... სოციალურ კონტაქტებთან ბრძოლა, თვითონ უნდა გაუძლო, გაუმკლავდე, მენტალურად უნდა იყო ყოჩაღად, ფინანსები მოიძიო და ასევე იზრუნო გარშემომყოფების ემოციებზე. წარმოიდგინეთ, დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, ვფიქრობდი, ჩემს ახლობლებს ეს როგორ გავუკეთე, კიბო როგორ დამემართა, ასე როგორ გავიმეტე საკუთარი თავი-მეთქი?! არადა, როგორც მაგალითად კარიესზე არ ვნერვიულობთ, როგორც ვუთხრა ახლობელს, მეზობელს, მეგობარს, ესეც ასე უნდა იყოს. პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი ამ დონეზეა უკვე დასული. იმდენად გადამუშავებული მაქვს, რომ ვეღარც წარმომიდგენია, ამის გამო ვინმეს შევეცოდო. საკუთარი თავი რომ გეცოდება, მერე ამიტომ ეცოდები სხვებს - ეს ამასთან პირდაპირ კავშირშია. შეიძლება ამაზე არ ლაპარაკობ, მაგრამ თუ შინაგანად განიცდი, ამას ასხივებს კიდეც. შემდეგ ეტაპზე უკვე ფსიქოლოგთანაც დავიწყე სიარული, ამ საკითხებთან დაკავშირებით ვიმუშავე და იმ ძირითად მიზეზებამდეც ჩავედი, რამაც ჩემში კიბო გამოიწვია.
- ეს ალბათ ცალსახად იმ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული, როდესაც მეუღლე დაკარგეთ. ის გახმაურებული ამბავი იყო, რომელიც 2016 წელს მოხდა, როცა ზვიად თხელიძე ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, ხადას ხეობაში გადაღებაზე ჩასული, ტრაგიკულად დაიღუპა...
- კი, 2016 წლის მაისი იყო და წელიწად-ნახევარში მოხდა ის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა... ამ გადასახედიდან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კიბო არის შემოლაწუნება, გონზე მოყვანა, გაფრთხილება, რომ რაღაცას ისე არ აკეთებ, უნდა შეცვალო. მივხვდი, კიბო რომ არ დამმართოდა, მოვკვდებოდი... ეს გახდა ის, რამაც ცხოვრებისკენ შემომაბრუნა. ზვიადის წასვლამ მთლიანად შემცვალა, ანუ ცხოვრება რაც მანამდე მქონდა, დამთავრდა. ორი ვარიანტი იყო - ან მეც უნდა დავმთავრებულიყავი, რადგან სამომავლოდ ვერაფერს ვხედავდი, ან მხოლოდ ის ვალდებულები ამეღო, რაც უნდა ამეღო. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. დავიტოვე მხოლოდ ვალდებულებები, რაც გამაჩნდა და მათზე მთლიანად გადავერთე. საკუთარ თავს არც ვუსმენდი, აპათიურ მდგომარეობაში ვიყავი. ის ყველაფერი კი ფსიქოსომატიკაში გადავიდა... კიბო რომ დამემართა, მხოლოდ მაშინ დავიწყე ჩემს თავზე ზრუნვა, თითქოს დავინახე, რომ მეც ვარსებობ და ცოცხალი ვარ.
- ზვიადი რომ ცოცხალი ყოფილიყო და ეს დაავადება მაშინ მოსულიყო თქვენთან...
- ამაზე მიფიქრია. მარტო რომ ვიყავი, ალბათ ამან გამაძლიერა. ზვიადი გვერდით რომ მყოლოდა, შეიძლება ჩემი მხრებიდან ვალდებულებები მომეხსნა და მისთვის დამეკისრებინა - შეგიძლია, ყოჩაღი ხარ-თქო... მნიშვნელოვანია, პაციენტმა პირველივე დღიდან იცოდეს დიაგნოზი.
- არადა, ზოგიერთი ოჯახის წევრი ექიმებს სთხოვს, პაციენტს დაუმალონ დიაგნოზი...
_ კი, არის ასეთი მაგალითები. ამიტომ მნიშვნელოვანია, ადამიანმა დიაგნოზი იცოდეს და თვითონ იყოს მკურნალობის პროცესში ჩართული. ჩემს შემთხვევაში კიბო პროექტად ვაქციე და არ გავიგივდი მასთან. ის როგორც პრობლემა, ისე მოვაგვარე. ის უნდა გასწიო გვერდით, ისე შეხედო და მოაგვარო. არასწორი მიდგომებით ხდება ისიც, როდესაც ამ დროს წყვილებს ურთიერთობა ეძაბებათ...
- მოკლედ, კიბო არის ფსიქოსომატური დაავადება და მას სტრესული სიტუაციები იწვევს... მკურნალობის დაფინანსებაც ცალკე პრობლემაა... როგორ გაუმკლავდით?
- ცალსახაა, რომ ონკოლოგია თავიდან ბოლომდე უნდა ფინანსდებოდეს. ჩემ შემთხვევაში არ ვიცი, რა მოხდა, ვიჯექი და ტელეფონზე მომდიოდა შეტყობინებები, - მირიცხავდნენ ხან ჩემი, ხან ზვიადის მეგობრები. პირველ ეტაპზე 10.000 ლარი ჩამერიცხა. სასწაული მოხდა. არც ვიცი, ვინ მირიცხავდა. ვამბობდი, - ზვიადი მიგზავნის-მეთქი. მართალია, საყოველთაო დაზღვევა ოპერაციას და „ქიმიას“ აფინანსებს, მაგრამ მერე წამლებს და შუალედურ კვლევებს, - არა. არადა, ყველაფერი უნდა ფინანსდებოდეს.
- მიუხედავად იმისა, რომ დაავადებას ერთი სახლი კიბო ჰქვია, ის პერსონალიზებულ მიდგომას მოითხოვს, ხომ?
- კი, მკურნალობის კურსიდან დაწყებული ბოლომდე, ანუ ვის როგორი კურსი სჭირდება. რამდენი ადამიანიც არის, კიბოც იმდენნაირია. ამიტომ არის მიდგომა პერსონალიზებული. ჩვენი ექიმები ევროპულ და ამერიკულ გაიდლაინებს მიჰყვებიან, მაგრამ ვიღაცას სხივები სჭირდება, ვიღაცას ქიმიოთერაპია, ვიღაცას „ქიმიაც“ და ოპერაციაც. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიც იყოს მკურნალობის პაკეტში ჩართული, რასაც სახელმწიფო შესთავაზებს. ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაში რომ დაეხმარონ.
- საპრევენციო ღონისძიებებზე რას იტყვით.
- პრობლემა დავამარცხე და გავიმარჯვე, - ასე არ არის. კიბოზე გამარჯვება არ ნიშნავს, რომ აღარ დაგემართება. ეს იმას ნიშნავს, რომ კიბოსი აღარ მეშინია და ვიცი, როგორ მივხედო. ამიტომ ონკოპაციენტს უნდა ჰქონდეს განვითარებული ონკოსიფხიზლე. 6 თვეში ერთხელ მივდივარ, ვიტარებ გამოკვლევებს. ზოგჯერ სამ თვეში, ერთ თვეში, მაგრამ არიან პაციენტები, რომ აღარ დადიან კვლევებზე, მერე კი ხდება რეციდივები და უკვე შორს წასულია ხოლმე ფორმები. მნიშვნელოვანია ონკოსიფხიზლე ონკოსიმშვიდეს შევუთანხმოთ და ასე ვიმოქმედოთ. ეს ყველაფერი არ უნდა გადავიდეს ისტერიკაში. ჯანმრთელებმაც უნდა ჩაიტარონ სკრინინგი. ამისკენ ყველას მოვუწოდებ.