ავტორი:

"უნივერსიტეტი, სადაც ვსწავლობდი, ფასიანი იყო, ვაკეში, 2 თუ 3-სართულიან შენობაში, 2005 წლამდე იარსება, მერე აკრედიტაცია ვერ გაიარა" - მოსამართლეობის კანდიდატი

"უნივერსიტეტი, სადაც ვსწავლობდი, ფასიანი იყო, ვაკეში, 2 თუ 3-სართულიან შენობაში, 2005 წლამდე იარსება, მერე აკრედიტაცია ვერ გაიარა" - მოსამართლეობის კანდიდატი

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის განათლება არანაირ ეჭვს არ უნდა ბადებდეს, მე თქვენს განათლებაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ რომ აღარ არსებობს უნივერსიტეტი, რომელიც კანდიდატმა დაამთავრა, ეს ცოტა უცნაურია", - ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ამირან ძაბუნიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს.

იოსელიანის განცხადებას ძაბუნიძემ უპასუხა, რომ დღეს აღნიშნული უნივერსიტეტის არარსებობა მისი ნაკლი არ არის.

"აღნიშნული უნივერსისტეტი რომ არ არსებობს, ეს ჩემი ნაკლი ნამდვილად არ არის. მეც ვწუხვარ და ნამდვილად კარგი იქნებოდა, არსებულიყო“,- განაცახდა ძაბუნიძემ.

მანამდე სხდომაზე კანდიდატის განათლებასთან დაკავშირებით კითხვა დასვა "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ და იკითხა, არსებობს თუ არა ახლა მის ბიოგრაფიაში ჩაწერილი ბიზნესისა და სოციალური ეკონომიკის მართვის უნივერსიტეტი.

"ფასიანი იყო, ღირებულება არ მახსოვს. ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობდა. 2 თუ 3-სართულიანი იყო. უნივერსიტეტი, მგონი, ბოლო სართულზე იყო განთავსებული. განხორციელებულ რეფორმების შემდეგ კი აკრედიტაცია ვერ გაიარა. ახლა არ არსებობს. დაახლოებით 2005 წლამდე იარსება ალბათ, არ ვიცი. რექტორი იყო ალფრედ კურატაშვილი“,- განაცხადა ამირან ძაბუნიძემ.

ფრიდონ ინჯიამ მოსამართლეობის კანდიდატს ასევე ჰკითხა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რომელიც მას აღნიშნული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა და დაინტერესდა, კონკრეტულად რას გულისხმობს სამართალმცოდნეობა-მენეჯმენტის ფაკულტეტი.

"რაც ჩემს დიპლომშია ასახული, მგონი გასაგებად წერია. მეტს ვერაფერს ვიტყვი“,- განაცხადა ამირან ძაბუნიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ამირან ძაბუნიძის მოსმენა მიმდინარეობს. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის ანალოგიით წარიმართება, როცა კანდიდატს განსაზღვრული დროის ფარგლებში კითხვებს დაუსვამენ ფრაქციებისა და პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლები და ასევე უფრაქციო დეპუტატები.