ავტორი:

"სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულებმა წარდგენილი ბრალდება აღიარეს" - პროკურორი

"სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულებმა წარდგენილი ბრალდება აღიარეს" - პროკურორი

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულებმა - გიორგი ნარიმანიძემ, ელგუჯა ცომაიამ, ზურაბ და შალვა წოწორიებმა მათთვის წარდგენილი ბრალდება აღიარეს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, სასამართლო მათთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას გადასინჯავს.

როგორც ცნობილია, პროკურატურა დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას, ადვოკატები კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.