ავტორი:

"ეს არის ავანსად გაცემული კეთილგანწყობა" - ლევან იოსელიანი პარლამენტის სპიკერად შალვა პაპუაშვილისთვის მხარდაჭერაზე

"ეს არის ავანსად გაცემული კეთილგანწყობა" - ლევან იოსელიანი პარლამენტის სპიკერად შალვა პაპუაშვილისთვის მხარდაჭერაზე

"ჩვენ მხარს დავუჭერთ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას პარლამენტის სპიკერად. ეს არის ავანსად გაცემული კეთილგანწყობა შალვას მიმართ“,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც იოსელიანი განმარტავს, საარჩევნო რეფორმის დროს შალვა პაპუაშვილისგან თანამშრომლობის და კონსტრუქციული ურთიერთობის შესაძლებლობა დაინახა.

"ოპოზიციიდან თუ ვინმეს აქვს მასთან საქმიანი მუშაობის გამოცდილების ისტორია, ალბათ, ერთადერთი ვარ. ჩვენ ვიყავით თანათავმჯდომარეები საარჩევნო რეფორმის დროს. შალვა პაპუაშვილისგან დავინახე თანამშრომლობის და კონსტრუქციული ურთიერთობის შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში, ჩვენთვის დაძაბულ პერიოდში და ზოგადად, საარჩევნო რეფორმისთვის, რომელიც ერთად განვახორციელეთ. ვფიქრობ, ამიტომაც აღმოჩნდა ეს რეფორმა წარმატებული.

ვადასტურებ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას პარლამენტის სპიკერად. ეს არის ავანსად გაცემული კეთილგანწყობა შალვას მიმართ. იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა, გაგრძელდება“,- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ფრაქცია „ქართული ოცნების" სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა.