ავტორი:

"ვიდრე მზე ამოვაო, ვიდრე, აი, ეს არაგვი ივლისო, იქამდი იდგეს, იქამდი იაროს ამ მიწაზე ქართველი კაცის ფეხმაო..." - რეცეპტები საახალწლო სუფრისთვის "საბას" ლაურეატისგან

"ვიდრე მზე ამოვაო, ვიდრე, აი, ეს არაგვი ივლისო, იქამდი იდგეს, იქამდი იაროს ამ მიწაზე ქართველი კაცის ფეხმაო..." - რეცეპტები საახალწლო სუფრისთვის "საბას" ლაურეატისგან

მასთან საუბარი არ მოგწყინდება, არც მისი მოსმენა დაგღლის, არც მისი მოთხრობილი ამბები და არც მისი ლექსები; მისი ხევსურულ-ფშაური ჩამოლაპარაკება კი ისე შეგიყოლიებს, იოტისოდენა წარმოსახვის უნარი თუ გაქვს, ყოველი სიტყვა, წინადადება თუ ამბავი თვალწინ გაგიცოცხლდება და... წარუშლელ კვალს გიტოვებს. ეს 11 წლის წინ, მასთან პირველივე შეხვედრისას განვიცადე თიანეთში, ფშაველი ხვარამზისადმი მიძღვნილ საღამოზე. ამ ადამიანმა ჩემი ბავშვობის გმირი ქალი, თავისუფლების მოყვარე და სიყვარულის სიმბოლო, მოლექსე-მოშაირე ხვარამზე გამიცოცხლა... მერე თავად მისი ლექსებიც გავიცანი, მისი მონათხრობი "ცოცხალი ამბებიც“ მოვისმინე და მისი გაკეთებული საქმეებიც დავინახე. არასდროს გავუწბილებივარ, პირიქით - რაც დრო გადის, მისგან წამოსული ენერგია, ადამიანობა და ნიჭი კიდევ უფრო აღმაფრთოვანებს. წელს კი იგი კიდევ სხვა რანგში წარმოგვიდგა - წიგნით "მარილი გემოვნებით“ საქართველოში ძალიან პრესტიჟული ლიტერატურული პრემია "საბა“ მოიპოვა.

მწერალი მარიამ ხუცურაული, ფსევდონიმით - "სანათა“, პატარ-პატარა ამბებს სოციალურ ქსელში გზადაგზა, სტატუსებად სულ გვიყვებოდა "ფეისბუქმეგობრებს". შემდეგ ეს ამბები წიგნად აქცია და ჩვენმა გამომცემლობამ - "პალიტრა L“-მა არათუ დაუბეჭდა, არამედ - 2021 წლის ყოველწლიურ ლიტერატურულ პრემია "საბაზეც“ წარადგინა "წლის საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის“ ნომინაციაში. არცთუ დიდი ხანია, მარიამი "პალიტრა L“-თან თანამშრომლობს და ფაქტია, ამ გამომცემლობას, როგორც იტყვიან, კარგი ფეხი ჰქონია მისთვის - წიგნმა "მარილი გემოვნებით“ მართლაც მარილი მოაყარა მის შემოქმედებას და... "საბაც“ მოუტანა. ვულოცავ ჩემს საყვარელ ადამიანსა და მწერალს - მარიამ ხუცურაულს ამ გამარჯვებას და კიდევ ბევრ "საბას“ ვუსურვებ, მანამდე კი...

მარიამ ხუცურაული:

- გამარჯვების რწმენაზე მეტად სურვილი მქონდა. ისეთი სერიოზული კონკურენტები მყავდა, არც მინდა, იმათ კონკურენტები დავუძახო, იმიტომ, რომ ჩემთვის არიან ძალიან პატივსაცემი ადამიანები. ჩვენს ნომინაციაში შვიდნი მოვხვდით მეორე ეტაპზე და დანარჩენი ექვსი, უფრო ზუსტად, მე ვარ "დანარჩენი“ და ისინი არიან ძალიან კარგი ლიტერატორები, კარგი წიგნების ავტორები, ამიტომ რწმენაში ვერ ვიქნებოდი ძალიან მყარად, რომ აუცილებლად მე გავიმარჯვებდი. მაგრამ რაკი მოხდა ეს სასწაული, ჟიურიმ ჩათვალა, რომ თავდაპირველი 31 წიგნიდან ეს შვიდი გამოარჩია და მეც მათ შორის ვიყავი, უკვე გამარჯვების ძალიან დიდი სურვილი მქონდა. ასეთ დროს უნდა გაგიმართლოს, რომ შენს სასარგებლოდ განეწყოს ჟიურის შემადგენლობა, ასევე, განეწყოს სამყარო, ბოლოსდაბოლოს - ვარსკვლავებიც დალაგდეს შენს სასარგებლოდ და რაღაც, სასწაულის დარი რამ მოხდეს. ყველა ჩემი მეგობარი ისეთი მოწადინებული იყო, რომ, მაგალითად, ერთ-ერთი ჯერ კიდევ ზაფხულში თავის კოლეგებთან წარმადგენდა ხოლმე, ჩემი დაქალი, რომელმაც "საბა“ აიღოო. ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი გამარჯვება. ერთი რუსი მეგობარი მყავს, ბავშვობის, ის მეუბნებოდა, აი, მუშტები მაქვს მოკუმული, ეს პრემია აუცილებლად უნდა აიღოო...

- მოკლედ, ყველას მოწადინებით ერთდროულად "გაიხსნა მუშტები“ და სასწაულიც მოხდა, თუმცა, ვფიქრობ, ეს დაიმსახურე, რადგან შენი სამწერლო ენა და ლიტერატურა ძალიან სახალხო და მართალია. ჟიურიც შენმა სიმართლემ მოხიბლა...

- "საბა“ არის ჩემი შრომის, შემოქმედების ძალიან დიდი დაფასება და აღიარება. დიდი ადამიანების პარალელურად მომიწია ცხოვრებამ - ოთარ ჭილაძე, თამაზ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, ჯემალ ქარჩხაძე, გურამ გეგეშიძე... არ ვიცი, რომელი ერთი ვთქვა... ისინი იმ ჰაერს სუნთქავდნენ, იმ საქართველოში, იმ ჟამში, იმ დროში ცხოვრობდნენ, მე რომ ვცხოვრობდი და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - მათი ნაწარმოებების, მათი წიგნების გვერდით - აგერ, სულ ცოტა ხნის წინ გურამ დოჩანაშვილს მისცეს ვაჟა-ფშაველას პრემია და უფრო ადრე მისცეს "საბა“ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის... ღმერთო დიდხანს მიმყოფე ბესიკ ხარანაული - არაერთხელ მისცეს "საბა“ და მე რომ გავიგე, ჩემი წიგნი მეორე ეტაპზე გადავიდა, იმავე საღამოს ჩავხედე სიას და იქ კი ბესიკ ხარანაულის გვარი დავინახე. შიშით შემაჟრჟოლა, ვაიმე, ღმერთო, ბესიკ ხარანაულის გვერდით-მეთქი? ეს დიდი აღიარება იყო. მერე მე და ბესიკ ხარანაული ვხუმრობდით, ერთი გამარჯვება ის არის, მეორე ეტაპზე რომ მოვხვდით და მერე ყველაზე დიდი სიამოვნება ის იქნება, დაჯილდოების ცერემონიალზე "პოდრუჩკით“ რომ აგატარებ-ჩაგატარებო (ვფიქრობდით, სახალხო ცერემონიალი მოეწყობოდა, მაგრამ პანდემიამ ამის საშუალება არ მოგვცა)... თუნდაც ამის წარმოდგენა ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება იყო. მყავს მეგობრები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებისთვისაც, იმის მიუხედავად, ოფიციალურად მივიღებდი თუ არ მივიღებდი "საბას“, "საბა“ უკვე მიღებული მქონდა.

ყველა გამომცემლობას ვუდასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას, მაგრამ რომ არა "პალიტრა L“-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური, არ ვიცი, რა მოხდებოდა, რადგან... ამ ამბების წერა "ფეისბუქსტატუსებად დავიწყე", დაახლოებით, ხუთი წლის წინ. ყველა ადამიანს მინდა ვუსურვო და, პირველ რიგში კი - მიხო მოსულიშვილს, მიხო მოსულიშვილისნაირი ერთგული მეგობარი. კარგა ხანს უყურა, იკითხა, ათვალიერა და აგროვა ეს ჩემი ამბავსტატუსები და ერთ დღესაც წიგნად დალაგებული გამომიგზავნა. მართლა "ავანტიურისტული“ წიგნი გამოვიდა - არც მოთხრობა იყო, არც მკაცრად რეცეპტების ნაკრები; დღიურებივით იყო, ამბების ნაკრები... მერე ძალიან გემოვნებიან მაია ალუდაურს შემახვედრა ღმერთმა, ვინც დაიჯერა, რომ ჩემი "ავანტიურისტული“ წიგნის გამოცემა ღირდა, თანაც ზუსტად ამ სახელით - "მარილი გემოვნებით“. წიგნის რედაქტორი მყავდა შესანიშნავი ლიტერატორი, კულინარი და ჩემი წიგნის პერსონაჟებზე შეყვარებული ირმა იანტბელიძე. ბოლოში კი ისევ მაიამ მოაყარა მარილი წიგნს კონკურსზე წარდგენით - ვფიქრობ, "საბაზე“ გაგზავნაც მაიას ინიციატივა იყო და ნომინაციაც მანვე შეარჩია, თანაც, რა ზუსტად - "ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“. ეს 2021 წლის თებერვალში ხდებოდა, მერე, ივნისის ბოლოს, ჩემმა საამაყო მეგობარმა და რძალმა, ნატო ინგოროყვამ დააბედა ამ წიგნს, - გამარჯვებაც არაა შორს, როცა მარილი გემოვნებითააო, როდესაც ჩემი წიგნი კონკურსანტთა სიაში შეიყვანეს. და დაიძრა მოწყვეტილი ზვავივით ეს სიხარული... შედეგად მივიღე ის, რომ 24 დეკემბრის დილას უკვე "საბას“ ლაურეატად გავიღვიძე!

- რატომ მაინცდამაინც "მარილი გემოვნებით“? და სად და როგორ შეიქმნა ეს მრავალფეროვანი ნაკრები - შენს ოჯახში, სოფელში, სხვა კუთხეებში? ან ვინ არიან მისი პერსონაჟები, გმირები?

- ერთი შეხედვით, ძალიან არაპოპულარული სახელიც კი დავარქვი ჩემს წიგნს მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო არა მხოლოდ ცდილობს მარილის მოხმარების შემცირებას, არამედ - მანიფესტაციებსაც კი აწყობს მისი მოხმარების და მოპოვების საწინააღმდეგოდ, მე მაინც გავბედე და ახლა თავს იმით ვინუგეშებ, რომ ეს წიგნი კულინარიულთან ერთად, ლამის ცოტა უფრო მეტადაც კი, ლიტერატურულიცაა და ლიტერატურაში კიდევ მარილი საკმაოზე მეტად პოპულარულია. მარილი, ქართული (და არა მხოლოდ ქართული) სუფრის საჭირო და აუცილებელი ატრიბურტი რომ არ ყოფილიყო, პურობის, ჭამის წესს ჩვენი წინაპრები პურმარილს რატომ დაარქმევდნენ? ან ყველაფერს უკმარს, ნაკლიანს და უგემურს - უმარილოს? ან მადლს რად დასჭირდებოდა მარილის მოყრა? ან ცხრამთას იქით, აღზევანს, რატომ ივლიდნენ მარილის მოსატანად? ან ბოლოსდაბოლოს, თვით იესო რატომ დაარქმევდა ადამიანებს "მიწის მარილს“?

რაც შეეხება აქ მოთხრობილ ამბებს... ძალიან ბევრჯერ ვთქვი, რომ როცა სიონში ვარ და ფშავში ვარ, იმდენად კოლორიტული ადამიანების გვერდით მიწევს ყოფნა, ესენი არიან მოარული ამბები. სულ ვამბობდი, ხალხო, თქვენ გინდათ ერთი გოდერძი ჩოხელი, რომ თქვენზე წეროს-თქო. მაპატიებს, ალბათ, გოდერძი ჩოხელის სული, მას როგორ გავუტოლებ თავს, მაგრამ... არც მიფიქრია, რომ ამ ამბებს მათზე ვწერდი. მე ვწერდი მათთან დაკავშირებულ ჩემს ამბებს, იმას, რაც ცხოვრებაში ხდებოდა, ჩემი თანდასწრებით, რისი გატანაც და სხვასთან მოყოლაც შეიძლებოდა. საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ მე ვწერდი მათზე. და იქ მეც ვიყავი: ხან დამკვირვებელი, ხან მონაწილე, ხან მათი ამბის გამგები. ამ ადამიანების გვერდით ცხოვრებამ მომცა ბიძგი და დავიწყე ამ ამბების სოციალურ ქსელში გამოქვეყნება.

პარალელურად, მოხდა ორი ამბავი. ერთი ის, რომ მცხეთის გუბერნიაში შემთხვევით გადავეყარე ტიერი ბერიშვილს, მეორე თაობის ემიგრანტს, საფრანგეთში დაბადებულსა და გაზრდილს და საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებულს, რომელიც ძალიან ეხმარება საქართველოში მოღვაწე ხელოვან ადამიანებს. იმ შეხვედრისას მითხრა, რომ აპირებდა ქართული სუფრული ტრადიციების, თამადის ინსტიტუტის შესახებ წიგნის გამოცემას. იმ დროისთვის დაწერილი მქონდა ჩაიზე, პურის, ფშაური ქადების ცხობის და სხვა ტრადიციებზე და რეცეპტებიც მქონდა ჩართული. ეს რომ ვუთხარი, ძალიან მოეწონა, ტექსტები გადმომიგზავნე, აქ გადავათარგმნინებ ფრანგულად და ჩემს ელექტრონულ ჟურნალში გამოვაქვეყნებო. მაგრამ მერე რატომღაც ვეღარ დავუკავშირდი. მაგრამ ეს შემთხვევა სერიოზული ბიძგი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ჩემს მოთხრობილ ამბებში ხაზი გამესვა ქართულ ტრადიციებში ჩადებული კერძების რეცეპტებისთვის. მიხო მოსულიშვილმა წიგნად ქცეული ეს ამბები და რეცეპტები დაალაგა სეზონების მიხედვით. რომ იწყება თებერვალ-მარტში საგაზაფხულო კერძები, მერე მოდის ზაფხულის კერძები, შემოდგომის კერძები და ზამთრის კერძები ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ტრადიციებით. მერე ახალგაზრდა იაპონელმა ქართველოლოგმა ჰაიატე სოტომემ წაიკითხა ჩემი ამბები და მითხრა, - ეს მარადიული თემებია, რაც იკარგება დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ ჯერჯერობით შენარჩუნებულია საქართველოში და ერთი ოჯახის, ერთი სამეგობროს ფონზე მე მასში მთლიან საქართველოს ვხედავ. მას ქართული კერძივით განსაკუთრებული გემო აქვს მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვისო.

მეც ასე, ამბიციურად მომეწონა ის, რომ, თურმე, როგორ საქმეს აკეთებს ეს ჩემი წიგნი, ეს ჩემი ნაწერები. ამის შემდეგ უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე ამ ამბებს, რაღაცები ამოვიღე, რაღაც ჩავამატე და... უკვე სერიოზულად ვიმუშავე - გლეხის გოგოს თმა ჩამოვუვარცხნე, დახეული კაბა ლამაზად დავუკერე და ასე, უბრალო ამბებიდან ნაწერები წიგნად ვაქციე - ანუ მარილი მოვაყარე ჩემი გემოვნებით.

- მოდი, შენი გემოვნებით ჩვენც მოგვიყარე მარილი - წინასაახალწლოდ ერთი-ორი რეცეპტიც გვასწავლე და შენებურად დაგვლოცე...

- მე ვდგავარ იმ ქალების ფესვებზე, ჩემი ბებიები რომ იყვნენ დედიდან და მამიდან, ჩემი დიდი ბებიები რომ იყვნენ, მე ვდგავარ იმ კაცების ფესვზე, და მათ რიცხვშია მამაჩემიც, რომელმაც გამორიცხულია ქადად შესახელებული, თუნდაც მაღაზიაში ნაყიდი ქადა გაჭრას და ყველა დანის გასმას ლოცვა არ დააყოლოს. საერთოდ, ახლოს ვერ მივა ჩემი ლოცვა, აგერ, შუაფხოში შობა-ახალი წელი რომ მოვა და 80 წელს გადაცილებული ბიჭურთ თეკლე, რომელსაც "ქვეყნის ბებოს“ ვეძახით, დამირეკავს და ჩამომლოცავს.

მარიამი და თეკლე ბებო

თეკლე მეტყვის ხოლმე და აგრემც თეკლეს სიტყვა, ჩემგან გაჟღერებული, ისე შეგვეწევა ყველას, ვისთვისაც მატერიალიზებული და მატერიალიზებულამდე გაგონილ სიტყვას ფასი აქვს და ვისაც სწამს, რომ რასაც ჩვენ კოსმოსში ვუშვებთ, აუცილებლად გვიბრუნდება გაათმაგებული უკან. თეკლემ იცის ხოლმე თქმა და ახლა ჩემად გეტყვით, რომ პირიო, მამაჩემის ნალოცი ხატებისკენ მიქნიაო, ვიდრე მზე ამოვაო, ვიდრე, აი, ეს არაგვი ივლისო, ვიდრე გაზაფხულზე თესლი გამოიღება და შემოდგომაზე ჩიტები წაიღებენ და ქვეწარმავლები მიწაში ჩაიტანენ მთელ იმ ნაყოფსო, იქამდი იდგეს, იქამდი იაროს ამ მიწაზე ქართველი კაცის ფეხმაო. არ ვიცი, ამაზე უკეთესი ლოცვა რა ვთქვა... იქამდე ერქვას ჩემს ქვეყანას საქართველო; იქამდე ქართველს ქართველი უყვარდეს; ქართველი ქართველისთვის შორიდან გარედან მოსულ მტერს რომ დავინახავთ და ერთმანეთისთვის ხელის გადახვევა რომ შეგვიძლია - აი, ასეთი სიყვარულით გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიდრე, მართლა, მზე ამოდის, ვიდრე მტკვარი დაღმა მიდის, კასპიის ზღვისკენ და ვიდრე გაზაფხულზე თესლი ღვივდება ქართულ მიწაში!

  • მარიამის "ფეისბუქსტატუსი":

"...თუ გამართლებაა, ასე უნდა გაგიმართლოს, ბედი უნდა დაგებედოს და ყველაზე საინტერესო ამბებს და ყველაზე ერთგულ ადამიანებს გადაგყაროს ცხოვრების გზაზე... მე გადამყარა. არა, კი არ გადამყარა, ზუსტად ამ ამბების და ადამიანების ცენტრში დამასახლა...

და ამ სულმნათმა საბამ, სულ რომ ევროპისკენ გვახედებდა, მარადისობასაც დაგვამგზავრა“...

  • ეს კიდევ რეცეპტები:

გოზინაყი

თაფლი 1 ნახევარლიტრიანი ქილა (750 გრ.)

დაჭრილი ნიგოზი 5 ნახევარლიტრიანი ქილა (1,2 კგ.)

შაქარი 1 ს.კ.

თაფლი უნდა იყოს თხევადი, ნატურალური, გამოკვეთილი გემოების გარეშე. ცოტა შრომატევადი კია, მაგრამ გოზინაყის მომზადებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაასხით თუჯის ქვაბში ერთი ნახევარლიტრიანი ქილა და ურიეთ ხის კოვზით, როცა და რამდენიც გექნებათ დრო. რომ გამყარდება, გაციებული, ოდნავ მოათბეთ ცეცხლზე, რომ მორევა შეძლოთ და ურიეთ ასე, ვიდრე მთლიანად თეთრ, მყარ მასად არ იქცევა. ამას ჰქვია თაფლის საგოზინაყედ მოყვანა. ნიგვზის ჩაყრამდე მუდმივი მორევით გაათბობთ ცეცხლზე, სრულ კარამელიზირებამდე. როცა ცხელი თაფლის წვეთი ცივ წყალში ჩაგდებით იმწამსვე გამყარდება, თაფლი მზადაა.

თეთრი, ხორციანი ნიგოზი ნელ ცეცხლზე მოხალეთ, გააცალეთ ფერფლი და დაჭერით თხლად ბასრი დანით იმდენი, რომ დაჭრილი გამოვიდეს 5 ნახევარლიტრიანი ქილა. ძალიან დაბალ ცეცხლზე შეათბეთ უკვე მოყვანილი (კარამელიზირებული) თაფლი. ჩააყარეთ 1 ს.კ. შაქარი და მერე 5 ნახევარლიტრიანი ქილა დაჭრილი ნიგოზი, კარგად ამოურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე მოსაშუშად დაახლოებით 15 წუთს.

გადმოიღეთ ცხელი გოზინაყის მასა სველ დაფაზე, მოასწორეთ სველი კოვზის მიხმარებით და ცხელივე დაჭერით სასურველი ფორმის და ზომის ნაჭრებად.

ქუმელი

მჭადის ფქვილი 1 ჩ.ჭ.

ქერის ფქვილი 1 ჩ.ჭ.

პურის ფქვილი 1 ჩ.ჭ.

ჭვავი 1 ჩ.ჭ.

თაფლი 6 ს.კ.

წყალი 1 ჩ.ჭ.

ქიშმიში 100 გრ.

გარგრის ჩირი 200 გრ.

თხილი 200 გრ.

ფორთოხლის ცედრა,

ვანილი

ოთხივე ფქვილის თითო ჭიქა შეურიეთ ერთმანეთს და კარგად დაზილეთ 1 ჩ. ჭ. წყლის და 6 სუფრის კოვზი თაფლის ნარევით. ზელვას რომ დაამთავრებთ და ერთგვაროვან მასას მიიღებთ, მიამატეთ დაქუცმაცებული 100 გრამი ქიშმიში და 200 გრ. გარგრის ჩირი, ვანილი, ფორთოხლის ცედრა და დაამზადეთ პაწაწინა ბურთულები. მოხალეთ 200 გრ. თხილი, დაჭერით, გაშალეთ ლანგარზე და ამოავლეთ მასში სათითაოდ ყველა გუნდა.

ავტორი: ირმა ხარშილაძე