ავტორი:

"სააკაშვილს შეფარდებული აქვს საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი - რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, ამას მოლანდება, სიზმარი დავარქვათ" - ირაკლი კობახიძე

"სააკაშვილს შეფარდებული აქვს საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი - რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, ამას მოლანდება, სიზმარი დავარქვათ" - ირაკლი კობახიძე

კაცმა იქ 9 მილიონი იქურდა, იქ ადამიანის წამება შეუკვეთა, იქ ტელევიზია მიიტაცა, ხალხს აწამებდა ციხეებში და ამისთვის 6 წელი არის არაფერი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ფონზე, საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი აქვს მისჯილი. მისი თქმით, შურისძიება არ არის ის, როდესაც კანონის წინაშე ადამიანი არის თანასწორი.

"მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, ეს ერთი. მას აქვს შეფარდებული საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხარისხისა, ეს არის 6 წელი, რაც არის მათ შორის ჩვენ მიერ შეცვლილი კანონმდებლობის დამსახურება და მან უნდა მოიხადოს, ბუნებრივია, ამისთვის სასჯელი. შურისძიებას არ ნიშნავს ის, როდესაც კანონის წინაშე ადამიანი არის თანასწორი. არიან ადამიანები, რომლებსაც ბევრად უფრო მსუბუქი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და აქვთ შეფარდებული ზოგს 8 წელი. კაცმა იქ 9 მილიონი იქურდა, იქ ადამიანის წამება შეუკვეთა, იქ ტელევიზია მიიტაცა, ხალხს აწამებდა ციხეებში და ამისთვის 6 წელი არის არაფერი. მკურნალობა დასრულდა 2 კვირის წინ, "რეფიდინგი“ დასრულდა ორი კვირის წინ, რაზეც არსებობს ოფიციალური დასკვნა.

ელენე ხოშტარია ნამდვილად შიმშილობდა და მას ჰქონდა უფრო რთული მდგომარეობა თავის დროზე, როცა დაასრულა შიმშილობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს. უკვე გასულია ლამის 1 თვე და ელენე ხოშტარია ხან ერთ აქციაზეა, ხან მეორეზე და არანაირი პრობლემა არ აქვს. როდესაც ადამიანი, რომელიც რეალურად არც შიმშილობდა, მერე ამბობს, რომ მას მთელი ცხოვრება გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს არის აშკარა დისკრიმინაცია,“ - განაცხადა კობახიძემ.

მან ამასთანავე, მოლანდება უწოდა ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში და ჰოსპიტლიდან ციხეში "გატაცება“ სხვა ქვეყანაში იგეგმება და ამაში რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები არიან ჩართულები.

"მოლანდება დავარქვათ ამას, სიზმარი დავარქვათ. წარმოუდგენელია სერიოზული კომენტარის გაკეთება ასეთ რაღაცებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება. თან რაზეა საუბარი, მას აქვს ინფორმაცია, წავიდეს და მოახსენოს შესაბამის ორგანოებს, მარტივად არის საქმე,“- განაცხადა კობახიძემ.