ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) 2021 წელი წარმატებით დაასრულა. ამის მაჩვენებელია, არა მხოლოდ უნივერსიტეტის გაზრდილი რეიტინგები, არამედ ის შედეგები რომლებსაც KIU-ს სტუდენტებმა მიაღწიეს. პანდემიის მიუხედავად, წელს KIU-ში სასწავლო პროცესის პარალელურად მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
KIU-ს მენეჯმენტის გუნდთან საუბრის დროს, მათ გამოყვეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი, რასაც ამ ახალ გახსნილმა უნივერსიტეტმა ფუნქციონირების მეორე წელს მიაღწია.
2021 წელს სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად KIU-ში განხორციელდა 100-მდე მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის:
- მათემატიკის საზაფხულო სკოლა „ალგებრის და ანალიზის ზოგიერთი სტრუქტურა და გამოყენება“
- კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის საზაფხულო სკოლა „ციფრული აზროვნება 2021“
- π დღისადმი მიძღვნილი მათემატიკის კონკურსი KIU π-DAY MATH CONTEST
- KIU ვიზუალური მათემატიკის ფესტივალი KIU VISUAL MATH FEST
- მათემატიკის ზამთრის სკოლა „კალკულუსის ზოგიერთი რჩეული საკითხი“
2021 წელს KIU-მ უმასპინძლა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც 27 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. მათგან 15 ქვეყნის გუნდი KIU-ს კამპუსში იყო წარმოდგენილი. ჩემპიონატი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. „ფიზიკის მსოფლიო თასზე“ საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის (CELA) ისტორიაში, წელს პირველად, CELA-ს ბორდის სხდომა საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა. 2022 წელს იგეგმება CELA-ს ლიდერობის აკადემიის ჩატარება KIU-ში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს და საჯარო სექტორის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონის და ზოგადად საქართველოს პოპულარიზებას და მომავალი კავშირების დამყარებას ინდუსტრიასა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის.
უნივერსიტეტმა მხარი დაუჭირა ფოტო კონკურსს „KIU Photo Contest,“ რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით და ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილთან თანამშრომლობით განხორციელდა.
KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებს შორის, გერმანელმა პროფესორებმა 15 საუკეთესო სტუდენტი შეარჩიეს, რომლებიც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში გაემგზავრნენ და მსოფლიოს ამ ორი წამყვანი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესს გაეცნენ.
ნიჭიერი მოსწავლეების მხარდასაჭერად უნივერსიტეტი ხელს უწყობს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს, მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსს „M ვექტორი“, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს „ეტალონი“. Mვექტორისა და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები KIU-ში სწავლის შემთხვევაში სწავლისა და კამპუსზე ცხოვრების სტიპენდიებს და დაფინანსებას იღებენ.
KIU-ში წარმატებით ხორციელდება სტუდენტური პროექტების საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა სხვადასხვა სტუდენტური ინიციატივა, მათ შორის, შეიქმნა KIU-ს ფეხბურთის და კალათბურთის გუნდები, რომლებიც უკვე ასპარეზობენ ეროვნულ დონეზე კონკურსებში.
KIU-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან, ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან, საქართველოს რაგბის კავშირთან, განათლების საერთაშორისო ცენტრთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებთან (დაფუძნდა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია).
KIU-მ დააფუძნა საჯარო ლექციების ციკლი, რომლის ფარგლებში 2021 წელს არაერთი საინტერესო ლექცია და პრეზენტაცია ჩატარდა. 2021 წელს უნივერსიტეტს სხვადასხვა დროს ეწვია იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, შვედეთის, უნგრეთის ელჩები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები, პრემიერ მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, გერმანელი და ქართველი მეცნიერები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი და დეკანების დელეგაცია აშშ-დან, გაეროს განვითარების პროგრამის დირექტორი და გუნდი, ინდუსტრიის წარმომადგენლები და სხვა მნიშვნელოვანი სტუმრები, რომლებიც შეხვდნენ სტუდენტებს, დაათვალიერეს KIU-ს კამპუსი და წაიკითხეს საჯარო ლექცია.
KIU-ში წელს ინოვაციების ეკოსისტემის პლატფორმა შეიქმნა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს KIU-ს რეგიონის წამყვან სამეწარმეო უნივერსიტეტად ჩამოყალიბდეს, ინდუსტრიასთან წარმატებული პარტნიორობა დაამყაროს და სტუდენტები მოამზადოს საერთაშორისოდ კონკურენტუნარიან პროფესიონალებად. შედეგად:
- KIU-მ TUM-თან თანამშრომლობით ჩამოაყალიბა ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც აქტიურად მუშაობს KIU-ს ინდუსტრიასთან თანამშრომლობის და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაზე. საბჭოს წევრები არიან უცხოეთის და საქართველოს სხვადასხვა წამყვანი კომპანიების მენეჯმენტის გუნდის წევრები.
- KIU-მ TUM International-თან ერთად ჩაატარა კერძო-საჯარო პარტნიორების სემინარების ციკლი. შედეგად, რამდენიმე პროექტის კონცეფცია შემუშავდა, რაც საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
- თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA).
- GITA-სთან თანამშრომლობით და თანა-დაფინანსებით განახორციელა სტარტაპების აქსელერაციის სასწავლო კურსი სტუდენტებისთვის.
რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, KIU-მ თანამშრომლობა დაიწყო ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან. პროექტის ფარგლებში, KIU-ს პროფესორები იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს STEM დარგებში გამოცდილებას უზიარებენ, ატარებენ ლექციებს-გაკვეთილებს და მოსამზადებელ კურსებს მოსწავლეებისთვის.
ალექსანდრე თევზაძის კომენტარი:
2022 წელს განვითარების ახალ ეტაპზე გადადის უნივერსიტეტის ბაზაზე დაგეგმილი ადრონული თერაპიის ცენტრი. მსოფლიოს წამყვან კომპანიასთან IBA-სთან თანამშრომლობით მიმდინარეობს რეგიონში პირველი პროტონული თერაპიიც ცენტრის პროექტირება, სადაც შესაძლებელი იქნება სიმსივნური დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა. აქვე იქმნება სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელსაც თანამედროვე პროტონული ამაჩქარებელი - ციკლოტრონი მოემსახურება. ცენტრში განხორციელდება საერთაშორისო კვლევითი პროექტები სამედიცინო ფიზიკის, რადიაციული ფიზიკის, რადიოქიმიისა და ბიოფიზიკის მიმართულებით.
მომავალ წელს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცეს დაემატება მულტიდსციპლინური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, რაც ახალ საფეხურზე აიყვანს უნივერსიტეტის კვლევით პოტენციალს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა ახალგაზრდებისათვის იქნება უნიკალური გამოცდილება, რაც მათ დაეხმარება პროფესიულ განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში.
მაგდა მაღრაძის კომენტარი:
KIU უკვე გახდა ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი დღეს საქართველოში, რასაც ერთიანი-ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სხვადასხვა რეიტინგები მოწმობს. ჩვენი მიზანია, რომ უნივერსიტეტი მიმზიდველი იყოს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ასევე ინდუსტრიისა და კერძო-საჯარო პარტნიორებისთვის. ჩვენი მისიაა შევთავაზოთ მაღალი ხარისხის განათლება და საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება, რაც მომავალი პროფესიონალების და მსოფლიოს მოქალაქეების წარმატებული ახალი თაობის ფორმირებას შეუწყობს ხელს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160-მდე ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. უნივერსიტეტმა პირველი სტუდენტები 2020 წელს მიიღო და დღეისათვის უნივერსიტეტში 700-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო უნივერსიტეტი - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International).
NS