ავტორი:

"მსურველებს შემოწირულებისა და საჩუქრების მოტანა შეეძლებათ რესპუბლიკის მოედანზე... " - საპატრიარქოს განცხადება ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით

"მსურველებს შემოწირულებისა და საჩუქრების მოტანა შეეძლებათ რესპუბლიკის მოედანზე... " - საპატრიარქოს განცხადება  ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, 7 იანვარს, ქრისტეშობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, ტრადიციულად, შემოწირული საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება.

"მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში მნიშვნელოვანი დღესასწაულია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წლებია, ყოველ 7 იანვარს თბილისსა და მთელ საქართველოში მოსახლეობა - სასულიერო და საერო პირები აგროვებენ შემოწირულებას, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება.

წელს, 2022 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, ტრადიციულად, შემოწირული საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება.

მსურველებს შემოწირულებისა და სხვადასხვა საჩუქრის მოტანა შეეძლებათ 2022 წლის 7 იანვარს, 12 საათიდან 16 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მათ დახვდებათ იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ჩაიბარებენ და დასარიგებლად დაახარისხებენ საჩუქრებს. შემოწირულების მიტანა ასევე შესაძლებელი იქნება ყოვლადწმინდა სამების ლავრაში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.