ავტორი:

"პუტინს ომი არ სურს... უკრაინაზე თავდასხმა რომ სდომოდა, ამას უკვე გააკეთებდა" - რა შეიცვლება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში?

"პუტინს ომი არ სურს... უკრაინაზე თავდასხმა რომ სდომოდა, ამას უკვე გააკეთებდა" - რა შეიცვლება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში?

რუსეთ-უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობა, რომელსაც მთელი მსოფლიო აკვირდება, ჯერ კიდევ ყურადღების ეპიცენტრში რჩება. დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2 იანვარს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ "თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკა და მისი მოკავშირეები მას გადაჭრით პასუხს გასცემენ."

30 დეკემბერს, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ი და მისი მოკავშირეები მკაცრ სანქციებს დაუწესებენ რუსეთს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, ბაიდენმა და ზელენსკიმ გამოხატეს მხარდაჭერა "დიპლომატიური მცდელობის მიმართ, რომელიც მომავალ კვირაში სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ ორმხრივი დიალოგის სახით დაიწყება ნატოსა და რუსეთ-ნატოს საბჭოს და ეუთოს გზით“. რუსეთსა და აშშ-ს შორის მაღალი დონის მოლაპარაკების პირველი შეხვედრა დაგეგმილია 9-10 იანვარს, ჟენევაში.

  • ეს ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მეორე სატელეფონო საუბარია. თეთრი სახლი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის მობილიზაციის შედეგად შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.

ზელენსკის განცხადებით, მან ბაიდენთან ერთად განიხილა "აშშ-ის და უკრაინის, ასევე სხვა პარტნიორების ერთობლივი ქმედება“ ევროპაში მშვიდობის შენარჩუნების, შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების, რეფორმების და დეოლიგარქიზაციის მიზნით.

დასავლური მედიის ცნობით, 10 იანვარს უსაფრთხოების საკითხებზე ორი ქვეყნის წარმომადგენელთა შედარებით დაბალი რანგის შეხვედრებია დაგეგმილი. შემდეგ კი, 12 იანვარს რუსეთ-ნატოს წარმომადგენლების შეხვედრა შედგება. 13 იანვარს დაგეგმილ ფართო კონფერენციაში კი მონაწილეობას მოსკოვის, ვაშინგტონისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებიც მიიღებენ. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, დამოკიდებულებები სხვადასხვანაირია. რუსეთში მიიჩნევენ, რომ პუტინი დასავლეთთან, ამერიკასა და ნატოსთან უკრაინით ვაჭრობს.

  • თავად უკრაინელი პოლიტოლოგების აზრით, ახლა ყველაფერი საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული.

უკრაინული კვლევითი ცენტრის თავმჯდომარის, ვიტალის კულიკის ცნობით, პუტინისგან კიევისთვის საგანგაშო სიგნალია. "ახლა რუსეთი და ამერიკა შავი ზღვის აუზში გავლენებისთვის იბრძვიან, რაზეც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სტაბილურობაა დამოკიდებული", - აცხადებს უკრაინელი პოლიტოლოგი ria.ru-სთან საუბარში.

tvrain.ru-სთან საუბარში პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი ამბობს, რომ სინამდვილეში, პუტინი უკრაინასთან ომით სპეკულირებს და ომი არ იქნება.

"ეს კარგად ესმით დასავლეთში, მეტიც, ცდილობენ პუტინს სახე შეუნარჩუნონ თავისი მომხრეების წინაშე. ამ მიმართულებით პუტინის გამარჯვება იქნება ვირტუალური, რეალური ომი კი, მხოლოდ ქვეყნის შიგნით იქნება, უკრაინაში გააქტიურდება "მეხუთე კოლონა" და "უცხოელი აგენტურა"... ახლა რეალური ომი კრემლისთვის კატასტროფა იქნება, ეს კარგად ესმის პუტინსაც", - მიიჩნევს ორეშკინი.

კიდევ ერთი პოლიტოლოგის, ანდრეი კორტუნოვის მოსაზრებით, "პუტინს უკრაინაზე თავდასხმა რომ სდომოდა, ამას უკვე გააკეთებდა საიდუმლოდ, "დახურული ფორმით" ისე, როგორც იქცევა სამხედრო ოპერაციების დროს. თავდასხმის შესახებ დანარჩენი საზოგადოება შემდეგ გავიგებდით, როგორ ეს მოხდა 2014 წელს უკრაინასთან დაკავშირებით და უფრო ადრე, 2008 წელს, საქართველოში... თუმცა, პუტინი ახლა შიდა მოსახლეობის დასანახად, დემონსტრაციულად მოქმედებს. კრემლის დავალება იმაში მდგომარეობს, რომ სამხედრო ოპერაციაზე კიევსა და დასავლეთს სიგნალს უგზავნის "მოემზადეთო," - ამბობს ის.

პუბლიცისტ ოლეგ ლუზინის შეფასებით, "სავარაუდოდ, კრემლის მთავარი მესიჯია, არ გაფართოვდეს ნატო აღმოსავლეთით, არ მიიღონ ბლოკში უკრაინა და საქართველო და ამის ხარჯზე არ დავესხმები უკრაინასო... ვნახოთ, როგორ წაიკითხავს რუსეთის გზავნილებს დასავლეთი. ვფიქრობ, თუ კრემლს ღირსეულ პასუხს არ გასცემენ, მას მადა გაეზრდება და უკრაინის, ან სხვა მეზობელი ქვეყნის საზღვართან ასიათასიანი ჯარის მობილიზება არც შემდეგში გაუჭირდება და ასეთ დროს, არავინ იცის როგორი იქნება აგრესიული რუსეთის პირისპირ მყოფი ნატო, ამერიკა და მისი მოკავშირეები, ამიტომ, ევროკავშირისვე საკეთილდღეოდ ნატოს გაფართოება არ უნდა გადაიდოს", - ამბობს ლუზინი.