ავტორი:

"ეს არის ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი" - რას ჰყვება ლაშა-გიორგი შამუგია, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტში 250.000$-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

"ეს არის ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი" - რას ჰყვება ლაშა-გიორგი შამუგია, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტში 250.000$-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლაშა-გიორგი შამუგია 250.000$-ის დაფინანსებით პრინსტონის უნივერსიტეტში-Princeton University (აშშ) ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას კომაროვის სკოლა აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პრინსტონის უნივერსიტეტი Ivy League-ის, ამერიკისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და პრესტიჟული უნივერსიტეტია.

მათივე ინფორმაციით, ლაშა ამჟამად რამდენიმე რეიტინგული უნივერსიტეტიდან ელოდება პასუხს და საბოლოო გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს. ის სწავლის გაგრძელებას აეროკოსმოსური და მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით გეგმავს, როგორც თვითონ ამბობს, ავიაცია და პლანეტებს შორის მოგზაურობის იდეა ყოველთვის აღაფრთოვანებდა და ფიზიკისა და მათემატიკის ცოდნამ და სიყვარულმა მომავალი პროფესიის არჩევა კიდევ უფრო გაუმარტივა.

კომაროვის სკოლა ასევე ლაშა-გიორგის უკვე მიღწეულ წარმატებებზე წერს:

"ლაშა არის: კომაროვის ფიზიკის წრის წარმატებული მოსწავლე;

  • 2019, 2020 წლებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალისტი ფიზიკასა და მათემატიკაში (2020);
  • ინოვაციური მოხალისეობრივი პროექტის "შეხვედრები მათემატიკაზე" ინიციატორი და ორგანიზატორი - ის 5 თვის განმავლობაში მოხალისეობრივად ამზადებდა 14 მეექვსეკლასელს მათემატიკაში, მათ შორის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გამოცდების ჩასაბარებლად;
  • EducationUSA Georgia ქსელის Competitive College Club სტუდენტი და მოსწავლეთა პირველი საერთაშორისო კონგრესის (EducationUSA CCC Congress) 2020 წლის ერთ-ერთი დელეგატი;
  • მწერალთა საერთაშორისო კონკურსის "სტრიქონებს შორის" (IWP BTL) 2021 წლის ნახევარფინალისტი;

ამ ყველაფრის პარალელურად ლაშას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მუსიკას, ის არაერთი წელი იყო ფოლკლორულ გუნდ "შავნაბადას" სოლისტი და მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე" - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ეს სიახლე ნამდვილად იქნება ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი და გულწრფელად მაქვს სურვილი, ეს იყოს ჩემი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯიც, რომლითაც შევძლებ, ხელი შევუწყო საქართველოს განვითარებას, დასავლეთისკენ შეუფერხებლად სვლას და სწორი ღირებულებებისადმი მხარდაჭერას. ჩემი მთავარი რჩევა კი მათთვის, ვინც ახლა გადის ამ გზას, ან მომავალში გეგმავს: ყველაფერი შესაძლებელია; მთავარია მიჰყვეთ თქვენს ოცნებებს და არ დანებდეთ არცერთი მარცხის შემდეგ." - ასე ეხმაურება ლაშა შამუგია საკუთარ წარმატებას სოციალურ ქსელში და მეგობრებს, მასწავლებლებსა და ახლობლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

უფრო კონკრეტულად, რა დაეხმარა წარმატების მიღწევაში, ის Mshoblebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს:

- ოჯახის ემოციურ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ასევე, სკოლამ განსაკუთრებული როლი ითამაშა. გარდა ამისა, EducationUsa Georgia ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც იმ აბიტურიენტებს უწევენ ტექნიკური სახის კონსულტაციას, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელება სურთ. მათი დახმარებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. წარმატების მიღწევის ერთი კონკრეტული გასაღები არ არსებობს. მგონია, მთავარია, არ შევუშინდეთ გამოწვევებს, გადავლახოთ სირთულეები და სიახლეების მიმართ მიმღებლობა გვქონდეს, რომ რაც შეიძლება მეტი, საინტერესო შესაძლებლობა გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ.

ამერიკული უნივერსიტეტები ითვალისწინებენ სკოლის ნიშნებს, რა სირთულის საგნებს ვსწავლობდით და ასე შემდეგ, შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება, აუცილებლად მიაქციეთ სკოლის საგნებს ყურადღება და გარდა ამისა, იმ საგნებთან მიმართებით, რაც თქვენს მიმართულებასთანაა კავშირში, განსაკუთრებით ყურადღებით იყავით. სწავლა ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ რაკი ჩემი მიმართულება აეროკოსმოსური და მექანიკური ინჟინერიაა, ცხადია, განსაკუთრებით მაინტერესებს ინჟინერია, ფიზიკა და მათემატიკა...წაიკითხეთ სრულად