ავტორი:

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი: იანვარში, თბილისის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეუწყდება​​

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი: იანვარში, თბილისის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეუწყდება​​

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ბოლო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, იანვარში, თბილისის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეუწყდებათ.

"დარიცხვებთან დაკავშირებით კომისიაში მოქალაქეთა ბევრი ზარი შემოვიდა. კომპანიებთან ერთად განვიხილეთ დარიცხვების საკითხი და როგორც „თელმიკო“ ასევე „ჯოჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იანვარში, შესაძლო გადაუხდელობის გამო, მოქალაქეებს არ შეუწყვეტენ მომარაგებას. მათ ექნებათ საშუალება, რომ დარიცხული თანხა დაფარონ მოგვიანებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებიან დარიცხვას, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ ყველა საკითხის ინდივიდუალურად შესასწავლად. „თელმიკომ“ დაიწყო დარიცხვების გადამოწმება და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების ნაწილს უკვე დაუკორექტირდა დარიცხული თანხები“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

მისივე თქმით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება:

"2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სხვა კერძო პირები თავისი ინტერესებისთვის იყენებენ ტარიფების თემას და არასწორ ინფორმაციას აწვდიან მოქალაქეებს. მინდა ვთხოვო ყველა მოქალაქეს, რომ ტარიფების შესახებ, მხოლოდ სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნოს. ტარიფების მატებაზე საუბარი გამოიწვია სუბსიდირების ერთი კონკრეტული მიმართულების დასრულებამ, რომელიც შეეხებოდა 300 კვტ/სთ-მდე მოხმარების შემთხვევაში ძველსა და ახლა ტარიფს შორის სუბსიდირებას. თუმცა, დღემდე მოქმედებს სხვადასხვა სუბსიდირების პროგრამა. საშუალოდ, წელიწადში, ენერგეტიკის სექტორში მთავრობის მიერ 300-400 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდირება ხორციელდება“, - აღნიშნა კომისიის წევრმა და განმარტა, რომ სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ შედის სემეკის კომპეტენციაში.

გიორგი ფანგანმა ისაუბრა, თუ რამ გამოიწვია 2 ქვითრის მიღება:

"ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის ჭრილში, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ მიმართულებაზე ვმუშაობთ, მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა მოხმარებული ენერგიის აღრიცხვიანობა. მრიცხველების „ბლოკური“ წაკითხვა პრობლემებს ქმნიდა მოქალაქეებისთვისაც. კერძოდ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წესებით განსაზღვრული 30 დღის ნაცვლად, მრიცხველის წაკითხვა ხდებოდა 31, 32 ან 33 დღეს და საფასურის დარიცხვაც ხდებოდა ტარიფის მაღალი საფეხურით, რაც რეგულაციის უხეში დარღვევაა.

ამასთანავე, არაერთხელ მოგვმართეს პენსიონერებმა გადახდის ვადების ცვლილებაზე, რადგანაც კომპანიები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ითხოვდნენ იმაზე ადრე, ვიდრე მათ ერიცხებოდათ პენსია. იყო შემთხვევები, როდესაც მათ გადაუხდელობის გამო თიშავდნენ ქსელიდან. იმის გარდა, რომ ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდნენ, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურთან ერთად, უწევდათ დამატებითი თანხის გადახდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე. მრიცხველის წაკითხვის სისტემის ცვლილებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ნაწილმა 2 ქვითარი მიიღო. როგორც თავიდანვე გვქონდა დაანონსებული მოსახლეობისათვის, 2 ქვითარი მხოლოდ ე.წ. გარდამავალ პერიოდს უკავშირდება. მომდევნო თვეებში მოქალაქეები მიიღებენ მხოლოდ ერთ ქვითარს“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

R