გასული წლის მიწურულს, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში დაწყებული პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. გუშინ, ე.წ. ოპოზიციის მიტინგის მონაწილეები დააკავეს, რასაც რეგიონში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა მოჰყვა.
ekhokavkaza.com-ის ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ, საპროტესტო აქციაში მონაწილეობა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეტაკებები. გამოცემის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ზამთრის ცივ ამინდებში სითბოსა და წყლის გარეშე უწევთ ყოფნა.
ადგილობრივების ცნობით, ასლან ბჟანიასა და ალექსანდრე ანქვაბის გუნდი, რომლებიც თავადაც გადატრიალების შედეგად მოვიდნენ ხელისუფლებაში, ახლა ოპოზიციის აქტივისტებს ჩიჩე ინაპშბას, რამაზ ჯოპუას, ბესლან მიშელიას, ბესლან ცვიჟბას და ასლან ტანიას დეკემბრის ბოლოს ე.წ. მთავრობის სახლთან მოწყობილი ამბოხის გამო ასამართლებენ. ადგილობრივების თქმით, არცერთი მათგანი გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის.
"აქტიურობითა და აგრესიულობით ნამდვილად გამოირჩევიან, თუმცა, მათ უკან სხვები დგანან. ოღონდ ბჟანიამ იმ გამოკვეთილი ლიდერების დაკავება ვერ გაბედა და ჯერ პაიკებით დაიწყო" - წერენ ისინი.
რეგიონის მოსახლეობის მძაფრ უკმაყოფილებას იწვევს უმძიმესი სოციალური კრიზისი. 2 იანვრის ღამეს, ასევე, ენერგეტიკული პრობლემების გამო, ცეცხლი გაჩნდა ერთ-ერთი სოხუმელის სახლში, სადაც ე.წ. სახანძრო სამსახურმა ადგილზე მისვლა დააგვიანა და სახლის მეპატრონე დაიღუპა.
"ჩვენმა ხელისუფლებამ ძველი პრობლემების მოგვარება ახალ წელს გადაწყვიტა, ვითომ რემონტი წამოიწყო და ხალხი დენის გარეშე დატოვა" - წერს გამოცემა.
თუმცა, რეგიონის მოსახლეობის თქმით, ჩინოვნიკები არც ამ მხრივ იზიარებენ უბრალო ადამიანების ბედს.
"მაშინ, როდესაც, ხალხი უშუქოდ ზის, ისინი მიზეზად მაინინგ-ბიზნესებსა და მწყობრიდან გამოსულ ელექტროგაყვანილობას იმიზეზებენ და დროს მშვენივრად ატარებენ, რასაც როგორც წესი, ხშირად მოჰყვება შეიარაღებული დაპირისპირება, სროლა და სისხლისღვრა. ოღონდ, ამაზე მხოლოდ სოციალურ ქსელებში იწერება, ადგილობრივი მედია, უმეტესად დუმს" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი სუხუმსკი.
ekhokavkaza.com-ის ცნობით, ამ წელს ბჟანიამ პირველ გათავისუფლებასაც მოაწერა ხელი - 1-ელი იანვრის ღამეს, ოჩამჩირის ე.წ. გამგებელმა, ბესლან ბიგვავამ, სოხუმის რესტორან გარუდაში მძიმედ დაჭრა ორი ადამიანი, რესტორნის მომღერალი თამაზ წულუკია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანა.
"უცნობია კიდევ ერთი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის მიმტანი ქალია, რომლის ვინაობა არ სახელდება... ინციდენტის მეორე დღეს, მან პატიება ითხოვა და გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა" - წერს გამოცემა.
"რომ არა ხმაური, რესტორნის თანამშრომლებისა და ადგილობრივების მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი კრიტიკული პოსტები, ხელისუფლება ამ საქმესაც მიაფუჩეჩებდა და ბიგვავასაც ხელს დააფარებდა, როგორც თავის ადმინისტრაციაში დასაქმებულ უამრავ ავაზაკს" - მიაჩნია ანია ხაჯიმბას.
"სამაგიეროდ, რაულ ბარცბას ზეწოლით, ენგურის ხიდთან რამდენიმე საათიანი ლოდინის მიუხედავად, აფხაზეთში დაკრძალვის უფლება არ მისცეს ქართველი კანონიერი ქურდის, ჩირო შონიას ჭირისუფალს. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ პასუხს, ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, მაგრამ "ჩიროპ გალსკი" პიზამ გალში არ შემოუშვა, იმის შიშით, რომ მისი მომხრეები გუდაუთის კლანს გაუსწორდებოდნენ. ჩვენი ხელისუფლება კი ვის ჭკუაზე დადის, აშკარაა. ჩირო შონიას ხვალ ზუგდიდში ასაფლავებენ და ბევრი მიიჩნევს, რომ პიზას მონოპოლია დიდხანს არ შერჩება" - წერს ლაურა კრუგი.
მთავარი ფოტო: ekhokavkaza.com, anaid gogoryan