წიგნის კითხვა ვარჯიშს ჰგავს. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, კითხვაც ვარჯიშია, თუმცა არა სხეულის, არამედ გონების. რაც მეტს კითხულობ, მეტის წაკითხვა გინდა. სწორედ ისე, როგორც ნავარჯიშები სხეული ადამიანს მუდმივად ტონუსში ყოფნას სთხოვს, კითხვას შეჩვეული გონებაც მუდმივად ახალი წიგნების წაკითხვისკენაა მიდრეკილი. კითხვით იზრდება ცოდნა, ვარჯიშდება გონება, მდიდრდება ფანტაზია, უმჯობესდება მეხსიერება. წიგნი გძენთ უსაზღვრო გამოცდილებას და გამოგზაურებთ დროში. სწორედ ამიტომ წიგნი თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად უნდა აქციოთ.
გარდა იმისა, რომ წიგნი საკუთარი თავისთვის უნდა იყიდოთ, ის საუკეთესო საჩუქარია საყვარელი ადამიანებისთვისაც. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დეკემბრის თვეში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წიგნები გაიყიდა და მათ ნაძვის ხის ქვეშ თუ თოვლის პაპას ხურჯინში საპატიო ადგილი დაიკავეს. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რომელი წიგნები იყო დეკემბრის თვეში ყველაზე მოთხოვნადი. გაგაცნობთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ დეკემბრის თვეში გაყიდულ ტოპ 5 წიგნს.
„თამაში ჭვავის ყანაში“ - ჯერომ სელინჯერი
რომანი მოგვითხრობს 16 წლის ჰოლდენ კოლფილდზე, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხეს და სახლში ბრუნდება. რომანი პირველ პირშია მოთხრობილი და ნათლად გვიჩვენებს ჰოლდენის მსოფლმხედველობას. ეს არის ადამიანი, რომელიც გარშემო მხოლოდ სიყალბეს ხედავს, არავინ მოსწონს და არავინ უყვარს, გარდა თავისი პატარა დისა. ადამიანები, რომლის მიმართაც ჰოლდენს მცირედი ნდობა უჩნდება, აუცილებლად უცრუებენ მას იმედს. იგი სევდით უყურებს ბავშვებს და ფიქრობს, რომ მათ ჯერ კიდევ არაფერი იციან იმ საფრთხეზე, რაც საზოგადოებაში ემუქრებათ.
ჰოლდენი თვლის, რომ ის უკვე გადაიჩეხა იმ უფსკრულიდან, რომელიც ჭვავის ყანაში იყო ჩამალული. მაგრამ მას სურს, რომ სხვები მაინც გადაარჩინოს. იდგეს უფსკრულის პირას და უყუროს ბავშვებს, რომლებიც თავისთვის თამაშობენ, ხოლო როცა მათ გადავარდნის საფრთხე დაემუქრებათ, გადაარჩინოს ისინი. სწორედ ჰოლდენის ამ მონოლოგიდან წარმოდგება ნაწარმოების სათაურიც.
ამერიკელი მწერლის ჯერომ სელინჯერის ყველაზე ცნობილი რომანი 1951 წელს გამოიცა. რომანი გამოცემისთანავე იქცა კრიტიკის მსხვერპლად. ამის მთავარი მიზეზი კი წიგნში გამოყენებული ძალადობის სცენები იყო. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ეს რომანი ჯონ ლენონის მკვლელობის შემდეგ მოექცა. მომღერლის მკვლელს, მარკ დეივიდ ჩეპმენს, დაკავების დროს ხელში სწორედ სელინჯერის რომანი ეჭირა. ამ გახმაურებულმა საქმემ კიდევ უფრო გაზარდა მწერლისაკენ მიმართული კრიტიკა. თუმცა რომანმა გაუძლო კრიტიკასაც და დროსაც. შედეგად, დღეს ის ერთ-ერთი ბესტსელერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.
„დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ - ჯეკ ლონდონი
რომანი სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ მოგვითხრობს. ეს თემა არ ყოფილა ახალი მსოფლიო ლიტერატურისთვის, თუმცა ორიგინალური სიუჟეტური განვითარების და დრამატული ფინალის წყალობით, ნაწარმოებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და მნიშვნელოვანი ადგილიც დაიმკვიდრა ავტორის შემოქმედებაში. ჯეკ ლონდონის ნაწარმოებში ვკითხულობთ და შევიგრძნობთ პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს გავიგოთ: როგორ იპოვა პაოლამ აქედან სუფთა და კეთილშობილი გამოსავალი? ამ რომანიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს.
ჭეშმარიტება ის არის, რაც ცხოვრებაში თავის თავს ამართლებს - ამის სჯერა ულამაზეს პაოლა ფორესტს, უმდიდრესი დიკ ფორესტის ცოლს, დიდი სახლის პატარა დიასახლისს, რომლისთვისაც მთავარი ზნეობრივი ფასეულობებია - ერთგულება, პატიოსნება, სხვაზე ზრუნვა... ეს ფასეულობები განაპირობებს მისი ცხოვრებისა და რომანის ისეთ დასასრულსაც, როგორიც ჯეკ ლონდომა შესთავაზა მკითხველს.
წიგნში ნამდვილი ამბავია მოთხრობილი, თუმცა ავტორი მითითებული არაა, მთავარი გმირი თავად ავტორია.
საფრანგეთში ყოველწლიურად 50 000 გოგონა იძულებითი ქორწინების მსხვერპლია. ასეთი ქორწინება მახინჯი ტრადიციაა და მშობლების ინტერესებს ემსახურება... „ოცი წლის ვიყავი და სიყვარულით გათხოვებაზე ვოცნებობდი...“ კაცი, რომელიც თვალით არ უნახავს, მასზე თხუთმეტი წლით უფროსია, არ მოსწონს, არ უყვარს და მაინც აიძულეს, მისთხოვებოდა. „მამაჩემმა მითხრა: შენი ქმარი ის იქნება და სხვა არავინ, და მასთან ბედნიერად იცხოვრებ“. ქორწინების შესახებ გარიგება მაროკოში შედგა და საფრანგეთში იურიდიულად გაფორმდა. „...დიახ! - ისეთი ხმით ვთქვი, მე რომ არ მეკუთვნოდა, მამაჩემის მრისხანე მზერის თანხლებით ხელი მოვაწერე საბუთს, რომელსაც ცრემლიანი თვალებით წესიერად ვერც კი ვარჩევდი“. იმ კაცმა სცემა და მისი დამორჩილება სცადა. არნახული გამბედაობის წყალობით, ლეილამ იბრძოლა და თავისუფლება, ღირსება შეინარჩუნა. დღეს ის ქმართან აღარ ცხოვრობს...
ეს არის უმძიმესი ისტორია, რომელიც ძალიან ახლოს მიდის მკითხველის გულთან, თუმცა საბოლოოდ მას სასოწარკვეთილს არ ტოვებს. რომანი გვაჩვენებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და გამარჯვება არასდროს არის მიუღწეველი.
„ლაზიერის გამბიტი“ - უოლტერ ტევისი
დედის დაღუპვა და ბავშვთა თავშესაფარი, უმეგობრობა და მარტოობის გულსაკლავი შეგრძნება პატარა გოგონასთვის დიდი გამოცდა იყო, მაგრამ მის უფერულ ცხოვრებაში პატარა სხივი მაინც გამოჩნდა _ მეგობარი გოგონა და, რაც მთავარია, ნამდვილი თავშესაფარი, მისი ცხოვრების არსი _ ჭადრაკი... ვუნდერკინდი გოგონას დაბინდულ გონებას მხოლოდ ჭადრაკი აფხიზლებს, მხოლოდ თამაშის დროს შეუძლია საღად აზროვნება. და აი, დგება დრო ოსტატობის გამოცდისა, რომელიც ნებისყოფის გამოცდაც იქნება _ ბეტ ჰარმონი ისევ განდეგილობას არჩევს, დამარცხდება თუ ბედნიერი ქალი იქნება. როგორც წიგნის ავტორმა, ამერიკელმა მწერალმა უოლტერ ტევისმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ბეტ ჰარმონის ცხოვრების ამბავი „გონიერი, ნიჭიერი ქალებისთვის გაღებული ხარკია“. ამ საინტერესო წიგნს 2020 წელს NETFLIX-მა ამავე სახელწოდების მინისერიალში შეასხა ხორცი და მაყურებლისა თუ კრიტიკოსების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
რომანიცა და მინისერიალიც ქართველი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო და აქტუალურია განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა NETFLIX-ს მის შესახებ ისტორიული ფაქტების დამახინჯებისთვის უჩივლა.
„ლაზიერის გამბიტი“ თვის ტოპსელერთან ერთად წლის ტოპსელერიცაა.
„თანამედროვე სიყვარული“ - დანიელ ჯონსი
წიგნი ქართულ ენაზე გასულ წელს გამოიცა და მალევე ელვის სისწრაფით გაქრა წიგნის თაროებიდან. მასში თავმოყრილია წლების განმავლობაში „ნიუ-იორკერში", რედაქტორის სვეტში გამოცემული მოკლე მოთხრობები, რომელთა ავტორებიც ანონიმურები არიან, ხოლო მათ ტექსტებს საერთო თემა - თანამედროვე სიყვარული აერთიანებს.
სიყვარულის მაცოცხლებელი თვისება მგრძნობიარობაა, მას კი ბევრი ფორმა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ყველა შემთხვევაში მგრძნობიარობა ნიშნავს არ შეუშინდე დაკარგვის შესაძლებლობას, მაგრამ, იმავდროულად და რაც უფრო მნიშვნელოვანია! - გააჩინო კავშირების შესაძლებლობაც, ეს უკანასკნელი კი რისკის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, რისკის სიდიდე განსხვავებულია ხანდახან მხოლოდ თითის ჩაყოფა გიწევს წყალში, ხანდახან კი ფრიალო კლდიდან თვალდახუჭული უნდა გადაეშვა“, - წერს წიგნის შემდგენელი, „ნიუ-იორკ თაიმსის“ სვეტის რედაქტორი დანიელ ჯონსი.
სიყვარულს ბევრი სხვადასხვა თვისება აქვს და მრავალგვარია: რომანტიკული, ოჯახური, დედაშვილური, ტრადიციული თუ არატრადიციული, უიღბლო, ბედნიერი, ზოგჯერ სასტიკიც და როგორიც უნდა ეწვიოს, ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს - ეს წიგნი შეგვახსენებს, რომ სიყვარული უასაკოა და მას სიცოცხლის ყველა მონაკვეთში მადლიერებით უნდა შეხვდე, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ხანგრძლივი თუ ხანმოკლე იქნება.