"მინდა ვაღიარო - მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის. იმაზეც ვერ არის წყნარად, რომ ციხეში ვზივარ", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისმა საქართველოში ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიციამ ადგილობრივი არჩევნები მოიგო.
"იძახიან, სააკაშვილის ჩამოსვლამ არაფერი ისეთი ეფექტი არ მოახდინა. თვლა იცით? ადგილობრივ არჩევნებს უპრობლემოდ იგებდა ეს მთავრობა ყოველთვის. ადგილობრივ არჩევნებზე ხალხი არ გამოდიოდა. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ მოიგო ადგილობრივი არჩევნები ყველგან საქართველოში.
აი, რა მოიტანა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლამ. ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში. ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია როგორც არასდროს.
ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ხალხში აქტიურობა და იმედია, როგორც არასდროს. გამოაცხადეს, რომ სააკაშვილი არის მომეტებული საფრთხის წყაროო და ვინც ის შემოიყვანა, ის არის მომეტებული საფრთხის წყაროს შემომყვანიო. მომეტებული საფრთხე რა არის? - არა ატომური ბომბი და ა.შ. მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო. მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის. იმაზეც ვერ არის წყნარად, რომ ციხეში ვზივარ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.