ავტორი:

რას ნიშნავს HACCP-ის სტანდარტი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ უვნებელი პროდუქტი შევიძინოთ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები

რას ნიშნავს HACCP-ის სტანდარტი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ უვნებელი პროდუქტი შევიძინოთ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები

"იმისათვის, რომ მომხმარებელმა თავი დაიცვას, სურსათით გამოწვეული დაავადებებისგან (სურსათის უვნებლობაც ხომ ზუსტად ესაა), საჭიროა, მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, იმ რისკების და დაავადებების შესახებ, რაც არასწორად დამზადებულმა, სურსათმა შეიძლება გამოიწვიოს,“ - გვეუბნება სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, კომპანია Food Consulting ის დამფუძნებელი, ირაკლი არაბული, რომელიც AMBEBI.GE-ს სურსათის უვნებლობის საკითხებზე ესაუბრა.

"2020 წელს სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო კომპანიის Food Consulting დავაარსეთ. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სურსათის ბიზნესოპერატორებსა და მომხმარებლებში ამ თემის პოპულარიზაცია მოგვეხდინა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სურსათის უვნებლობა ის საქმე და მიმართულება გახდა, რისი კეთებაც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს. ეს, თავის მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას გულისხმობს,“ - აღნიშნავს რესპონდენტი.

- როგორც სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, როგორ აფასებთ დღესდღეობით ჩვენში არსებულ სურსათის უვნებლობის საკითხებს. აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს?

- დღევანდელი სურსათის უვნებლობის საკითხები საქართველოში, წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ განვითარებულია. ის რეგულირდება როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული ნორმატიული აქტების შესაბამისად. სახელმწიფო კონტროლს სისტემატურად ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები, მათ შორის, სურსათის უვნებლობის მხრივ, სხვადასხვა ტექნიკური რეგლამენტების მიღების შესახებ, რაც აბსოლუტურად იდენტურია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ კანონმდებლობის.

- მეტი ყურადღება რას უნდა მიექცეს?

- იმისათვის, რომ მომხმარებელმა თავი დაიცვას, სურსათით გამოწვეული დაავადებებისგან (სურსათის უვნებლობა - ტერმინი ზუსტად ამას ნიშნავს), საჭიროა, მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, იმ რისკის და დაავადების შესახებ, რაც არასწორად დამზადებულმა, სურსათმა შეიძლება გამოიწვიოს. ასევე მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა შესაბამისი ადგილიდან შეიძინონ სურსათი, კერძოდ, ცხოველური წარმოშობის სურსათი: რძე და რძის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები, ქათამი და ქათმის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები აუცილებლად უნდა ინახებოდეს მაცივარში რეალიზაციის ადგილას. დაცული უნდა იყოს ჰიგიენური პირობები და ის მოთხოვნები, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს, როგორც მეწარმეებს, ასევე გამყიდველებს.

- თქვენს კომპანიას ძირითადად რა მიმართულებები აქვს?

- სურსათის ბიზნესოპერატორებს რამდენიმე მიმართულებას ვთავაზობთ. ეს შემდეგი სერვისებია: სურსათის საწარმოს დაგეგმარება, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად ეტიკეტირება, ასევე საერთაშორისო სურსათის უვნებლობის სისტემის HACCP-ის დანერგვა, საწარმოს აუდიტი, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამშრომლების ტრენინგი, რომელიც სავალდებულოა ასევე HACCP-ის სტანდარტის მიხედვით ჩატარდეს.

გასულ წელს HACCP-ი სავალდებულო გახდა სხვადასხვა პროფილის სურსათის ბიზნესოპერატორისთვის, რამაც ამ სერვისის მომსახურებაზე მოთხოვნა გააჩინა. უკვე რამდენიმე კომპანიასთან ვითანამშრომლეთ და ამ ეტაპზეც რამდენიმე ობიექტზე ვმუშაობთ.

საზოგადოებისთვის გასაგები რომ იყოს, HACCP - ეს არის სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა, ქართულად ითარგმნება შემდეგნაირად - საფრთხის ანალიზი და კრიტიკული, საკონტროლო წერტილები, რომელიც განსაზღვრავს, ადგენს და აკონტროლებს იმ საფრთხეებს, რაც სურსათის წარმოების და გადამუშავების ეტაპზე შეიძლება წარმოიშვას.

საქართველოში 2015 წლიდან არის დანერგილი, სასაკალაოებისთვის, 2018 წლიდან ნედლი რძის გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორებისთვის და თხილის გულის მწარმოებლებიდათვის, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა ცხოველური წარმოშობის სურსათის ბიზნესოპერტორებისთვის, ხოლო 2021 წლის 1 ივნისიდან Horeca სექტორისთვის(რესტორანი,სასტუმრო,სწრაფი კვება).

- თუ მოსახლეობის ნაწილი ამ მიმართულებით არ არის ინფორმირებული, ეს რისი, ან ვისი ბრალია? როგორ უნდა ამაღლდეს ამ კუთხით მათი ცოდნა?

- მოსახლეობის ინფორმირებულობა ბოლო წლებში საკმაოდ მაღალია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ამ სფეროს და საქმეს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კერძო სექტორისგან. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობის ინფორმირების კუთხით ხშირად ატარებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო აქტივობებს, შეხვედრებს, რაც თავის მხრივ მისასალმებელია.

ჩვენი კომპანიაც აქტიურად არის ჩართული მომხმარებელთა ინფორმირების საქმეში, გვაქვს რამდენიმეათასიანი ფეისბუქ ჯგუფი, სადაც ინტერესი და ჩართულობა ძალიან მაღალია. ასევე, ბოლო წლებში, მოსახლეობა გადაერთო Tiktok-ზე, ამ პლატფორმაზე ჩვენც ვნახეთ ადგილი და იქაც საკმაოდ მაღალია ინტერესი.

ასე რომ, ამ სფეროს მიმართულებით ინტერესი ძალიან დიდია და ჩვენც როგორც ამ სფეროში მოღვაწე კომპანია, წვლილი შეგვაქვს საქართველოში სურსათის უვნებლობის დაცვასა და განვითარებაზე.

- ჩვენი მკითხველისთვის რა პრაქტიკული რჩევის მიცემა შეგიძლიათ?

- მკითხველთათვის რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მექნება, რომელიც უნდა გაითვალისწინონ, რათა უვნებელი სურსათი შეიძინონ:

  • შეიძინეთ მხოლოდ მაცივარში განთავსებული ხორცი.
  • იმისთვის, რომ დავადგინოთ, ის ახალია, თუ არა, საჭიროა, ხელი დავადოთ ხორცის ნაჭერს, თუ ღრმული მალევე გასწორდა ე.ი. ახალია.
  • შეგიძლიათ ასევე ხორცის ნაჭერს მშრალი ქაღალდის ხელსახოცი დაადოთ. თუ ხორცმა ხელსახოცი მიიკრა, ე.ი. არცთუ ახალია.
  • არ უნდა დაგვავიწყდეს ხორცის საბუთის მოთხოვნა - ფორმა N2-ისა და ეტიკეტის, სადაც ამომწურავი ინფორმაცია არის დატანილი (რა ცხოველის ხორცია, როდის დაიკლა, რა მდგომარეობაში იყო დაკვლის წინ) იმ პროდუქტზე, რომლის შეძენასაც ვაპირებთ.
  • რძის პროდუქტების შეძენის დროს კი, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს დასახელებას.
  • თუ გვსურს, შევიძინოთ ყველი - იმ პროდუქტს რასაც ვყიდულობთ, აუცილებლად უნდა ეწეროს ყველის სახელი: იმერული, სულგუნი, ქარხნული და ა.შ. თუ გხვდება ისეთი დასახელებები, როგორიცაა: სახაჭაპურე, იმერელი, ყველის შემცვლელი, ასეთი დასახლების პროდუქტი, დამზადებულია რძის ფხვნილისგან და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველის სახელი გამოყენება აკრძალულია.