კლინიკური ექსპერტის, პროფესორ მაკა ბულეიშვილის განცხადებით, თუკი ადამიანს გამოუვლინდება რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელო სიმპტომები, როგორც არის სხეულის ტემპერატური მატება, ყელისა და კუნთების ტკივილი და ა.შ. აუცილებელია დარჩეს სახლში. მისი თქმით, ასეთი ადამიანები იზოლაციაში უნდა იმყოფებოდნენ.
“ხშირ შემთხვევაში, რასაც ვაკვირდებით, "ომიკრონი“ უფრო მეტად მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, ბავშვთა და მოზრდილი ასაკის პაციენტებს არ გავუფრთხილდეთ. ამავე დროს გვაქვს როგორც „დელტას“ და „ომიკრონის“ შტამები, ისე სეზონური გრიპი. ყველაფერი ეს ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, პრობლემას ქმნის.
სწრაფი ტესტით ხშირად არ ხდება „ომიკრონის“ შტამის დადასტურება. არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც PCR ტესტითაც არ დადასტურდა ვირუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა, რომელსაც აღენიშნება სიმპტომები: ცემინება, სურდო, ყელისა და კუნთების ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება და ა.შ. სიფრთხილე არ გამოიჩინოს. ამიტომ ყველა ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ადამიანი არ გახდეს წყარო ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში, შემდგომში შესაძლოა აღმოჩნდეს „ომიკრონის“ შტამი”, - აცხადებს მაკა ბულეიშვილი.
მისი თქმით, დღეს არსებული ეპიდვითარების ფონზე აუცილებელია ადამიანებს წვდომა ჰქონდეთ პირველადი ჯანდაცვის რგოლთან.