"დელტა“ შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მეტი შემთხვევა გვქონდა - საშუალოდ 20% ხვდებოდა ჰოსპიტალში. დღევანდელი სტატისტიკით, აშშ-ის და ევროპის მაგალითზე, "ომიკრონით“ ინფიცირებულთა 4% შეიძლება მოხვდეს ჰოსპიტალში. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს სრულად ვმართავთ და რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს მობილიზებული საწოლების რაოდენობა არის სრულიად საკმარისი.
"ომიკრონის“ შემთხვევაში კორონავირუსი მიმდინარეობს საკმაოდ მსუბუქად. ის მობილიზებული მედიკოსები თუ საწოლფონდი არის იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლება თეორიულად დაგვჭირდეს. ჩვენ ვართ თავდაჯერებული იმაში, რომ ავადმყოფებს ბინაზეც და ჰოსპიტალშიც ვუმკურნალებთ. ამისთვის ყველა საჭირო მედიკამენტი ადგილზე გვაქვს.
იზოლაციის და კარანტინის მიმდინარეობა 12-დან 8 დღემდე შევამცირეთ, რაც "ომიკრონის“ შტამით არის განპირობებული, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს რომ ვნახულობთ, შეიძლება ამის გადახედვაზეც ვიმსჯელოთ, რადგან აშშ-ში საჭიროა 5 დღე და არა 8“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.