მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 474, 000 ლარს დახარჯავს. რეგიონში სერვისის განვითარება უწყებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ტრენინგები, მასტერკლასები, ვორქშოპები, სემინარები და ვიდეოგაკვეთილები იმ ღონისძიებების ჩამონათვალია, რასაც ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მოქმედი საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის, კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისა და გიდებისთვის გეგმავს.
სერვისის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების კუთხით გამორჩეული იყო 2021 წელი. გასულ წელს, ჯამში დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ტრენინგ-სემინარებს ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
გასულ წელს ტურისტული სერვისის განვითარების მიზნით შეიქმნა ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელო, რომლის ფარგლებშიც გიდებმა ბათუმის 12, ხოლო ქობულეთის 7 პრაქტიკული ტური დაამუშავეს. სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია სერვისის განვითარების ვებგვერდზე serviceajara.ge აიტვირთება. ვებგვერდზევე განთავსდება სარესტორნო სერვისის გაუმჯობესების მიზნით დამზადებული ვიდეოგაკვეთილებიც.
მიმდინარე წელს, მთიან აჭარაში სერვისის განვითარების ღონისძიებები „იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგიის მიხედვით ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით დაიგეგმა. 2021 წელს, კვლევის ფარგლებში მომსახურების ხარისხი აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ 100 საოჯახო- სასტუმრო სახლში შემოწმდა.