მალტელი პოლიტიკოსი, კონსერვატორი, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი, რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტია. 43 წლის პოლიტიკოსს დიპლომატიის მასტერს და "ხიდების გადების", კრიზისების გადაჭრის სპეციალისტს უწოდებენ, თუმცა ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს. კრიტიკის მიზეზი კი ისაა, რომ პოლიტიკოსი აბორტის ლეგალიზების წინააღმდეგია.
მეცოლას არაერთხელ უთქვამს, რომ ევროკავშირი მისთვის არ არის რთული ბიუროკრატიული ინსტიტუტი და ევროკავშირისთვის მუშაობა მისთვის ცხოვრების ვნებაა.
"ევროკავშირი - ეს არ არის კრიზისი, ეს არის ადგილი ევროპული ღირებულებების, ენთუზიაზმის და იმის დამტკიცების, რომ ფერფლიდან ყველაფრის აღდგენა შეიძლება", - ეს ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტის სიტყვებია, რომელთა დამტკიცებაც ახლა საქმით მოუწევს.
მალტელი პოლიტიკოსი მესამე ქალია, რომელმაც ევროპარლამენტის პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა. მანამდე იყვნენ ფრანგი პოლიტიკოსი ქალები - სიმონ ვეილი და ნიკოლ ფონტენი.
მეცოლას უწოდებენ ქალს, რომელიც არასდროს ნებდება, ის შთამაგონებელია სხვებისთვის და აჩვენებს, თუ რას ნიშნავს იყო ძლიერი, ოთხი შვილის დედა და ერთმანეთთან იდეალურად შეათავსო კარიერა და პირადი ცხოვრება.
როგორც "დოიჩე ველე" წერს მეცოლასთვის უცხოა მარცხი და წარუმატებლობა. ევროპალრამენტარი 2013 წელს გახდა, რის შემდეგაც დაიწყო მისი პოლიტიკური აღმასვლა. 2020 წელს გახდა ევროპარლამენტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.
მისი თანამემამულე, მალტელი ჟურნალისტის დეფნე ცარუანა გალიზიას მკვლელობის შემდეგ, მეცოლა აქტიურად მოუწოდებდა მალტის ხელისუფლებას უზრუნველეყო მედიის თავისუფლება და ებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. კიდევ ერთი მალტელი ევროპარლამენტარი, დევიდ კასა ამბობს, რომ ის მეცოლას უახლოესი მეგობარია და როგორც "დოიჩე ველესთან“ საუბრისას აღნიშნავს, ისინი ერთმანეთს სტუდენტობის წლებიდან იცნობენ.
კოლეგა პარლამენტარი, კონსერვატორი, ბერძენი სტელიოს კიმპოროპულოსი მეცოლას აღწერს, როგორ გაბედულ ადამიანს, რომელიც ევროპარლამენტის სტრუქტურას უფრო ძლიერს გახდის.
რობერტა მეცოლას ძირითადად აკრიტიკებენ მწვანეები და მემარცხენე ფრთა იმის გამო, რომ ის წინააღმდეგია აბორტის. მალტელი პოლიტიკოსი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა რეზოლუციებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში აბორტის ლეგალიზებას ეხებოდა.
როგორც "დოიჩე ველე" წერს, მეცოლას პოზიცია გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ის მალტიდანაა, ქვეყნიდან, რომელიც ევროკავშირის ყველაზე პატარა წევრია და სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი აქვთ აბორტის შესახებ, ასევე ის არის ერთადერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც კრძალავს აბორტს.
"ვფიქრობ მეცოლას არჩევა არის საშინელი რამ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მთელს ევროპაში, მაგალითად, პოლონეთში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც თითქმის ორი წელია იბრძვიან აბორტის უფლების მოპოვებისთვის“, - ასე აფასებს მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოზიციაზე არჩევას ევროპული პარლამენტის მემარცხენე ფრთის წარმომადგენელი, ფრანგი მანონ ობრი.
მიუხედავად ამისა, თვლის, რომ რობერტა კონსერვატიული ფრთის პროგრესულ ნაწილს წარმოადგენს, ხოლო აბორტთან დაკავშირებით მის პოზიციას "პარადოქსულს“ უწოდებს.
რობერტა მეცოლა პროფესიით ევროპული სამართლის სპეციალისტია. მას ფინელი ქმარი ჰყავს. უკო მეცოლაზე უკვე 16 წელია დაქორწინებულია. რობერტა და უკო 2009 წელს ევროპული პარლამენტის არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, მართალია, მაშინ ევროპარლამენტარი ვერ გახდა, თუმცა უკო და რობერტა იყო პირველი დაქორწინებული წყვილი, რომელმაც ავროპარლამენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
მათ ერთმანეთი 1999 წელს გაიცნეს, 2005 წლის ოქტომბერში კი დაქორწინდნენ. ჰყავთ ოთხი ვაჟი.
რობერტა მეცოლა აქტიურია "ინსტაგრამზე“ და სოციალურ ქსელში თავისი ყოველდღიურობის შესახებ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, სთორებს, სხვადასხვა შინაარსის პოსტებს.
ცნობილია, რომ ძალიან კარგი მზარეულია და მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ცდილობს ოჯახისთვის საჭმელი თავად მოამზადოს ხოლმე. "ინსტაგრამზე", მეცოლას ოფიციალურ ქგვერდზე მის მიერ მომზადებული საჭმლის არაერთ ფოტოს ნახავთ.