პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწა გადაეცა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით იმყოფება.
მისი თქმით, აღნიშნულ მიწაზე საქართველოს პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
"თქვენო უწმინდესობავ, წმინდა სინოდის წევრებო, ძვირფასო მოსახლეობავ, ყველას გილოცავთ ნთლისღებას. ჩემთვის დიდი პატივია დღეს ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ. მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფის, აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტლებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა, შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი. ერისა და ბერის ასეთი ერთიანობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლის და განვითარების უმთავრესი წინაპირობა.
მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობა მეფე აბდულა მეორეს, მის უმაღლესობა პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქს, იორდანიის არქიეპისკოპოსს. ჩვენი მთავრობის საელჩოს თითოეულ თანამშრომელს. ჩვენს ელჩს იორდანიაში ზაზა კანდელაკს, ყველას ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ჩვენი წინაპართა დიდი ტრადიციის გასაგრძელებლად. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული ცხოვრების კერის დაარსებას წმინდა მიწაზე. ნათლისღებას გილოცავთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.