ავტორი:

"არ გამოვლინდა, რომ ჩემი ლიკვიდაციისთვის არიან შემოსული ქვეყანაში" - რას ამბობს ნიკა გვარამია სუს-იდან გამოსვლის შემდეგ?

"არ გამოვლინდა, რომ ჩემი ლიკვიდაციისთვის არიან შემოსული ქვეყანაში" - რას ამბობს ნიკა გვარამია სუს-იდან გამოსვლის შემდეგ?

"გამაცნეს დასკვნა, მანახეს ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და ქვეყნიდან თავისუფლად გავიდნენ. ამის ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ესენი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის" - ამის შესახებ "მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ასევე არსებობს ვერსია, რომ მის მოსაკლავად საქართველოში შემოსული ჯგუფი ბევრს გადაადგილდებოდა, რაც ყურადღების გადატანის მცდელობით აიხსნება.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, მისი ლიკვიდაციისთვის შემოსული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გვარად გაგიევი იყო, რომელსაც სავარაუდოდ, გულის პრობლემები ჰქონდა, თუმცა, არ ფიქსირდება მისი არცერთი ვიზიტი ექიმთან საქართველოში.

"გამაცნეს დასკვნა, მანახეს ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და ქვეყნიდან თავისუფლად გავიდნენ. ამის ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ესენი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის, ამიტომაც გავიდნენ. ლოგიკა მწყობრში იყო, თუმცა, ვფლობ მხოლოდ იმ ფაქტებს, რომელიც გამაცნეს. ასევე არსებობს ვერსია, რომ ესენი შემოსული იყვნენ და ბევრს გადაადგილდებოდნენ, რადგან სხვა ჯგუფი შეიძლება ყოფილიყო და ყურადღების გადატანის მცდელობით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, თუმცა, სხვა ჯგუფთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.

სამი სუსტი წერტილი აქვს იმას, რაც მე მოვისმინე: პირველი არის ის, რომ ჩატარდა ბრიფინგი რამდენიმე თვის წინ, სადაც დადასტურდა, რომ მართლა შემოსულია ჯგუფი და ჩემს ლიკვიდაციაზე მუშაობს, ასევე სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციაზე. ამაზე მივიღე ახსნა-განმარტება, რომ ეს იყო ოპერატიულად საჭირო, მითხრეს, რომ თქვენი აღშფოთება უნდა ყოფილიყო რეალური.

მეორე საკითხი, ერთ-ერთი, გაგიევი, რომელიც შემოსული იყო გულის პრობლემების მოსაგვარებლად და იყო გულით ავადმყოფი, არ ფიქსირდება მისი არცერთი ვიზიტი ექიმთან საქართველოში ყოფნის განმავლობაში და მესამე - ჩემი აზრით, მთავარი არის ის, რომ გაგიევთან მანამდე მარტში ჩემი მეზობლისგან, ეთნიკურად ოსისგან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, რომელიც ჩემს კორპუსში ჩამოდის დედასთან და მე მას არ ვიცნობ, ფიქსირდება ზარი გაგიევთან. ეს ზარი არის სამწამიანი, მაგრამ ეს ზარი მე არაფერს არ მეუბნება. შეცდომის ვერსიას ავითარებენ, თუმცა, რადგან სამწამიანი იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეეშალა, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ იყო მარტივი სიგნალი რაღაც კონკრეტული მოქმედებაზე წინასწარ შეთანხმებული. ნებისმიერ შემთვევაში მე არ ვაპირებ ამ საკითხთან უფრო მეტად ჩაღრმავებას, იმედია ისეთ ბრიფინგებს, რომელიც მოვისმინეთ, ვერ ვნახავთ თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ახლა მეუბნებიან, რომ ეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და მეც უნდა აღვშფოთებულიყავი რეალისტურად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე ინფორმაციით, პირი, რომელმაც სამწამიანი ზარი განახორციელა გაგიევთან და იმ კორპუსში იმყოფებოდა, სადაც თავად გვარამია ცხოვრობს, გამოკითხულია.

"არ ვიცი რა კომენტარი გააკეთა, შეიძლება შემეშალაო თქვა. ნიკას ვიცნობო, უთქვამს, მე არ ვიცნობ ამ ადამიანს“, - აღნიშნა გვარამიამ.

ცნობისთვის, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე შესაძლოა რეალური საფრთხე არსებობდეს, რის გამოც გვარამიას უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიეცა. როგორც მგელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს.