"7 თვიანი პოსტკოვიდური ბრძოლის შემდეგ ზურამ მარადისობაში გადაინაცვლა... მისი მეუღლეც ვირუსმა იმსხვერპლა" - მსახიობი ზურაბ ლომიძე გარდაიცვალა
თელავის თეატრის მსახიობი ზურაბ ლომიძე პოსტკოვიდური გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას თეატრის დირექტორი პაატა გულიაშვილი აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, ლომიძეს და მის მეუღლეს კორონავირუსი რამდენიმე თვის წინ დაუდგინდათ. მისი მეუღლე ვირუსს ემსხვერპლა, თავად ლომიძე კი კომიდან 4 თვის შემდეგ გამოვიდა. ამის შემდეგ მისი მდგომარეობა კვლავ გართულდა და მსახიობი საწოლს იყო მიჯაჭვული. მისი სრული რეაბილიტაციისთვის დიდი თანხები იყო საჭირო, რის გამო მსახიობის მეგობრები მისთვის თანხასაც აგროვებდნენ.
"ზურიკო, ვუსამძიმრებ თელავის თეატრს, ახლობელ ადამიანებს. ძალიან ცუდი ამბავი, კიდევ ერთი მეგობარი, ზურა ლომიძე" - წერს პაატა გულიაშვილი სოციალურ ქსელში.
AMBEBI.GE თელავის თეატრის მსახიობს და ზურაბ ლომიძის მეგობარს ნინო კურტანიძეს ესაუბრა:
- ნამდვილად ძალიან დიდი სოლიდარობა იყო საზოგადოების მხრიდან მის მიმართ, თეატრიც დაეხმარა, ყველა ვცდილობდით ყურადღება გამოგვეხატა, რადგან ჩვენი არაჩვეულებრივი კოლეგა იყო, გადასარევი ადამიანი... ზურაბ ლომიძე ჩემი ჯგუფელი იყო, ერთად დავამთავრეთ თეატრალური ინსტიტუტი და 45 წელიწადია ერთად მოვდივართ. ყველას ძალიან გვიყვარდა, ძალიან დიდ პატივს ვცემდით და როდესაც დახმარება დაჭირდა, ყველა უშურველად ვეხმარებოდით... სამწუხაროდ, კოვიდმა არ იცის გარჩევა და ბატონი ზურაც ძალიან გაწამდა. ბოლოს უკვე კომაში იყო, ვეღარაფრით გამოიყვანეს.
- მხოლოდ კოვიდით იყო ასე რთულად, თუ ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა?
- ჯანმრთელი ადამიანი იყო. კოვიდის შემდეგ ფილტვებზე და თირკმელზე გართულებები დარჩა, ერთი პერიოდი ცოტა გაუმჯობესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითქოს ლაპარაკიც დაიწყო, ტელეფონით რომ ვესაუბრე, უჭირდა, მაგრამ საუბრობდა... შემდეგ ისევ დამძიმდა, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მდგომარეობიდან ვეღარაფრით გამოიყვანეს. ძალიან სამწუხაროა ასეთი ადამიანი რომ დავკარგეთ და ყველას მადლობა, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი მწუხარება. ბატონი ზურას მეუღლე, ნაირა ქუთათელაძე 6 თვის წინ კოვიდით გარდაიცვალა. ისიც საოცრად კარგი ადამიანი იყო, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ძალიან დიდი ტრაგედიაა ერთ ოჯახში. სამწუხაროდ, შვილები არ ჰყავდათ.
მსახიობის გარდაცვალებაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს მისი დისშვილი ხათუნა ლომიძე:
"7 თვიანი პოსტკოვიდური ბრძოლის შემდეგ ჩვენმა ზურა ძიამ გადაინაცვლა მარადისობაში. ვუთანაგრძნობ თელავის თეატრს, და სრულიად თელავს. თელავმა იგი დიდი სიყვარულით მიიღო !
ძალიან დამაკლდები ზურა ძია! ეხლა უკვე დედუსთან ერთად ხარ! გვიყვარხარ და უზომოდ მოგვენატრები!!პანაშვიდი - ხუთშაბათი, პარასკევი. დაკრძალვა -შაბათს მისამართი : თბილისი, გოგჩის ქ. #15 (კოლმეურნეობის-ახლანდელი ორბელიანის მოედანი)" - წერს ლომიძე.