ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა იმ არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში მუშაობენ, რა დროსაც მან ქართულ-აფხაზური პროექტები გააკრიტიკა და მათ ერთობლივი მუშაობა აუკრძალა. აფხაზური მედიის ცნობით, World Vision-ის აფხაზეთის წარმომადგენელი ოქსანა ლასურია თავის პარტნიორებთან ერთად, წლების განმავლობაში ბავშვთა უფლებებზე მუშაობდა. მას და მის კოლეგებს არძინბამ პირდაპირ უთხრა, რომ ქართველებთან ურთიერთობასა და თანამშრომლობას უკრძალავს.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ორგანიზაციების საქმიანობის გარკვეულ შედეგებს დადებითად აფასებს, მაგრამ არძინბა მაინც დაუშვებელსა და მიუღებელს უწოდებს აფხაზეთში განხორციელებულ "ზოგიერთ პროექტს". კონკრეტულად, არძინბას აღიზიანებს UNDP- ის (გაეროს განვითარების საბჭო) მიერ რეგიონში გასულ წელს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც შიდაპოლიტიკურ საკითხებსა და ქართულ მხარესთან ურთიერთობებს მოიცავდა.
არძინბას თქმით, გაეროს განვითარების საბჭო მსგავს საკითხებზე მუშაობისთვის არაკომპეტენტურია და შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობის უფლება არ აქვს.
ე.წ. მინისტრმა COBERM-ის (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი) პროგრამაზეც ისაუბრა და მას აფხაზეთის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის გეგმა უწოდა.
"მიუღებელი და დაუშვებელია პირდაპირი დიალოგი აფხაზ და ქართველ ექსპერტებსა და ახალგაზრდებს შორის. ამ პროექტის განხორციელება დაუშვებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩაიწერეთ ეს და მსგავსი პროექტებზე მუშაობა უნდა შეწყდეს. ჩვენ ამას გიკრძალავთ" - განაცხადა არძინბამ.
გასული წლის დეკემბერში ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა არძინბას უწყებას უნდა შეუთანხმონ ნებისმიერი პროექტი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ხორციელდება, ეს იქნება საზოგადოებრივი შეხვედრები, სემინარი თუ უბრალო საზოგადოების წევრების შეხვედრები.
"საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაანალიზოს ყველა პროექტი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება შემუშავებული, რადგან ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგმება აუცილებლად წინასწარ უნდა შევისწავლოთ" - ნათქვამია არძინბას განცხადებაში, რომელსაც აფხაზური მედია ავრცელებს.
ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად გასული წლის ნოემბერში დაინიშნა, რასაც მაშინვე მოჰყვა ადგილობრივ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა.
მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ის რუსეთის მიერ დანიშნულ კადრად აღიქვა, რომელმაც აფხაზეთში მიმდინარე პროცესები უნდა გააკონტროლოს და ინფორმაცია კრემლს მიაწოდოს.
"არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას დიქტატორულ ქვეყნებში აკონტროლებენ. ჩვენს იქით მივდივართ? ამ 30 წლის განმავლობაში არ შემოუყვანია საქართველოს "ენჯეოები" და ახლა შემოიყვანს? რას გვიპირებს არძინბა? ბავშვებსა და შშმ პირებს ეხმარებოდნენ ეს არასამთავრობოები ეტლით, მედიკამენტებით, მკურნალობის ძვირადღირებული მედიკამენტებით, ეს ყველაფერი დიდი შვება იყო მათთვის, მცირეწლოვანი მშობლებისთვის, რომელთაც სულ არ აინტერესებთ პოლიტიკა. ეტყობა, რუსული კაგებეს კადრმა არ იცის, მოსახლეობის ეს ნაწილი, რომ ბედის ანაბარა იყო" - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ლაშა ხაგბა.
"ამ განცხადებაზე ეტყობა, რომ არძინბა უფრო მაღალ თანამდებობაზე დგას, ვიდრე ბჟანია-ანქვაბის გუნდი. თუ ასეთი საფრთხის შემცველია მათი პროექტები, რომელიც თურმე ქართველებთან დაახლოებას "გვაიძულებს", მაშინ რას აკეთებს შს სამინისტრო და სხვა შესაბამისი სამსახურები? რა იქნება მომდევნო ნაბიჯი, სამკურნალოდ არ გაგვიშვებენ? ჩემი ოჯახის წევრი დამყავს თბილისში სამ თვეში ერთხელ და რას მეუბნებიან, აღარ გაგიშვებთო? აკრძალვა კი არა, მზრუნველობა სჭირდებათ ადამიანებს. მე ველოდები იმ სამოქალაქო აქტივისტების პოზიციებს, რომელთაც ასევე საქართველოში დაჰყვათ სამკურნალოდ ოჯახის წევრები. არძინბას გარეშეც არსებობდა ეს ქვეყანა" - მიაჩნია ელა კვირაიას.
"კრემლს რაღაც ცუდი სუნი სცემს, თორემ არძინბა ასეთი კატეგორიული არ იქნებოდა" - წერს ირაკლი სუხუმსკი.
"აფხაზი "სუპერმენი" თავის წესებს გვკარნახობს, როგორც ეს "კაგებეში" სჩვევიათ" - წერს ირმა კაკუბავა.