"ეს შეხვედრა არის ჩვენი მცდელობის ნაწილი, განვმუხტოთ სიტუაცია და აღვკვეთოთ რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჟენევაში, რუსეთის საგარეო მდივან სერგეი ლავროვთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. მისივე თქმით, რუსეთს 2 არჩევანი აქვს, დიპლომატიის და აგრესიის, "ჩვენ ორივესთვის მზად ვართ“, - განაცხადა მან. როგორც ცნობილია, მას ჟენევაში ჩასვლამდე კონსულტაციები ჰქონდა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, ისევე როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აშშ -ის პოზიციაა ის, რომ მზად არიან დიალოგის გაგრძელებისთვის.
შეხვედრს დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე რუსულმა მხარემ გაიმეორა მოთხოვნა ნატო-ს გაფართოების შეჩერებასთან დაკავშირებით.
"რაც შეეხება ჩვენს პრინციპულ მიდგომას ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების აუცილებლობის შესახებ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გავიმეორეთ... ეს ბლოკი შეიქმნა სსრკ-ს წინააღმდეგ, ახლა კი მუშაობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ამით აიხსნება მოსკოვის პოზიცია, რომ აღმოსავლეთისკენ ნატო-ს გაფართოება არ უნდა მოხდეს.
სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს მიაჩნია, რომ უკრაინის საკითხი დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მთელი პრობლემის ამ საკითხამდე დაყვანა არ უნდა მოხდეს.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მომავალ კვირაში წარადგენს წერილობით პასუხებს "უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ რუსეთის წინადადებებზე.
ბლიკენმაც დაადასტურა, რომ აშშ დათანხმდა, გაუზიაროს რუსეთს თავისი შეშფოთება და იდეები უფრო დეტალურად წერილობითი ფორმით მომავალ კვირაში და დასძინა, რომ ლავროვი და ის შეთახმდნენ, გააგრძელონ დიპლომატიური პროცესი.
მისი შეფასებით, შეხვედრა არ წარმართულა კამათის რეჟიმში და იყო საქმიანი. "არ ველოდით, რომ დღეს რაღაც სერიოზული გარღვევები მოხდებოდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა უფრო მკაფიო გზას ვადგავართ ერთანეთის პოზიციების გაგების მხრივ.
"ჩვენ ხშირად გვესმის რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ ისინი უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, დღეს ეს სერგეი ლავროვმაც გაიმეორა, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ რაც ხილვადია, ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შეხვედრის შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, თუ რუსეთს სურს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს, მაშინ დეესკალაცია უნდა დაიწყოს.
"მე ლავროვს შევთავაზე, რაც ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია, რომ თუ მოსკოვს სურს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ უკრაინის მიმართ აგრესიული ზრახვები არ აქვს, მაშინ ამისთვის საუკეთესო იქნება თუ დეესკალაციას დაიწყებს, უკრაინის საზღვრებიდან სამხედროებს წაიყვანს და დიპლომატიურ დიალოგში ჩაერთვება, რასაც დღესაც ჰქონდა ადგილი და რის გაგრძელებასაც მომდევნო დღეებსა და კვირებშიც ვაპირებთ“, - განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა კვლავ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მოკავშირეთა მხრიდან იქნება ერთობლივი პასუხი.