ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობა" უპრინციპობით და შავრაზმულ იდეებთან კეკლუცით ივანიშვილს ეჯიბრება" - გიგა ბოკერია

"ნაციონალური მოძრაობა" უპრინციპობით და შავრაზმულ იდეებთან კეკლუცით ივანიშვილს ეჯიბრება" - გიგა ბოკერია

"პოპულიზმში გადავარდნენ, სასოწარკვეთამ და იმის ვერ ატანამ, რომ ძალაუფლება დაკარგული გაქვს და დევნილი ხარ, იცის ხოლმე სულმოკლე გადაწყვეტილებების მიღება - "ნაციონალური მოძრაობა“ არათანმიმდევრულობის მაგალითია" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ "ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, დღეს არსებულ პარლამენტში შესვლა ამომრჩევლის ნების დამორჩილება კი არა, მათი შეურაცხყოფაა.

"ვინც თვლის, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმურადაა არჩეული თავიდანვე უნდა შესულიყო პარლამენტში, მაგრამ მათგან, ვინც დღესაც თვლის, რომ ეს პარლამენტი არ გამოხატავს ხალხის ნებას, ამ პარლამენტში შესვლა ამომრჩევლის ნების დამორჩილება კი არა, ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. "ნაციონალური მოძრაობა“ მაგალითია არათანმიმდევრულობის. დღესაც რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. თუ არალეგიტიმურია, რატომ არიან იქ? თუ იტყვიან, მიშელის შეთანხმების გამო შევედითო, იმ შეთანხმებიდან ყველაფერი დარღვეულია. არსებობდა პარლამენტი, რომლის ლეგიტიმურობასაც არავინ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებდით - ვიძახდით, რომ 2016 წლის არჩევნები ცუდი არჩევნები იყო, თუმცა ლეგიტიმური პარლამენტი იყო, თავიდანვე ასე ჩაითვალა და როდესაც იმ პარლამენტში სარალიძის საქმეზე "ევროპული საქართველო“ კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, ეს ჩათვალეს ღალატად, ბიძინას "გაპრავებააო“. კამპანია აწარმოეს კომისიის ეფექტიანი სამუშაოს წინააღმდეგ.

ვის მეტი და ვის ნაკლები მანდატი აქვს, ეს საკითხი უპრინციპობას ხომ არ ამართლებს, ხომ არ აფერმკრთალებს?! ლეგიტიმურ პარლამენტში აბსოლუტურად რეალისტურ საქმეზე ოპოზიციური უმრავლესობით კომისიაში მონაწილეობის წინააღმდეგი იყავი და ოპოზიციაში შენს კონკურენტს ტალახს ესროდი სრულიად უსამართლოდ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ახლა კი შედიხარ პარლამენტში, რომელზეც კამპანიას აწარმოებდი, "პუფი" იქნება ყველა, ვინც იქ შევაო.

როდესაც იმ პარლამენტში შედიხარ, რომელიც ლეგიტიმური არ არის, საზოგადოებას უიმედობას და იმედგაცრუებას უღვივებ, რომ სიტყვას ფასი არა აქვს, დემოკრატიის სიმულაციაში იღებ მონაწილეობას. სიმულაცია და მოტყუება ხალხის და საკუთარი თავის, ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის მიზეზი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის დასამტკიცებლად სხვა ბერკეტი არ დარჩათ, ბოკერია ამბობს, რომ ესეც არათანმიმდევრულობის მაგალითია.

"ვის უნდა დაუმტკიცონ? მათ ვციტირებ - პუტინის მონა ხიხოს მის პარლამენტში, რომელიც არალეგიტიმურია? ეს ხომ არათანმიმდევრულობის მაგალითია. თან იძახდი აწ და მარადის აზრი არ აქვს არჩევნებს, სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნებაო - მელიას ვციტირებ, კი არ ვიგონებ. შეიძლება მე ვცდებოდე და ვიღაც მართალი იყოს, მაგრამ არ შეიძლება ურთიერთსაპირისპირო რაღაცებს ამბობდე ორი დღის განსხვავებით და ორივეჯერ მართალი იყო. რადგან "ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ლიდერია, ამაზე უნდა ვისაუბროთ. მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ. ოპოზიციის შიგნით აჯობეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ოღონდ ეს ქვეყნისთვის საზიანოა. ეს ხალხი არათანმიმდევრულობით და უპრინციპობით შავრაზმულ იდეებთან კეკლუცით, ეჯიბრება ივანიშვილს, ამას შედეგი არ მოაქვს არც ივანიშვილის დამარცხების, ან ქვეყნის წინ წაყვანის საქმეში“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.