გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კაია ახიმ შიონბახი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პოზიცია ადმირალმა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი განცხადება პუტინთან, ყირიმთან და ანექსირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გავრცელდა.
"მე ვთხოვე თავდაცვის მინისტრს ქრისტინე ლამბრეხტს, გავეთავისუფლებინე ჩემი მოვალეობებისგან დაუყოვნებლივ“, - თქვა ვიცე-ადმირალმა კაია ახიმ შიონბახმა განცხადებაში და დასძინა, რომ მინისტრმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ინდოეთში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე კაია ახიმ შიონბახმა აღნიშნა, რომ პუტინი პატივისცემას იმსახურებს.
"ადვილია ის პატივისცემა მივცეთ, რომელსაც ითხოვს და რომელსაც, სავარაუდოდ, მართლაც იმსახურებს“, - აღნიშნა სარდალმა და დასძინა, რომ რუსეთი ძველი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
მისი თქმით, უკრაინა NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, რადგან მისი ტერიტორიები ანექსირებულია, საქართველო კი აკმაყოფილებს ალიანსში წევრობის მოთხოვნებს, თუმცა ეს მიზანშეწონილი არ იქნება.
გერმანიის მთავრობამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ისინი საზღვაო ძალების ვიცე-ადმირალის განცხადებას არ ეთანხმებიან. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კაია ახიმის მიერ გაკეთებული განცხადება თავდაცვის სამინისტროს პოზიციას არ გამოხატავს.