საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, სავარაუდოდ, პოლიციელის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შს სამინისტროში განუცხადეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროა გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის ირგვლივ სამსახურეობრივი შემოწმება უკვე დაიწყო. მოხდება შესაბამისი რეაგირება",- განაცხადეს შს სამინისტროში.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც მისი მტკიცებით, ზუგდიდშია გადაღებული და ასახავს ქალის მიმართ პოლიციელის მიერ ძალადობის ფაქტს.
"დღეს არის გადაღებული, დაახლოებით 16:00 საათზე, ზუგდიდში მდინარე ჩხოუშიას სანაპიროზე. ზუსტად ვიცი, რომ არის პოლიციის თანამშრომელი. სხვა დეტალები არ ვიცი, იმიტომ რომ ვინც ეს ვიდეო მომაწოდა, არის ძალიან შეშინებული. როცა დაწყნარდება, ვაპირებ, რომ გავესაუბრო და ერთად მივიდეთ პოლიციის სამმართველოში",- განაცხადა მარიამ სიჭინავამ.