გამოწვევებით დაწყებული 2021 წელი, ბუნდოვანი პროგნოზები და რთული პანდემიური მდგომარეობის ფონზე განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტი - „პალიტრა L” განვლილ წელს აჯამებს.
2021 წელს გამომცემლობამ ჩაატარა ორი კონკურსი, საიდანაც ერთ-ერთი „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“, როგორც ავტორებისთვის, ისე მკითხველისთვის სიახლე იყო. გამარჯვებულები უკვე დასახელდა და სულ მალე მათ წიგნებს მაღაზიების თაროებზე იხილავთ.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს იმავე ფორმატის კონკურსი ზრდასრული მკითხველისთვის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022“, რომლის გამარჯვებულთა ვინაობაც 1 თებერვალს გახდება ცნობილი. კონკურსი წლებია ხელს უწყობს ნიჭიერი ავტორების აღმოჩენასა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. როგორც წესი, მათი წიგნები ტოპ ბესტსელერებად იქცევა ხოლმე და მკითხველი მათ მიმართ ინტერესს დიდი ხნის განმავლობაში ავლენს.
გარდა წარმატებული კონკურსებისა, „პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემულმა წიგნებმა განსაკუთრებული აღიარება მოიპოვეს და პრემიებით დაჯილდოვდნენ. უფრო კონკრეტულად კი
ვასო გულეურის საბავშვო ლექსების კრებულმა „ნეტავ, მალე გავიზრდები?!“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის" 2021 წლის პრემია მიიღო ნომინაციაში „საუკეთესო პოეტური წიგნი“, ხოლო მარიამ ხუცურაულის „მარილი გემოვნებით” გახდა „საბას“ გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა".
ასევე, თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ნათია ჯანაშიას „გამოიცნონ პატარებმა“. ნამუშევარმა წლის საუკეთესო პოეტური წიგნის ნომინაციაში მიაღწია წარმატებას.
გარდა ამისა, „წლის ბესტსელერი“ 2021-ის ნომინაციაში: „ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნი“, გაიმარჯვა დეტექტივების დედოფლის აგატა კრისტის „ვილა ჩალისფერმა ცხენმა“, რომელმაც გამოსვლის დღიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. ხოლო ნომინაციაში „ქართველი ავტორის საბავშვო წიგნი“ გაიმარჯვა გურამ პეტრიაშვილის ნამუშევარმა „შევიფაროთ ვარსკვლავი“.
„პალიტრა L“ მუდმივად ზრუნავს ავტორების პოპულარიზაციაზე და მათს წარმატებას საკუთარ წარმატებადაც მიიჩნევს:
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ავტორების წარმატება, მათი აღიარება და მუდმივად ვზრუნავთ ამაზე. გვიხარია, რომ ჩვენი ხელშეწყობით უკვე არაერთი თანამედროვე ავტორის წიგნი იქცა ბესტსელერად და მკითხველის საყვარელ ნაწარმოებად,“ - აღნიშნეს გამომცემლობაში.
აქვე გაგაცნობთ 2021 წელს გამოცემულ ტოპ 10 წიგნს, როგორც ბიზნეს, ისე მხატვრული თუ საბავშვო ლიტერატურიდან, რომელიც „პალიტრა L-მა“ გამოსცა:
პატარა პრინცი - ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაციებით - ეს უკვდავი ნაწარმოები კიდევ უფრო შთამბეჭდავია საოცარი ილუსტრაციებით, რომელიც ნებისმიერი ასაკის მკითხველში ზღვა ემოციას აღძრავს.
ფიოდორ დოსტოევსკი - „დანაშაული და სასჯელი“ - კლასიკოსი მწერლის ეს საკოლექციო გამოცემა 2021 წლის ერთ-ერთ ბესტსელერად იქცა. რომანი პირველად 1866 წელს დაიბეჭდა და მას შემდეგ მის შესახებ მსოფლიო ისევ მსჯელობს. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულის და მისი ზნეობრივი შედეგებისა და ის ყველას ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული.
უოლტერ ტევისი - „ლაზიერის გამბიტი“ - ჩვენს ქვეყანაში წიგნის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა Netflix-ის ამავე სახელწოდების მინი სერიალის გამოსვლის შემდეგ. ნაწარმოები მოგვითხრობს ვუნდერკინდი გოგონას ცხოვრების გზას თავშესაფრიდან დიდ საჭადრაკო დარბაზებში, მის აღიარებასა და მის სირთულეებს.
ჯორჯ რ.რ. მარტინი - „ცეცხლი და სისხლი“ - ფენტეზის და კონკრეტულად მარტინის შემოქმედების მოყვარულები „პალიტრა L”-მა კიდევ ერთხელ გაანებივრა და მისი კიდევ ერთი რომანი თარგმნა ქართულ ენაზე. წიგნი ტარგარიენთა გავლენიანი საგვარეულოს აღზევების შესახებ გვიამბობს, რაც ცეცხლისმფრქვეველი დრაკონებით იყო განპირობებული. მკითხველი შეიტყობს, როგორ ვითარდება მათი ისტორია და როგორ მიიწევენ რკინის ტახტისკენ, რა დაბრკოლებები ხვდებათ გზაზე და როგორ ლახავენ მათ.
დევიდ უოლიამსი - „ბანდიტი ბებია“ – Liber kids-ის სერიის ეს წიგნი პატარა მკითხველს 11 წლის ლონდონელი ბიჭის სევდიან ისტორიას უამბობს, რომელიც სავსეა მოულოდნელობებით, აღმოჩენებითა და სიყვარულით. ბებიისა და შვილიშვილის თავგადასავალი მკითხველისთვის დაუვიწყარი იქნება.
დენიელ ჯონსი „თანამედროვე სიყვარული“ - წიგნი „პალიტრა L”-ის წლის ბესტსელერი გახდა. დიდი სიყვარულით და ბევრი დაბრკოლებით აღსავსე ეს წიგნი სხვადასხვა ემოციას მოგგვრით, პერსონაჟების განცდებსა და სირთულეებს საკუთარ თავზე გამოცდით და განსაკუთრებით ემოციური და მოულოდნელი იქნება მისი დასასრული.
ჯორდან პეტერსონი „ცხოვრების 12 წესი“ - ავტორი კანადელი კლასიკური ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის პროფესორია ტორონტოს უნივერსიტეტში. მისმა წიგნებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა მკითხველის ცხოვრების წესზე, სხვადასხვა ქცევა, გადაწყვეტილება განსხვავებული მხრიდან დაანახა, რის გამოც პეტერსონი ერთ-ერთ აღიარებულ ფსიქოლოგად და ავტორად მიიჩნევა. „ცხოვრების 12 წესი“ მისი კიდევ ერთი ბესტსელერია, რომელიც ქართველი ბიზნეს ლიტერატურის მოყვარულთათვისაც არ დარჩა უყურადღებოდ. წიგნი მოგვითხრობს ცხოვრების თანამედროვე გაგებაზე და გვაძლევს რეკომენდაციებს, როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებით.
ჰაიმ ჯ. ჯინოტი - „მშობელსა და შვილს შორის“ – „პალიტრა L”-ის ეს ახალი ბესტსელერი დაგეხმარებათ, შვილებთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ. ის გვასწავლის, როგორ ავაწყოთ ურთიერთობა და დავამყაროთ დისციპლინა მუქარის, მოსყიდვის, დაცინვისა და დასჯის გარეშე. ეს ერთგვარი სახელმძღვანელოა მშობლისთვის, რომელიც უკვე მილიონობით ადამიანს დაეხმარა.
მარიამ გურგენიშვილი - „მარგალიტები“ - ეს რომანი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, რომელმაც მკითხველის აღიარება გამოსვლიდან მალევე დაიმსახურა. წიგნი მოგვითხრობს 15 წლის მარგოს შესახებ, რომელიც სვანეთისუბანში ცხოვრობს და ანანასებზე ოცნებობს. მარგო ამჩნევს იმასაც, რასაც სხვები ვერ ხედავენ, მისი ცხოვრება კი წვრილმანი სასწაულებითაა სავსე. ეს სევდიანი და საინტერესო ამბავი კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ იმ სიცოცხლით სავსე გოგონების ცხოვრებაზე, რომლებიც ნაცრისფერ, მოჟამულ სამყაროში გადარჩენას ცდილობენ.
თინათინ ბერიძე - „მოპარული სიყვარული“ - თინათინ ბერიძე „პალიტრა L”-ის კონკურსის -„გახდი ბესტსელერის ავტორი“ ერთ-ერთი გამარჯვებულია. მისი რომანი მკითხველის რჩეული გახდა. გამოსვლის დღიდან წიგნი არ კარგავს აქტუალობას და ის 2021 წლის ბესტსელერებს შორისაც მოხვდა. „მოპარულ სიყვარულში“ შემთხვევითობა სრულად ცვლის ორი მგრძნობიარე ახალგაზრდის ცხოვრებას. წიგნში აღწერილია პატარა, მყუდრო კაფეში განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი და მის გარშემო მომხდარი დრამატული მოვლენები.
ახალ 2022 წელს „პალიტრა L” კიდევ უფრო მეტ საინტერესო პროექტსა და წიგნს გვპირდება. გამომცემლობამ 2005 წლიდან დღემდე უკვე ბევრ ჩვენგანს შესაძლებლობა მისცა, მსოფლიოს ლიტერატურის ტრენდებს ფეხდაფეხ მიჰყოლოდა და ამ პროცესს ახლაც აგრძელებს.
R